ავსტრალიის ღია პირველობა. III დღე: ოთხით ნაკლები განთესილი

AutoSharing Option
ქალების ტურნირზე ხმაურიანი სენსაციები არ მომხდარა, თუმცა ოთხი განთესილი გამოეთიშა ბრძოლას.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ანჟელიკ კერბერმა, რომელიც გუშინ 29-ე დაბადების დღეს აღნიშნავდა, ისევ არადამაჯერებელი თამაში აჩვენა და კვლავ მოუწია სამი სეტის ჩატარება. გერმანელმა თავისი თანამემამულის კარინა ვიტჰოფტის წინააღმდეგ 34 უნებლიე შეცდომა დაუშვა, თუმცა მეტოქემ კერბერის სისუსტე მხოლოდ მეორე სეტში გამოიყენა.

რეიტინგის ლიდერს გამოცდილება დაეხმარა - გადამწყვეტ პარტიაში მან გრძელ გათამაშებებში შეიტყუა მეტოქე და ამ უკანასკნელმა შეცდომებს უმატა - 6:2, 6:7(3), 6:2. მოგვიანებით კი, გერმანელმა ორგანიზატორებისგან საჩუქრად ტორტი მიიღო. მესამე წრეში
კერბერი კრისტინა პლიშკოვას შეხვდება.

კერბერის მსგავსად, არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება კიდევ ერთი ფავორიტი გარბინ მუგურუსა. სამანტა კროუფორდთან მატჩში მან 3:0 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ ზედიზედ ოთხი გეიმი დათმო. მხოლოდ გამოცდილება დაეხმარა ესპანელს პირველი პარტიის მოგებაში და გადამწყვეტი ბრეიკის შესრულებაში მეორე სეტის ბოლოს - 7:5, 6:4. მუგურუსას მზადყოფნის დონეს მომდევნო რაუნდში ლატვიელი ანასტასია სევასტოვა შეამოწმებს.

* * *
ნახევარი წლის წინ, 22 წლის კანადელმა ეჟენი ბუშარმა მუშაობა განაახლა ნიკ სავიანოსთან - მწვრთნელთან, რომელმაც ის უიმბლდონის ფინალისტად აქცია. და თანდათან, ბუშარი ბრუნდება ძველ დონეზე, რასაც ადასტურებს მისი მესამე წრეში გასვლა. შუაი პენგმა კარგად იბრძოლა პირველ სეტში. ჩინელი 4:1-ს იგებდა ტაი-ბრეიკზე, მაგრამ 5:7 წააგო, განაწყენდა და მთლიანად ჩააგდო მეორე პარტია. ბუშარის მომდევნო მეტოქე ამერიკელი კოკო ვანდევეგე იქნება.

* * *
ესპანელი კარლა სუარეს ნავარო მეორე ჩოგბურთელია ტოპ-ათეულიდან სიმონა ჰალეპის შემდეგ, ვინც ავსტრალიის ღიაზე ბრძოლა შეწყვიტა. ტურნირის მეათე ნომერმა ორ სეტში წააგო სორანა კირსტეასთან - 6:7(1), 3:6. კირსტეა, რომელიც შარშან, მეორე ასეულში იყო, ძველ დონეს უბრუნდება. ის 2014 წლის შემდეგ, პირველად გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის მესამე წრეში და გუშინდელი მოგების წყალობით, ნამდვილად შევა TOP50-ში.

სუარეს ნავაროს გარდა, განთესილთაგან გუშინ წააგეს: რიოს ოლიმპიადის ჩემპიონმა მონიკა პუიგმა, ირინა ბეგუმ და შუაი ჟანგმა.

ქალები. II წრე
კერბერი (გერ, 1)-ვიტჰოფტი (გერ) 6:2, 6:7(3), 6:2
კრ. პლიშკოვა (ჩეხ)-ბეგუ (რუმ, 27) 6:4, 7:6(8)
ბუშარი (კან)-შ. პენგი (ჩინ) 7:6(5), 6:2
ვანდევეგე (აშშ)-პარმენტიე (საფ) 6:4, 7:6(5)
კირსტეა (რუმ)-სუარეს ნავარო (ესპ, 10) 7:6(1), 6:3
რისკე (აშშ)-შ. ჟანგი (ჩინ, 20) 7:6(7), 4:6, 6:1
სევასტოვა (ლატ, 32)-კუკოვა (სლოვაკ) 6:3, 6:4
მუგურუსა (ესპ, 7)-კროუფორდი (აშშ) 7:5, 6:4
ბარტი (ავსტრა)-როჯერსი (აშშ) 7:5, 6:1
ბარტელი (გერ)-პუიგი (პ-რიკ, 29) 6:4, 6:4
დუანი (ჩინ)-ლეპჩენკო (აშშ) 6:1, 3:6, 10:8
ვ. უილიამსი (აშშ, 13)-ფოგელი (შვეიც) 6:3, 6:2
სვიტოლინა (უკრ, 11)-ბოუსრუპი (აშშ) 6:4, 6:1
პავლიუჩენკოვა (რუს, 24)-ვიხლიანცევა (რუს) 6:2, 6:2
იანკოვიჩი (სერ)-გორგესი (გერ) 6:3, 6:4
კუზნეცოვა (რუს, 8)-ფურლისი (ავსტრა) 6:2, 6:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული