ევროტურნირის დებიუტანტმა 7 ორთაბრძოლა დათმო და მხოლოდ ერთ პაექრობაში მიაღწია ფრეს - გერმანიის "ვასპო-98"-თან შინ.
ამ კინკილა ქულით ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ორი ტურის წინ დაკარგა.
წლეულს საწყლოსნო სახეობათა ეროვნულ ფედერაციაში მომხდარმა ცვლილებებმა წყალბურთზეც მოახდინა ზემოქმედება.
ნაკრების მთავარ მწვრთნელად სახელოვანი ქართველი წყალბურთელი ვლადიმერ ისელიძე დაინიშნა.
რადგანაც "ლიგამუსი" ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდს წარმოადგენს, აქაც მოხდა მწვრთნელთა როტაცია და 6 თებერვალს საქართველოს სამგზის ჩემპიონებს ჰოლანდიელთა
"ლიგამუსი" და "შუურმანი" 6 თებერვალს რადიკალურად განსხვავებული მიზნებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჩემპიონთა ლიგაზე უმოტივაციო მასპინძლებს მხოლოდ ჰოლანდიაში განცდილი მარცხისთვის რევანშის სურვილი ამოძრავებდათ. სტუმრებს ფრეც ჰყოფნიდათ ევროტურნირის მერვედფინალში გასასვლელად.
მატჩი მათი იერიშებით დაიწყო და მეორე წუთზე რობ გოტემაკერმა (6 თებერვალს აუზში ორი გოტემაკერი იყო: ძმები ლარსი და რობი; ასევე ორი ძმა ლუკასი - მატიასი და ტომასი) ანგარიში გახსნა, თუმცა მალევე გეგელაშვილმა წონასწორობა აღადგინა.
მეოთხედის მიწურულს ბაღათურიამ მასპინძლები დააწინაურა - 2:1. მეორე რვაწუთიანის დასაწყისშივე გეგელაშვილმა სამამდე გაზარდა ანგარიში, თუმცა ლიგამუსელებმა ამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს - შესვენებამდე ორი უპასუხო გოლი მიიღეს - 3:3.
ერთ-ერთი მატჩის მიმოხილვისას აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სამგზის ჩემპიონები ხშირად უხეშ შეცდომებს უშვებენ და მეტოქეს რიცხობრივი უპირატესობის შანსს აძლევენ, რაც, ალბათ, საერთაშორისო სარბიელზე გამოუცდელობითა და დაბალი ოსტატობითაც არის განპირობებული.
ჩვენი წყალბურთელები 12-ჯერ გააძევეს აუზიდან, როცა სტუმრები მხოლოდ შვიდჯერ დასაჯეს არბიტრებმა.
თანაც, ჰოლანდიელებმა მეტწილად მაშინ გაგვიტანეს გოლები, როცა რიცხობრივ უმცირესობაში ვიყავით.
მატჩის მესამე პერიოდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ - 3:3 დამთავრდა.
ყველაფერი მე-4 რვაწუთიან მონაკვეთში უნდა გადაწყვეტილიყო. საფინალო სასტვენამდე ოთხი წუთით ადრე, როცა ჰოლანდიელები ერთი ბურთით იგებდნენ შეხვედრას, მსაჯებმა უხეშობისთვის რურუა შეცვლის უფლების გარეშე გააძევეს და კაცნაკლული "ლიგამუსი" "შუურმანს" ვერ გაუმკლავდა - პაექრობა სამი ბურთით დათმო - 7:10.
ამ გამარჯვებით სტუმრებმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს, რადგან 9 ქულა აქვთ და ბოლო ტურში ოთხქულიან ჰანოვერელებთან დაპირისპირებამ აზრი დაკარგა.
"ოლიმპიკის" აუზი. 6 თებერვალი.
ჩემპიონთა ლიგის მე-8 ტურის მატჩი
ლიგამუსი-თბილისი-შუურმანი 7:10
2:1, 1:2, 3:3, 1:4
"ლიგამუსი": ჭუმბურიძე, ქენქაძე (1), ჩიქვინიძე, რუსიშვილი (1), ლაითაძე, ურუშაძე (1), ხვედელიანი (1), ბაღათურია (1), რურუა, გეგელაშვილი (2), ქართველიშვილი, ქავთარაძე, კაპანაძე. მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ისელიძე, მწვრთნელი იოვან პოპოვიჩი.
"შუურმანი": ბესკერსი, ფრაუნფელდერი (2), ფრიკი (3), რეუტენი, ლ. გოტემაკერი (3), რ. გოტემაკერი (1), ბერენდსენი, თ. ლუკასი, ვან დერ ლაანი, მ. ლუკასი (1), როოლვინკი. მთავარი მწვრთნელი ზენო რეუტენი, მწვრთნელი როელ სტევენსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"