მაგრამ ანდერსონი სხვა მიმართულებით წავიდა. რამდენიმე დღის წინ გამოცემა The Sydney Morning Herald-მა გამოაქვეყნა ავსტრალიის პოლიციისა და ანტიკორუფციული საჩოგბურთო კომიტეტის ერთობლივი გამოძიების შედეგები: ოლივერს ბრალად ედება სეტის შეგნებულად წაგება ავსტრალიის ქალაქ ტრარალგონში ჩატარებელ 50-ათასიან "ჩელენჯერზე".
პრესა აცხადებს, რომ პოლიციას უკვე აქვს ჩოგბურთელის აღიარებითი ჩვენება, საქმეში კი გარეულია კრიმინალური სინდიკატი,
* * *
სპორტული პრინციპის წინააღმდეგ დანაშაული გასული წლის 24 ოქტომბერს მოხდა. 18 წლის ანდერსონი აშკარა ფავორიტი იყო პირველი წრის მატჩში ავსტრალიელი ჰარისონ ლომბეს (ATP-ის რეიტინგში ოლივერზე 1000 პოზიციით ქვემოთ იყო) წინააღმდეგ. ამ უკანასკნელის მოგებაზე კოეფიციენტი ცხრა ერთთან იყო.უცნაურობები პირველ სეტში 4:4-ზე დაიწყო. სეტში ბოლო ორი გეიმის ვიდეოჩანაწერი ადასტურებს ეჭვს - ანდერსონი აშკარად იწყებს უნებლიე შეცდომების დაშვებას. ქრება მოწოდება: მეცხრე გეიმში ოლივერი მხოლოდ ერთხელ ახვედრებს პირველი მოწოდებით მიზანში რვა გათამაშებიდან, ამასთან, ორ ორმაგ შეცდომას უშვებს. ამ ორი ორმაგიდან ერთი გეიმბოლზე იყო. კიდევ უფრო აშკარად მოჩანს შეცდომები ბექჰენდიდან დარტყმებისას - ბურთი ან ბადეს ხვდება, ან კორტიდან ორი მეტრის მოშორებით ეცემა.
სეტის ბოლო გეიმში ორივემ დაუშვა ორ-ორი უნებლიე შეცდომა. აქედან ბოლო ოლივერს ჰქონდა 40:30-ზე და სეტბოლზე. მთელი პირველი სეტის განმავლობაში, ანდერსონმა მხოლოდ 47 პროცენტი მოაწოდა პირველი ბურთი, ლომბემ კი ექვსივე ბრეიკ-პოინტი მოიგერია.
როგორც ჩანს, სინდიკატისთვის ეს ორი გეიმი საკმარისი იყო გასამდიდრებლად. ამიტომაც ამის შემდეგ ანდერსონის საქმეები კარგად წავიდა. მოწოდება დალაგდა, პირველ ორ გეიმში კი მხოლოდ ერთი გათამაშება წააგო. მეორე სეტი მან 20 წუთში მოიგო, სულ კი ზედიზედ 11 გეიმის აღება მოახერხა ისე, რომ არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია. მატჩი ასეთი ანგარიშით დასრულდა - 4:6, 6:0, 6:2.
უკვე შემდეგ წრეში, ანდერსონმა ორ სეტში წააგო და მას შემდეგ კორტზე აღარ გამოჩენილა - გარკვეული პერიოდით პაუზა გამოაცხადა. დიდი ალბათობით, იმ მატჩის შემდეგ ოლივერზე პოლიცია გავიდა. იუნიორი ავსტრალიელის კარიერა რეიტინგში 743-ე საფეხურზე გაიყინა.
თინეიჯერის საუკეთესო შედეგი კლასიფიკაციაში 639-ე ადგილია, ხოლო კარიერის განმავლობაში გამომუშავებული ჰონორარი 20 735 დოლარს შეადგენს.
21 წლის ლომბეზე ეჭვი არ აუღიათ, ისევე, რომ ოლივერის მწვრთნელზე, ყოფილ ავსტრალიელ ჩოგბურთელზე, უეინ არტურსზე. ორივემ უარი თქვა კომენტარზე. ჩუმადაა თავად ანდერსონიც, არსებობს მხოლოდ მისი ოჯახის წევრების სიტყვები: "ოლივერი თანამშრომლობს გამოძიებასთან და სასამართლოს ელოდება".
რატომ წავიდა პერსპექტიული ჩოგბურთელი ასეთ ნაბიჯზე? პრესაში მოხვდა ოლივერთან დაახლოებული ადამიანების დაკვირვებები: ამბობენ, რომ წლის დასაწყისში წარმატებების მიუხედავად, პრობლემები ჰქონდა მოტივაციასთან დაკავშირებით და წუხდა ფინანსური მომავლის გამო. იმისთვის, რომ ჩოგბურთით ფული იშოვო, TOP70-ში მაინც უნდა იმყოფებოდე, ასეთ წარმატებაში კი ოლივერი დარწმუნებული არ იყო. თან ამას დაემატა რთული ოპერაცია ბარძაყზე.
* * *
"როგორც ჩანს, ის შესანიშნავი მოთამაშეა მაღალი პოტენციალით", - ირონიულად აღნიშნა ანდერსონზე ნოვაკ ჯოკოვიჩმა."ყველაზე ცუდი ის არის, რომ ის ჯერ ასე ახალგაზრდაა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბოროტებასთან ბრძოლა", - განაცხადა რაფაელ ნადალმა.
რაფას ბრძანებებს ყველაზე კარგად ავსტრალიაში მისდევენ. 2013 წელს იქ ჩაეშვა ჩაწყობილ თამაშებთან ბრძოლის სისტემა. სხვა პოპულისტური სისტემებისა და ორგანიზაციებისგან მას განასხვავებს ის, რომ ამ ორგანიზაციის მუშაობა შედეგს იძლევა. შესაძლოა, დიდი გამარჯვებები არა, მაგრამ პატარ-პატარა ტრიუმფები სპორტის სხვადასხვა სახეობაში არის: მაგალითად, ბადეში მოხვდა ქვედა დივიზიონის საფეხბურთო კლუბი "სამხრეთ ვარსკვლავები", დოღებში რეგიონალური გუნდი და ჩოგბურთელები ნიკ ლინდალი და მეტიუ ფოქსი. აქამდე მხოლოდ ეს ორი მოთამაშე იყო ავსტრალიაში, ვისაც ბრალი წაუყენეს ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობაზე.
მტკიცებულებების არარსებობა - მთავარი პრობლემაა ჩოგბურთში ჩაწყობილი თამაშების გამოძიებისას, ამიტომაც სპორტის ამ სახეობაზე ავსტრალიაში ყველაზე მეტად ნერვიულობენ: სპორტსმენები არ არიან დამოკიდებულნი პარტნიორებზე, თავად არიან საკუთარი თავის პატრონები, მატჩის მსვლელობა კი სტრუქტურიზებულია. მაღალი ფანტაზიის მქონე ბუკმეკერები ყველანაირ წვრილმანზე იღებენ ფსონებს. ერთი-ორი წარუმატებელი დარტყმა და ორმაგი შეცდომა ეშმაკმა პროფესიონალმა ყოველთვის შეიძლება დააბრალოს ქარს ან დაღლილობას.
გამომძიებლები, ძირითადად, შარშანდელ ავსტრალიის ღია პირველობაზე იქექებოდნენ: ძირითადი ბადის თითოეული შეხვედრა სპეციალისტთა ყურადღების ცენტრში ექცეოდა, მაგრამ მხოლოდ ერთმა მატჩმა მიქსტის ტურნირიდან გამოიწვია ეჭვი და პოტენციურად ჩაწყობილი უწოდეს. მაგრამ შემდეგ ყველაფერი მიჩუმდა, რადგან ნებისმიერი ეჭვი არაფერია მტკიცებულებების გარეშე.
ერთადერთი გამოსავალია - მოთამაშეებისგან ჩვენებების მიღება. ოლივერ ანდერსონთან მიმართებაში გამოძიებამ რაღაც შეძლო, მაგრამ არ ამხელს - როგორ მოახერხა ეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო დიდი თევზი დააფრთხონ.
მანამდე კი ავსტრალიაში მთელი ძალით ეწინააღმდეგებიან ჩაწყობილ მატჩებს, ამიტომაც ყველა ჩოგბურთელისთვის - 12 წლის ასაკიდან დაწყებული პროფესიონალებით დამთავრებული - იმართება სამოტივაციო კურსები, სადაც ჰყვებიან ჩოგბურთში ორგანიზებული დანაშაულის საფრთხეზე. ასეთ შეკრებებზე ყოველთვის გაისმის ლოზუნგი - ნებისმიერი დონის ჩაწყობაზე ნებისმიერი ხარისხის ტოლერანტობა გამორიცხულია: დააჯარიმებენ ავსტრალიური დოლარებით და სამუდამოდ აუკრძალავენ თამაშს.
სპეციალური უფლებამოსილი ნეილ პატერსონი მხოლოდ პლუსს ხედავს იმაში, რომ ჯერჯერობით გამოძიება ჩოგბურთის დაბალ ფენებს ეხება, რადგან ეს ხაზს უსვამს იმას, რომ კორუფციასთან ბრძოლა სპორტში ყველა დონეზე დაიწყება. მით უმეტეს, თუ მოთამაშეები კარიერის დასაწყისშივე ჩაეფლობიან ჩაწყობებში, დანაშაულებრივმა სინდიკატებმა, შესაძლოა, ისინი უმაღლეს დონემდე აიყვანონ. თუმცა, დიდი ალბათობით, ისინი უკვე არიან უმაღლეს დონეზე.
"მე არ ვლაპარაკობ, რომ უმაღლეს პროფესიულ დონეზე ჩაწყობები არ არის. სინამდვილეში, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ასეა. ჩაწყობილი თამაშები - ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დანაშაულია მთელ მსოფლიოში", - ამბობს პატერსონი.
სინდიკატის მოქმედების გამოძიება გრძელდება, მაგრამ ჯერ უცნობია, ჰქონდა თუ არა მას კავშირი სხვა მოთამაშეებთან, რამდენად ფართოა საერთაშორისო კავშირები და რამდენად მომგებიანია ეს ჩაწყობები ფინანსურად.
ავსტრალიაში ჩაწყობა ჰყვარებიათ
ავსტრალიელი ჩოგბურთელები - ნიკ ლინდალი, ბრენდონ უოლკინი და ისააკ ფროსტი დამნაშავეებად სცნეს ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობაზე. ანტიკორუფციულმა კომისიამ დაამტკიცა ამ მოთამაშეების მხრიდან წესების დარღვევა 2013 წლის სექტემბერში, ტუვუმბაში გამართულ "ფიუჩერსზე".
გამოძიების შედეგად, ჩოგბურთელებმა სხვადასხვა სიმძიმის სასჯელი მიიღეს: ლინდალი დააჯარიმეს 33 ათასი ევროთი და შვიდწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, უოლკინი წელიწად-ნახევარი ვერ შეძლებს თამაშს, ფროსტს არ მისცემენ დისკვალიფიკაციას, რადგან მან უკვე მოიხადა სასჯელი 2013 წლიდან.
უფრო ადრე ანალოგიური წესების დარღვევაზე გამოიჭირეს კიდევ ერთი ავსტრალიელი ოლივერ ანდერსონი, რომლის ისტორიას ქვემოთ მოგიყვებით...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"