კატარომ კორდიჩზე შური იძია

AutoSharing Option
ევროპელ წყალბურთელთა ლენ ტროფის გათამაშების მეორე რაუნდში 32-მა კლუბმა მოიყარა თავი. მათ შორის იყო ილის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მერიის გუნდი "ლიგამუსი-თბილისი", რომელიც წილისყრით E ჯგუფში მოხვდა კოტორში (ჩერნოგორია) "კატაროსთან", ათენის "პანიონიოსთან", და თურქეთის "იუზმესთან" ერთად. ჩვენებს (მთავარი მწვრთნელი ზვიად დავითიანი) სასტარო შეხვედრა მასპინძლებთან - ამ საპატიო თასის 2009-2010 წლების გამარჯვებულთან ჰქონდათ. პირველი პერიოდი კოტორელებმა 4:1 მოიგეს, მეორე სტუმრებმა - 4:2. მესამე პერიოდში ერთი ბურთის გაქვითვასაც წინ არაფერი ედგა, რადგან მასპინძლები დაჯარიმდნენ და რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება შეიძლებოდა, მაგრამ მსაჯებმა -
გერმანელმა რეინინკ გერვინმა და ჰოლანდიელმა ფან დერ ლუუ პეტერმა თბილისელთა საუკეთესო მცველი მარკო კორდიჩი თამაშის ბოლომდე გააძევეს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებმა, სწორედ, "კატაროდან" გადმოიბირეს მარკო წლეულს და, ეტყობა, კოტორელებმა მასზე მსაჯების მეშვეობით ჯავრი იყარეს. ოთხი წუთის განმავლობაში კაცნაკლულმა ქართველებმა მეტოქის იერიშებს ვერ გაუძლეს და 4 "მშრალი" ბურთი მიიღეს საკუთარ კარში. გულგატეხილებმა მე-4 პერიოდი 2:3 წააგეს და საბოლოოდ 7:13 დათმეს შეხვედრა.

როგორც ჩანს, მასპინძლებმა ჯგუფში ჩარჩენის შიშით პირველსავე შეხვედრაში თავი დაიზღვიეს. მეორე ტურში ჩვენები სტამბოლის არცთუ ძლიერ "იუზმეს" დაუზავდნენ (8:8), ხოლო "პანიონიოსთან" სულაც დამარცხდნენ 6:17. პირველ ტურში თურქების მძლეველმა (15:4) ბერძნებმა ასპარეზობის მეორე დღეს თბილისელებსაც მოუგეს 16:6 (5:1, 5:2, 2:2, 4:1. ამ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო კორდიჩს არ უთამაშია). გუშინ ბოლო ტურში "იუზმეს" წინააღმდეგ "ლიგამუსი-თბილისი" უფრო ყოჩაღად გრძნობდა თავს და გაიმარჯვა კიდეც 11:10 (4:2, 3:1, 3:3, 1:4). ბურთები გაიტანეს - რურუამ (3), კორდიჩმა (2), ჩომახიძემ (2) და თითო ხვედელიანმა, ბაღათურიამ, გეგელაშვილმა და ნიკოლეიშვილმა.

თ მ ფ წ ბ ქ
პანიონიოსი 3 3 0 0 48:16 9
კატარო 3 1 1 1 27:32 4
ლიგამუსი-თბ. 3 1 0 2 24:39 3
იუზმე 3 0 1 2 22:34 1

მერვედფინალში "პანიონისი" და "კატარო" გავიდნენ. საქართველოს წყალბურთელებმა, მართალია, შემდეგი ეტაპის საგზური ვერ მოიპოვეს, მაგრამ ორ საკვალიფიკაციო რაუნდში თამამი თამაშით გამოცდილება მიიღეს, რაც ეროვნულ გუნდში საასპარეზოდ გამოადგებათ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ შეხვედრას თბილისის "ოლიმპიკის" აუზში 30 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის წყალბურთელებთან გამართავს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"







მკითხველის კომენტარები / 1 /
I LOVE THIS GAME
irakli
20:41 13-12-2010
0

სიახლეები პოპულარული