წყალბურთელთა ნაკრები: ლეგიონერები ჯერ კლუბებში ითამაშებენ

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები 15 ნოემბერს თბილისში გასამართავი მსოფლიო ლიგის სასტარტო შეხვედრისთვის სერბეთში ემზადება, სადაც ამხანაგურ მატჩში ამ ქვეყნის უძლიერეს გუნდ "ცრვენა ზვეზდას" შეხვდა და 10:12 დამარცხდა.

ჩვენმა გუნდმა ბელგრადში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ნიკოლოზ შუბლაძე, გიორგი ხვედელიანი, კოტე გეგელაშვილი, ბექა ქავთარაძე, ხვიჩა ჯახაია, გიორგი წულუკიანი, ნიკოლოზ შუშიაშვილი, ბექა კაპანაძე, გიორგი მესხი, ირაკლი რაზმაძე, გიორგი მაგრაქველიძე, სანდრო ადეიშვილი, ალექსანდრე რუსიშვილი, ლევან ჩიქვინიძე; მთავარი მწვრთნელი იოვან პოპოვიჩი, მწვრთნელი ვლადიმერ ისელიძე.

როგორც შემადგენლობიდან ჩანს, ნაკრებში (დღეიდან ის 13 ნოემბრამდე უნგრეთში განაგრძობს წვრთნას) არ
უთამაშიათ ლეგიონერებს, რომლებიც უცხოური კლუბების ღირსებას იცავენ.

რუმინეთის ეროვნულ ჩემპიონატში ბრაშოვის "სპორტულ სტუდენტსკას" შემადგენლობაში გამოდის ზურაბ რურუა. მისმა კლუბმა მორიგ ტურში ბუქარესტის "რაპიდს" სძლია 20:9 (5:0, 6:1, 5:5, 4:3). საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, რომელიც მშობლიურ გუნდს უნგრეთში 9 ნოემბერს შეუერთდება, "რაპიდს" სამი გოლი გაუტანა.

მომავალ შაბათ-კვირას რურუას "სპორტულთან" ერთად პრინციპული პაექრობა რუმინული წყალბურთის ერთ-ერთ ლიდერ "სტიაუასთან" ექნება.

იტალიის სერია A-ში მორიგი ტურის მატჩი გამართა ანდრია ბითაძის "ვის ნოვამ" (რომი), რომელიც ჩემპიონთა ლიგისა და იტალიის მრავალგზის ჩემპიონ "პრორეკოსთან" დამარცხდა - 3:15. ქართველ თავდამსხმელს ბურთი არ გაუტანია, მაგრამ მატჩის ბოლომდე ითამაშა.

იტალიის ჩემპიონატში გამოდის ქართველთა ნატურალიზებული წყალბურთელი მარკო ელაჩაც. მისი "სპორტმენეჯმენტი" წინა წლის პირველობის ბრინჯაოსმედალოსანია. ამჯერად მან სტუმრად "ჯენოა" დაამარცხა 16:7 (5:2, 5:2, 3:3, 3:0).

რევაზ იმნაიშვილი სლოვაკეთის, ხოლო დამირ ცრეპულია ეგვიპტის ჩემპიონატებში ამ უქმეებზე ითამაშებენ და სხვა ლეგიონერებთან ერთად თბილისში 13 ნოემბერს ჩამოვლენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული