მის შემადგენლობაში ეროვნული ნაკრების წევრთა თითქმის 80 პროცენტამდეა თავმოყრილი. ბერძენ წყალბურთელთა ძალა კი ჩვენმა ნაკრებმა ორიოდე წლის წინათ გამოსცადა.
ასე რომ, 28 ნოემბრის მატჩში აშკარა ფავორიტად სტუმრებს მიიჩნევდნენ. თუმცა პირველი შედეგიანი შეტევა საქართველოს სამგზის ჩემპიონმა განახორციელა - "ლიგამუსი-თბილისის" იერიში გეგელაშვილმა გოლით დააგვირგვინა - 1:0.
ბერძნებს წონასწორობის აღსადგენად ცამეტიოდე წამი ეყოთ.
მომდევნო სამ მეოთხედში რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა სტუმრების შეჩერება ვერ შეძლეს: შესვენებამდე ელადელებმა სამი "მშრალი" გოლი მიითვალეს.
მეორე ტაიმში ჩვენს ბიჭებს ცდა არ დაუკლიათ, ცალკანისს სამჯერ ბურთიც გამოატანინეს საკუთარი კარიდან, მაგრამ ყველაფერი ეს ზღვაში წვეთი იყო, რადგან ძალას, ოსტატობას და გამოცდილებას უკვალოდ არ ჩაუვლია: საბერძნეთის ჩემპიონმა მეხუთე გამარჯვება იზეიმა - 15:5, "ლიგამუსი" კი მეოთხედ დამარცხდა და გათამაშების ცხრილის ფსკერს ვერ ასცდა.
28 ნოემბერს A ჯგუფში ვოლგოგრადის "სპარტაკმა" შინ გერმანიის "ვასპო-98"-ს სძლია 12:4, უნგრეთის "ეგერმა" ჰოლანდიის "შუურმანს" აჯობა - 13:4.
ხუთი ტურის შემდეგ ჯგუფში ასეთი სიტუაციაა: "ვულიაგმენი" - 15 (67:27), "სპარტაკი" - 12 (57:35), "ეგერი" - 6 (44:30), "შუურმანი" - 6 (32:54), "ვასპო-98" - 3 (25:57), "ლიგამუსი" - 0 ქულა (25:50).
ქართველი წყალბურთელები მომდევნო მატჩს "ვულიაგმენთან" 19 დეკემბერს საბერძნეთში გამართავენ. ამავე დღეს ითამაშებენ: "შუურმანი"-"ეგერი", "ვასპო-98"-"სპარტაკი".
ჩემპიონთა ლიგა. შესარჩევი ტურნირი. თბილისი. "ოლიმპიკის" აუზი. 28 ოქტომბერი
ლიგამუსი-თბილისი (საქართველო) - ვულიაგმენი (საბერძნეთი) 5:15
(2:3, 0:3, 1:5, 2:4)
ლიგამუსი-თბილისი: ჭუმბურიძე, ქენქაძე, ჩიქვინიძე, ლაითაძე, ურუშაძე (1), ხვედელიანი, ბაღათურია, რურუა (1), გეგელაშვილი (2), ნიკოლეიშვილი (1), ქავთარაძე, კაპანაძე. მთავარი მწვრთნელი ჩომახიძე
ვულიაგმენი: ცალკანისი, მილოვაკისი, ნაციდაკისი, კომადინა (1), ფლმისიანი (1), ველონაისი (1), აფკუდაკისი (3), კარუნიზოსი (1), ვლაჩოპულოსი (1), მოუნასი (4), ტიკასი (1), ვულგაკაკისი (2), პროტონოტარიოსი. მთავარი მწვრთნელი ლორანტოსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"