გადამწყვეტ რაუნდს გაისად, 10-23 იანვარს ბელგრადი უმასპინძლებს.
ისრაელიდან დაბრუნებულმა წყალბურთელებმა გუშინ, 30 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით რურუა, ვიცე-პრეზიდენტები - ალექსანდრე ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე ბითაძე, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვლადიმერ ისელიძე და სხვები.
სპორტის მინისტრმა წარმატება მიულოცა წყალბურთელებს და იქვე დასძინა:
"ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მოხვედრა შემთხვევით არ ხდება - ეს ფედერაციის, მწვრთნელებისა და სპორტსმენების თავდადებული გარჯის შედეგია.
ფედერაციასთან ერთად უნდა შევიმუშავოთ მოკლე და გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამები, კეთილმოეწყოს ინფრასტრუქტურა, გაიზარდოს საქართველოში წყალბურთის გეოგრაფია, რათა სპორტის ამ სახეობამ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწიოს.
ალბათ, დადგა დრო, ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაზეც ვიფიქროთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"