საქართველო ბრიტანეთს მესამედ დაუპირისპირდება

AutoSharing Option
დღეიდან საქართველოს წყალბურთელები მნიშვნელოვან შეჯიბრებაში ჩაებმებიან - იწყება 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. საქართველოს ნაკრებთან ერთად ქვეჯგუფში მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბრიტანელები და ბერძნებიც იბრძოლებენ. სასტარტო პაექრობას ჩვენები შინ გამართავენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში კუნძულელებს ორჯერ შევხვდით. პირველად 2009 წლის 6 სექტემბერს შვეიცარიული ლუგანოში ევროპის B ჩემპიონატზე. ყველასთვის უცნობმა საქართველოს ნაკრებმა მაშინ ინგლისელებს 10:9 (4:3, 2:2, 2:0, 2:4) მოუგო. მეორედ ჩვენები დღევანდელ მეტოქეს წლეულს 21 მაისს "ოლიმპიკის" განახლებულ აუზში დაუპირისპირდნენ. 2012 წლის ოლიმპიადის მასპინძლები სარევანშოდ იყვნენ განწყობილი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ
- 7:10 დამარცხდნენ..

დღეს კი საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით დაუპირისპირდება სტუმრებს: ზურაბ ჭუმბურიძე, ბექა ქენქაძე, ამარკო ელეზი, იოვან პოპოვიჩი, მარკო კორდიჩი, გიორგი ხვედელიანი, რევაზ ჩომახიძე, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა (კ), კოტე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, მარკო ელაჩა, ივან სტრუიჩი, მთავარი მწვრთნელი ზვიად დავითიანი.

- ლენ ტროფის პირველ-მეორე საკვალიფიკაციო რაუნდებში მონაწილეობამ დადებითად იმოქმედა ეროვნული გუნდის წევრების მომზადებაზე. მართალია, ინგლისელებს ზედიზედ ორ პაექრობაში ვძლიეთ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, მეტოქე 2012 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელია და წყალბურთელებიც აქედანვე ემზადებიან იმ დიდი ფორუმისთვის. რთული თამაში იქნება, მაგრამ გამარჯვების მისაღწევად არაფერს დავიშურებთ" - გვითხრა ნაკრების თავკაცმა.

საქართველო-დიდი ბრიტანეთის წყალბურთელთა შეხვედრა "ოლიმპიკის" აუზში დღეს 20.30 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული