ლიგამუსი-თბილისი ასა-თი იწყებს

AutoSharing Option
ქართული წყალბურთის ისტორიაში პირველად თბილისი ევროპის საკლუბო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს უმასპინძლებს. ოთხი დღის განმავლობაში სასწავლო-საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" ევროტურნირის დებიუტანტ "ლიგამუს-თბილისთან" ერთად სახელოვანი კლუბები _ იტალიის "პოსილიპო", უნგრეთის "ჰონვედი", საფრანგეთის "ოლიმპიკი", ასევე, ისრაელის ასა და თურქეთის ენკა იასპარეზებენ. დღეს 15.30 საათზე "ჰონვედი" და "ოლიმპიკი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, 17.00 საათზე "პოსილიპო" და ენკა მოსინჯავენ ძალებს, 18.30 საათიდან კი მასპინძლები თავის პირველ საერთაშორისო მატჩს ითამაშებენ თელ ავივის ასა-სთან. "ლიგამუსი-თბილისი" ასეთი შემადგენლობით ისპარეზებს: ზურაბ ჭუმბურიძე, ბექა ქენქაძე, გურამ კოტარია, იოვან პოპოვიჩი, მარკო კორდიჩი, გიორგი ხვედელიანი,
რევაზ ჩომახიძე, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა, კოტე გეგელაშვილი, ტარიელ ნიკოლეიშვილი, ბექა ქავთარაძე და იოვან სტრუიჩი, მთავარი მწვრთნელი _ ზვიად დავითიანი.

გუშინ ვარჯიშის შემდეგ ზვიად დავითიანსა და რევაზ ჩომახიძეს ვესაუბრე.

დავითიანი: _ ტურნირისთვის ნორმალურად მოვემზადეთ. "ოლიმპიკში" ორჯერადი ვარჯიშები გვქონდა. გუნდის ყველა წევრი თავს კარგად გრძნობს და საბრძოლველად მზად არის. აუცილებლად უნდა მოვხვდეთ ოთხ საუკეთესოში, რაც საკლუბო ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გასვლის საშუალებას მოგვცემს. თუმცა ჩვენთვის უმთავრესი მაინც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრებისთვის მზადებაა. 30 ოქტომბერს ხომ თბილისში 2012 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელს - დიდი ბრიტანეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით.

ჩომახიძე: _ აქტიურ სპორტს შარშან სექტემბერში დავანებე თავი და მთლიანად მწვრთნელობაზე გადავერთე, მაგრამ ახლა საქმემ მოითხოვა და ისევ აუზს დავუბრუნდი. ორი კვირაა, ინტენსიურად ვვარჯიშობ, ნელ-ნელა შევდივარ სპორტულ ფორმაში. ვეცდები, მაქსიმალურად დავეხმარო როგორც "ლიგამუსი-თბილისს", ასევე, ეროვნულ ნაკრებს.

რაც შეეხება ლენტროფს, საინტერესო შეჯიბრებაა. უწინ სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში არაერთხელ მითამაშია ამ ტურნირზე. შევხვედრივარ "პოსილიპოს", "ჰონვედს", "ოლიმპიკს", ძალიან ძლიერი გუნდებია, სახელოვანი წყალბურთელებით დაკომპლექტებული. მაგალითად, "პოსილიპო" ევროლიგის სამგზის გამარჯვებულია, ლენტროფისა და სუპერთასის ხუთგზის მფლობელი. ტიტულები არც სხვებს აკლიათ. მომდევნო ეტაპის პირველი სამი საგზურის მოპოვების რეალური კანდიდატები სწორედ ისინი არიან. მეოთხე საგზურისთვის თურქეთისა და ისრაელის გუნდებთან მოგვიწევს დიდი ბრძოლა და ვფიქრობ, გადაუჭრელი ამოცანის წინაშე არ უნდა ვიდგეთ. ყველაფერს ვიღონებთ ქომაგების გასახარებლად.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული