სასტარტო შეხვედრების შესახებ უკვე გაუწყეთ. მეორე ტურში ჩვენი ქვეყნის პირველი ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდა და ტურნირის გამარჯვებულის ვინაობაც, ფაქტობრივად, აქ გამოვლინდა.
საქართველო (1) - ბელარუსი 15:10 (3:2, 4:3, 3:2, 5:3)
საქართველო (1): ჭუმბურიძე, ყაზახიშვილი (3), ცრეპულია (2), იმნაიშვილი, ლაითაძე (1), ბითაძე (1), ხვედელიანი (1), იელაჩა (3), ქენქაძე, ელეზი (2), ნიკოლეიშვილი, ფრანიჩევიჩი (2), კაპანაძე. მთავარი მწვრთნელი დავითიანი.
ბელარუსი: არხიპაუ, ფედარუკი,
ზვიად დავითიანის განკარგულებაში 19 წყალბურთელი იყო. ბელარუსებთან მატჩშიც, რომელიც, ფაქტობრივად, პირველობისთვის გადამწყვეტი პაექრობა იყო, გამოცდილებთან ერთად სამი ახალბედა გამოიყვანა: 17 წლის ალექსანდრე ყაზახიშვილი, რომელიც ამ შეხვედრაში 3 გოლით გამოირჩა, ცნობილი წყალბურთელის ალექსანდრე ბითაძის 15 წლის ვაჟი ანდრია ბითაძე და საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი წევრის - რევაზ ოჩიგავას შვილიშვილი რევაზ იმნაიშვილი (15 წელი 9 აგვისტოს შეუსრულდება).
ყველაზე საგულისხმო და მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იმნაიშვილს ამ ტურნირზე ეროვნული ნაკრების კაპიტნობა ანდო.
- ორი წელიწადია, ახალგაზრდულ ნაკრებში რეზოს ვაკვირდები. ზრდილი, მონდომებული და ნიჭიერი სპორტსმენია, ლიდერის თვისებებით გამოირჩევა. ამიტომაც ვანდე კაპიტნობა.
მესმის, რომ ქართული სინამდვილისთვის უჩვეულოა, მაგრამ მჯერა, დიდი გუნდის დიდ კაპიტნად გაიზრდება. ნიჭიერი ახალგაზრდები მოდიან. სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში ისინი დიდ სარბიელზე თავიანთ სათქმელს იტყვიან.
ამჯერად ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ სამ მათგანს ვუხმე, რადგან მეტი ადგილი არ რჩებოდა. სხვებიც მალე მოვლენ, ცოტა დროა საჭირო, - მითხრა ზვიად დავითიანმა.
- ნატურალიზებულ წყალბურთელებზე რას იტყვით?
- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროპის საკლუბო გუნდებმა, ფაქტობრივად, ერთი თვის წინათ დაასრულეს შეჯიბრებები და ამ ბიჭებს ამ ხნის განმავლობაში არ უვარჯიშიათ, აუგს ნამდვილად ვერ ვიტყვი.
საბოლოოდ არ იყო გადაწყვეტილი, თბილისის საერთაშორისო ტურნირს ჩავატარებდით თუ არა. ამიტომაც იელაჩა, ელეზი, ფრანიჩევიჩი და ცრეპულია დაძაბული სეზონის შემდეგ ისვენებდნენ. ჩვენი ნაკრებისთვის ოთხივე წყალბურთელი დიდი ძალაა. მათ გვერდით მომავალი თაობა გაიზრდება. ასე რომ, ამ ეტაპზე ნაკრების თამაშით კმაყოფილი ვარ...
ახლა კი ბელარუსთან თამაშს დავუბრუნდეთ. ანგარიში მე-2 წუთზე სტუმრებმა (ჩაბრაშანი) გახსნეს, თუმცა მალევე ცრეპულიამ წონასწორობა აღადგინა.
ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და საფინალო სირენამდე ხელიდან არ გაუშვიათ. ბოლო პერიოდში დავითიანმა ახალგაზრდებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. როგორც ვთქვით, ყაზახიშვილმა 3 გოლი გაიტანა, ერთხელ ბითაძემაც იყოჩაღა.
პოლონეთი - საქართველო (2) 10:13 (2:2, 3:3, 1:3, 4:5)
პოლონეთი: ულჩურსკი, ბაკულო (4), ლავნიჩაკი, ლუჩაკი (4), პიატეკი, მიშალსკი, ბარი, სეკულა (2), ვალკოვიაკი, ლესჩეკი, ტუროვსკი. მთავარი მწვრთნელი სერვინი.
საქართველო (2): შუბლაძე, ჩიქვინიძე (3), ხარჩილაძე (1), ჯახაია (2), ცანკაშვილი (2), გიორგაძე (1), ქართველიშვილი, კაკულია (1), ურუშაძე (1), სულაძე, გეგელაშვილი (2), ჩიკვაიძე, ფავლენიშვილი. მთავარი მწვრთნელი ჩომახიძე.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებით დაკომპლექტებული ჩვენი მეორე გუნდი პირველ პერიოდში ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ პოლონელებმა მალევე აღადგინეს წონასწორობა. მე-2 რვაწუთიან მონაკვეთშიც თანაბარი ორთაბრძოლა იყო, მესამეში კი მასპინძლებმა შეძლეს შეხვედრაში გარდატეხის შეტანა და სამი ბურთის სხვაობით დაწინაურდნენ. საბოლოოდ გამარჯვებაც მათ დარჩათ - 13:10.
საქართველო (1) - პოლონეთი 9:6 (2:1, 1:0, 3:2, 3:3)
საქართველო (1): ნამორაძე, ყაზახიშვილი, ცრეპულია (1), იმნაიშვილი, ლაითაძე (1), ბითაძე, ხვედელიანი (2), იელაჩა (1), რუსიშვილი, ელეზი (1), ნიკოლეიშვილი, ფრანიჩევიჩი (3), კაპანაძე. მთავარი მწვრთნელი დავითიანი.
პოლონეთი: ულჩურსკი, ბაკულო (3), ლავნიჩაკი, ლუჩაკი, პიატეკი (1), მიშალსკი, ბარი (1), სეკულა, ვალკოვიაკი, ლესჩეკი (1), ტუროვსკი, მთავარი მწვრთნელი სერვინი.
საქართველოს პირველ ნაკრებს ტურნირის აუტსაიდერის დასამარცხებლად დიდი ჯაფა არ დასდგომია.
პირველი პერიოდიდანვე, რაც გოლი გაიტანეს, ხელთ ეპყრათ მატჩის სადავეები. ამ პაექრობაში ახალბედებს თამაშის მეტი საშუალებაც მიეცათ. ეროვნულმა გუნდმა მესამე გამარჯვებაც მოიპოვა და მთავარი პრიზიც შეინარჩუნა.
ბელარუსი - საქართველო (2) 12:6 (2:4, 1:2, 4:0, 5:0)
ბელარუსი: არხიპაუ, ფედარუკი, კარაცევიჩი, ხარლაპი (4), მანუჯი (1), მიჰუტსკი (1), ივანოვი, შალამიტსკი, ბიჩკოვი (4), ჩუპრინა (1), ჩაბაშანი, ციპლიაცინი (1), ვანკევიჩი. მთავარი მწვრთნელი ფრალოვი.
საქართველო: შუბლაძე, ჩიქვინიძე (2), ქარჩილაძე (1), ჯახაია, ცანკაშვილი, გიორგაძე, ქართველიშვილი, კაკულია, ურუშაძე (1), სულაძე, გეგელაშვილი (1), ჩიკვაიძე (1), ფავლენიშვილი. მთავარი მწვრთნელი ჩომახიძე.
ამ შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა მეორე-მესამე ადგილების ბედი, რადგან ორივე გუნდს 3-3 ქულა ჰქონდა.
მასპინძლებმა აგრესიულად დაიწყეს ორთაბრძოლა და მე-4 წუთზე უკვე 2:0 იგებდნენ. სტუმრებმა ერთ წუთში შეძლეს თანაფარდობის აღდგენა - 2:2, თუმცა პერიოდის ბოლომდე ჩომახიძის შეგირდები ისევ ორი ბურთის სხვაობით დაწინაურდნენ.
მე-2 რვაწუთიანი მონაკვეთიც ჩვენებმა მოიგეს. აი, შესვენების შემდეგ კი სტუმრებს ნამდვილად ვერ იცნობდით: 16 წუთის განმავლობაში მათ ჩვენს კარში 9 უპასუხო გოლი გაიტანეს და 12:6 გაიმარჯვეს, მოაგროვეს 6 ქულა და მე-2 ადგილიც დაიკავეს. 3 ქულით მესამეზე საქართველოს მე-2 ნაკრები გავიდა. ბოლო ადგილი პოლონელებს ერგოთ, რომლებმაც სამივე პაექრობა დათმეს.
მესამედაც - მასპინძლებს! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"