საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები: ევროპას რუმინეთით ვიწყებთ

AutoSharing Option
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 10 იანვარს დაიწყება წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, რომელშიც მედლებისთვის 16 გუნდი იბრძოლებს (წინა პირველობაში, რომელსაც 2014 წელს ბუდაპეშტმა უმასპინძლა, 12-მა გუნდმა იასპარეზა.

მათგან რვა საუკეთესომ დასკვნითი შეჯიბრების საგზური დაიბევა, დანარჩენი რვა მონაწილე ორმა საკვალიფიკაციო რაუნდმა გამოავლინა).

წილისყრით ისინი ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ:
A ჯგუფი. ჩერნოგორია, ესპანეთი, ჰოლანდია, სლოვაკეთი;
B ჯგუფი. სერბეთი, ხორვატია, საფრანგეთი, მალტა;
C ჯგუფი. იტალია, რუმინეთი, გერმანია, საქართველო;
D ჯგუფი. უნგრეთი, საბერძნეთი, თურქეთი, რუსეთი.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მეორედ დაიმსახურა.
შარშან პირველი საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც ოთხი გუნდი მონაწილეობდა, თბილისში გაიმართა. მასპინძლებმა იოლად სძლიეს პორტუგალიასა (21:3) და შვეიცარიას (21:9), ხოლო სლოვაკეთთან დაძაბულ პაექრობაში 10:11 დამარცხდნენ.

მეორე საკვალიფიკაციოზეც ისრაელში ოთხი გუნდი შეიკრიბა. ქართველმა წყალბურთელებმა იქაც იყოჩაღეს: დაამარცხეს ისრაელისა (17:6) და ლატვიის (18:6) ნაკრები გუნდები, ჰოლანდიასთან კი ფრეს (5:5) დასჯერდნენ, თუმცა ეს მიზნის მისაღწევად საკმარისი აღმოჩნდა.

ჩვენს ჯგუფში აშკარა ფავორიტია იტალია, რაზეც აპენინელთა ტიტულებიც მეტყველებს: სამი ოლიმპიური ოქრო (1948, 1960, 1992), ორი ვერცხლი (1976, 2012) და ამდენივე ბრინჯაო (1952, 1996), მსოფლიოს ჩემპიონატებზე - 3 ოქრო (1978, 1994, 2011), 2 ვერცხლი (1986, 2003) და ერთი ბრინჯაო (1975). იტალიელებმა ყველაზე მეტი ჯილდო ევროპის ჩემპიონატებზე მოიხვეჭეს - 3 ოქრო (1947, 1993, 1995), 2 ვერცხლი (2001, 2010) და 6 ბრინჯაო (1954, 1977, 1987, 1989, 1999, 2014). ისინი ბელგრადშიც ფავორიტებად ჩავლენ.

ტიტულები არც გერმანელებს აკლიათ, მაგრამ ალემანებს ჯილდოები უფრო ადრეულ წლებში მოუპოვებიათ: 1928 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონებმა მსგავს შეჯიბრებებზე 1932 და 1936 წლებში ვერცხლის, ხოლო 1984 წელს ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს. 21-ე საუკუნის თამაშებიდან 2004 წელს მე-4 ადგილს დაჰყაბულდნენ. მსოფლიოს ჩემპიონატებზე ერთხელ დაიკავეს მესამე ადგილი (1982), ევროპაზე კი 2 ოქროს (1981, 1989) და 5 ბრინჯაოს მედალი (1926, 1931, 1934, 1938, 1995) მოიპოვეს.

რუმინელები ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირებში 1952 წლიდან მონაწილეობენ და ოლიმპიურ თამაშებში, ევროპის ჩემპიონატებში, მსოფლიოს ლიგასა და მსოფლიოს თასებზე მათი საუკეთესო შედეგი მეოთხე ადგილებია, მსოფლიოზე კი 1975 წელს - მეხუთე ადგილი, თუმცა უნდა ითქვას, რომ მათ ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, განსაკუთრებით, რადუ გამოირჩევა. ოთხი წლის წინათ, მსოფლიოს ჩემპიონატზე, იგი შეჯიბრების საუკეთესო თავდამსხმელად აღიარეს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე, როგორც აღვნიშნეთ, მეორედ მონაწილეობს. 2014 წელს ბუდაპეშტში ჩვენმა გუნდმა იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის ხელმძღვანელობით ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: ზურაბ ჭუმბურიძე, ბექა ქავთარაძე, დამირ ცრეპულია, მარკო ელეზი, ალექსანდრე რუსიშვილი, მარკო ელაჩა, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა, კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, მარინო ფრანიჩევიჩი, ბექა კაპანაძე.

წელიწად-ნახევრის შემდეგ მწვრთნელებმა ნაკრების ძირითადი ბირთვი შეინარჩუნეს, თუმცა შესარჩევ ტურნირებსა და საერთაშორისო შეჯიბრებებში კანდიდატთა გამოცდის შემდეგ ბელგრადში საასპარეზოდ გუნდი ასე დააკომპლექტეს:

საქართველოს ნაკრები
ნიკოლოზ შუბლაძე 27.12.1993
ბექა ქავთარაძე 09.07.1990
დამირ ცრეპულია 16.01.1984
ზურაბ რურუა 08.06.1987
მიხეილ ბაღათურია 09.05.1987
გიორგი ხვედელიანი 13.04.1988
ხვიჩა ჯახაია 16.09.1996
რევაზ იმნაიშვილი 09.08.1997
კონსტანტინე გეგელაშვილი 07.05.1983
ივან სტრუიჩი 13.10.1981
მარკო ელეზი 09.09.1980
მარკო ელაჩა 15.12.1982
ანდრია ბითაძე 17.05.1997

პოპოვიჩისა და ისელიძის შეგირდებიდან ექვსი წყალბურთელი უცხოურ კლუბებში თამაშობს: ანდრო ბითაძე ესპანეთის "ბარსელონაშია", რევაზ იმნაიშვილი - უნგრეთში, მარკო ელაჩა და მარკო ელეზი იტალიურ კლუბებში გამოდიან, დამირ ცრეპულია ეგვიპტეშია, ივან სტრუიჩი ხორვატიის კლუბის ღირსებას იცავს. ნაკრების სხვა წევრებთან ერთად ისინი ევროპის ჩემპიონატისთვის საფუძვლიანად მოემზადნენ.

ნაკრებმა ორჯერ საწვრთნელი შეკრება სერბეთში გაიარა. ტესტ-მატჩებში ადგილობრივ გუნდებს შეხვდა. ქართველმა წყალბურთელებმა დეკემბრის მიწურულს თურქეთში სტამბოლის თასზე მოსინჯეს ძალები: ასპარეზობის სტარტზე მასპინძლებს სძლიეს - 14:10, მეორე ტურში რუმინეთს მოუგეს - 12:9, ჰოლანდიასთან კი 9:14 დამარცხდნენ.

3 იანვარს საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიას მიაშურა და ტიტების ქვეყნის წარმომადგენლებთან ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. პირველი მატჩი ჩვენებმა 12:11 მოიგეს, მეორე კი 9:13 დათმეს. ამჟამად ისინი ნოვი სადში იმყოფებიან საწვრთნელ შეკრებაზე. ხვალ ბელგრადში ჩავლენ და 11 იანვარს ევროპის ჩემპიონატის სტარტზე რუმინელებს დაუპირისპირდებიან.

ქართველ წყალბურთელებს კარპატელებთან ორთაბრძოლების კარგი გამოცდილება დაუგროვდათ - აქამდე ექვსჯერ დაუპირისპირდნენ: ორჯერ თურქეთის საერთაშორისო ტურნირებზე მეტოქე დაამარცხეს - 2013 წელს - 10:9, 2015 წელს - 12:9, ოთხჯერ კი დანებდნენ: ორი შეხვედრა ჩვენებმა რუმინელებთან 2011 წელს ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში დათმეს (5:9, 6:16), ერთი - 2014 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე - 6:11 და ერთიც - თბილისში შარშან პირველ დეკემბერს, მსოფლიოს ლიგაზე - 11:13.

ორი წლის წინათ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ქართველებმა იტალიელებთანაც წააგეს - 5:15. ნაკრებების დონეზე გერმანელებს არასდროს შევხვედრივართ.

ბელგრადში, "კომბანკ არენაზე", რომელიც 12 ათას მაყურებელს იტევს, C ჯგუფის შეხვედრათა განრიგი ასეთია:

11 იანვარი
საქართველო-რუმინეთი 12:30
გერმანია-იტალია 21:45

13 იანვარი
საქართველო-გერმანია 12:30
იტალია-რუმინეთი 21:45

15 იანვარი
საქართველო-იტალია 20:15
გერმანია-რუმინეთი 21:45

საქართველოს ნაკრების მატჩების ტრანსლაცია "საზოგადოებრივი მაუწყებლით" განხორციელდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოს ეს ნაკრები 30 წლის წინანდელ საკალათბურთო "დინამოს" მაგონებს: კაპუსტინი, მილოვიდოვი ბარადაჩოვი,დერიუგინი...
:-)))
13:31 08-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული