ლიგამუსი-თბილისი-ვულიაგმენი 5:15 - ევროპამდე შორია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის A ჯგუფში საბერძნეთის ოთხგზის ჩემპიონი და სამგზის თასის მფლობელი, 1997 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული "ვულიაგმენი" კარგა ხანია, ევროპის საკლუბო გუნდებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა.

მის შემადგენლობაში ეროვნული ნაკრების წევრთა თითქმის 80 პროცენტამდეა თავმოყრილი. ბერძენ წყალბურთელთა ძალა კი ჩვენმა ნაკრებმა ორიოდე წლის წინათ გამოსცადა.

ასე რომ, 28 ნოემბრის მატჩში აშკარა ფავორიტად სტუმრებს მიიჩნევდნენ. თუმცა პირველი შედეგიანი შეტევა საქართველოს სამგზის ჩემპიონმა განახორციელა - "ლიგამუსი-თბილისის" იერიში გეგელაშვილმა გოლით დააგვირგვინა - 1:0.

ბერძნებს წონასწორობის აღსადგენად ცამეტიოდე წამი ეყოთ.
ამის შემდეგ სრულ უპირატესობას "ვულიაგმენი" დაეუფლა, თუმცა პირველ მეოთხედში "ლიგამუსმა" კიდევ ერთი ბურთის გატანა (ურუშაძე) შეძლო და რვაწუთიანი მონაკვეთი 2:3 დათმო.

მომდევნო სამ მეოთხედში რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა სტუმრების შეჩერება ვერ შეძლეს: შესვენებამდე ელადელებმა სამი "მშრალი" გოლი მიითვალეს.

მეორე ტაიმში ჩვენს ბიჭებს ცდა არ დაუკლიათ, ცალკანისს სამჯერ ბურთიც გამოატანინეს საკუთარი კარიდან, მაგრამ ყველაფერი ეს ზღვაში წვეთი იყო, რადგან ძალას, ოსტატობას და გამოცდილებას უკვალოდ არ ჩაუვლია: საბერძნეთის ჩემპიონმა მეხუთე გამარჯვება იზეიმა - 15:5, "ლიგამუსი" კი მეოთხედ დამარცხდა და გათამაშების ცხრილის ფსკერს ვერ ასცდა.

28 ნოემბერს A ჯგუფში ვოლგოგრადის "სპარტაკმა" შინ გერმანიის "ვასპო-98"-ს სძლია 12:4, უნგრეთის "ეგერმა" ჰოლანდიის "შუურმანს" აჯობა - 13:4.

ხუთი ტურის შემდეგ ჯგუფში ასეთი სიტუაციაა: "ვულიაგმენი" - 15 (67:27), "სპარტაკი" - 12 (57:35), "ეგერი" - 6 (44:30), "შუურმანი" - 6 (32:54), "ვასპო-98" - 3 (25:57), "ლიგამუსი" - 0 ქულა (25:50).

ქართველი წყალბურთელები მომდევნო მატჩს "ვულიაგმენთან" 19 დეკემბერს საბერძნეთში გამართავენ. ამავე დღეს ითამაშებენ: "შუურმანი"-"ეგერი", "ვასპო-98"-"სპარტაკი".

ჩემპიონთა ლიგა. შესარჩევი ტურნირი. თბილისი. "ოლიმპიკის" აუზი. 28 ოქტომბერი
ლიგამუსი-თბილისი (საქართველო) - ვულიაგმენი (საბერძნეთი) 5:15
(2:3, 0:3, 1:5, 2:4)
ლიგამუსი-თბილისი: ჭუმბურიძე, ქენქაძე, ჩიქვინიძე, ლაითაძე, ურუშაძე (1), ხვედელიანი, ბაღათურია, რურუა (1), გეგელაშვილი (2), ნიკოლეიშვილი (1), ქავთარაძე, კაპანაძე. მთავარი მწვრთნელი ჩომახიძე
ვულიაგმენი: ცალკანისი, მილოვაკისი, ნაციდაკისი, კომადინა (1), ფლმისიანი (1), ველონაისი (1), აფკუდაკისი (3), კარუნიზოსი (1), ვლაჩოპულოსი (1), მოუნასი (4), ტიკასი (1), ვულგაკაკისი (2), პროტონოტარიოსი. მთავარი მწვრთნელი ლორანტოსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული