თურქეთსა და რუსეთთან ტოლ-სწორად პაექრობა შეიძლება - ინტერვიუ ზურაბ რურუასთან

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და საერთაშორისო სარბიელზეც წარმატებით ასპარეზობს. ალბათ, ამიტომაც არის, რომ ევროპულმა კლუბებმა რამდენიმე ჩვენს მოთამაშეს დაადგეს თვალი. ერთ-ერთი გახლავთ ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზურაბ რურუა - ახლო წარსულში სახელოვანი ქართველი წყალბურთელის, დავით რურუას ვაჟი. ზურაბი ბუქარესტის "სპორტულ სტუდენტსკაში" მიიწვიეს.

რუმინეთში გამგზავრებამდე ვესაუბრეთ ნაკრების კაპიტანს.

- მამის ზეგავლენით წყალბურთში ვარჯიში 10 წლისამ დავიწყე ცნობილი მწვრთნელის - სოსო მაისურაძის ხელმძღვანელობით, - გვითხრა მან. - ეს იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში. საქართველოში მაშინდელი მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური
ვითარების მიუხედავად, წვრთნა არ მიგვიტოვებია. რადგან სხვა გუნდების ჩამოყალიბების შანსი არ ჩანდა, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად რუსეთსა და უკრაინას მივაშურეთ.

ახალგაზრდებს შორის ამ ქვეყნებში რამდენჯერმე დავიკავეთ საპრიზო ადგილები, 2001 წელს სულაც რუსეთის ჩემპიონი გავხდით - ფინალში ვოლგოგრადის "სპარტაკი" დავამარცხეთ.

- ევროპის პირველობები?
- მე და ჩემი თაობის წყალბურთელებმა 2002-05 წლებში ახალგაზრდების ევროპის პირველობაზე ოთხჯერ ვიასპარეზეთ. ერთხელ მეათე ადგილიც დავიკავეთ. 2007 წელს უკრაინის ეროვნულ ჩემპიონატში ბრინჯაოს მედლები მოვიპოვეთ. ორი წლის შემდეგ შვეიცარიულ ლუგანოში ევროპის B ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზე გავედით.

- თქვენ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონიც ხართ...
- დიახ, "ლიგამუსის" შემადგენლობაში. ევროპულ ტურნირებშიც მოვსინჯეთ ძალები, თუმცა მანამდე ორი წელიწადი მოსკოვის არმიელთა გუნდის წევრი ვიყავი. ყველაზე დიდ გამარჯვებას მაინც 2014 წელს მივაღწიეთ - კონტინენტის პირველობის ზედიზედ სამ საკვალიფიკაციო და შესარჩევ ტურნირში გავიმარჯვეთ, მერე ორი მატჩის ჯამში თურქეთს ვაჯობეთ პლეი ოფში და ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოვხვდით 12 საუკეთესო გუნდს შორის.

მსგავსი წარმატება 2015-16 წლებშიც გავიმეორეთ - ევროპის ჩემპიონატის ფინალში მეორედ ვითამაშეთ, სადაც თურქეთის ნაკრებს ვაჯობეთ და 16 გუნდს შორის მე-14 ადგილი დავიკავეთ. უკეთესი შედეგიც შეიძლებოდა გვქონოდა, რუსებთან დასანანი მატჩები რომ არ წაგვეგო.

- რევანშის შანსი გეძლევათ...
- გეთანხმებით. წლეულს მსოფლიოს ლიგაზე სათამაშოდ მეორედ დაგვიშვეს. ჩვენს ჯგუფში არიან იტალია, თურქეთი და რუსეთი. აპენინელები აშკარა ფავორიტები არიან. დანარჩენ ორ გუნდთან კი ტოლ-სწორად პაექრობა შეიძლება. მით უმეტეს, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრები ევროპის საკმაოდ ძლიერ გუნდებში იმაღლებენ ოსტატობას: ანდრია ბითაძე და მარკო ელაჩა იტალიის ჩემპიონატში გამოდიან, რეზი იმნაიშვილი სლოვაკეთშია, დამირ ცრეპულია ეგვიპტის კლუბში თამაშობს. ამ დღეებში კი რამდენიმე ახალგაზრდა წყალბურთელი გაემგზავრება უცხოურ კლუბებში კონტრაქტების გასაფორმებლად.

- თქვენს ახალ გუნდზე რას იტყვით?
- ბუქარესტის "სპორტულ სტუდენტსკა" ძლიერი წყალბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. შარშან რუმინეთის სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა. მართალია, იქ დედაქალაქის "სტიაუასთან" დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოს მედლებისთვის პაექრობაში ისეთ გრანდს აჯობა 3:1, როგორიც ბუქარესტის "დინამოა" და მესამე ადგილი დაიკავა.

კლუბის მესვეურებს წლეულსაც საპრიზო სამეულში გასვლა აქვთ დაგეგმილი. ქვეყნის სუპერლიგა 21 ოქტომბერს დაიწყება. ჩემპიონატის მატჩებს უქმეებზე გავმართავთ, მანამდე დღეში ორჯერადი ვარჯიშები და სხვადასხვა გუნდთან ამხანაგური შეხვედრები გვექნება.

ასე რომ, მსოფლიო ლიგის პირველ ტურს, რომელიც 15 ნოემბერსაა დაგეგმილი, მე და ნაკრების სხვა წევრები მზადყოფნაში შევხვდებით. სტარტზე თბილისის "ოლიმპიკის" აუზში რუსებს გავუწევთ მეტოქეობას, 6 დეკემბერს კი თურქებს ვუმასპინძლებთ. გულშემატკივართა თანადგომით ვეცდებით, ამ ორთაბრძოლებში ქულათა მაქსიმუმი ავიღოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ახალგაზრდა მეკარე ნიკა შუბლაძე მაგარია ძალიან, უბრალოდ მეტი დრო უნდა ეძლეოდეს ნაკრებში სათამაშოდ!!!
დავით123
15:47 04-10-2016
0

სიახლეები პოპულარული