მარგალიტა ჩახნაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქომაგი არ გავაწბილოთ

AutoSharing Option
უკვე ვწერდით, რომ ტალინში 8-დან 11 თებერვლის ჩათვლით ფედერაციის თასის გათამაშების ევროაფრიკულ პირველ ზონაში ზედა ეშელონში აღსაზევებლად თექვსმეტი ქვეყნის ჩოგბურთელ ქალთა ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა ავსტრიასა და პოლონეთთან ერთად. ჯგუფის გამარჯვებული პლეი ოფის საგზურისთვის, ბოლოადგილოსანი კი ზონაში დასარჩენად იბრძოლებს.

სანამ გუნდების შესაძლებლობებსა და შანსებზე გეტყოდეთ რამეს, სამივე ნაკრების წევრთა სარეიტინგო მაჩვენებლებს გაგაცნობთ:

საქართველოს ნაკრები: სოფიო შაფათავა (231-ე), ეკატერინე გორგოძე (302-ე), მარიამ ბოლქვაძე (513-ე), ოქსანა კალაშნიკოვა (861-ე, წყვილებში - 48-ე), კაპიტანია მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი.
ავსტრია: ბარბარა ჰაასი
(155-ე), ტამირა პაზეკი (161-ე), იულია გრაბხერი (311-ე), პია კონიგი (429-ე). კაპიტანი - იურგენ ვაბერი.
პოლონეთი: მაგდა ლინეტი (96-ე), კატარჟინა პიტერი (242-ე), პაულა კანია (247-ე), მაგდალენა ფრეჩი (292), კაპიტანი - კლაუდია იანს-იგნაჩიკი.

ცხადია, ამ მონაცემებით ჯგუფის ფავორიტია პოლონეთი, რომლის შემადგენლობაში არ თამაშობენ დები აგნეშკა (მე-3) და ურსულა რადვანსკები (271), ასევე, წყვილებში 85-ე საფეხურზე მყოფი ალისია როსოლსკა. ავსტრიის პირველ-მეორე ნომრებსაც ჩვენებისაზე უკეთესი საკლასიფიკაციო მაჩვენებლები აქვთ, თუმცა რეიტინგი ყოველთვის არ არის წარმატების საწინდარი, რაშიც თუნდაც ახლა ავსტრალიის ღია ჩემპიონატიც გვარწმუნებს, ამიტომ უმჯობესია, სპეციალისტებს მოვუსმინოთ.

ალექსანდრე მეტრეველი, საქართველოს ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:
- ევროაფრიკულ პირველ ზონაში ძლიერი გუნდები თამაშობენ, ამიტომ ყველა მეტოქე ანგარიშგასაწევია. საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. აქედან გამომდინარე, ამჯერადაც უპირველესი ამოცანა ზონაში ადგილის შენარჩუნებაა, თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ბედს შეგუებულები ვართ. პირიქით, ყველა ორთაბრძოლისას მოსაგებად გავალთ კორტებზე, მაგრამ რამდენად შევძლებთ ამას, პაექრობები გვიჩვენებს.

წილისყრით, შესაძლოა, უფრო რთულ ან შედარებით იოლ ჯგუფში მოვხვედრილიყავით, კარგი იყო, ესტონეთი ან ბოსნია-ჰერცეგოვინა გვყოლოდა ერთ-ერთ მეტოქედ, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს - წილი ნაყარია.

მართალია, საერთო მაჩვენებლებით ორივე გუნდი გვჯობნის, თუნდაც ის რად ღირს, რომ პოლონელებს პირველი ასეულის მოთამაშე ჰყავთ, მაგრამ ჩვენს გოგონებს უფრო ძლიერი მეტოქეებიც დაუმარცხებიათ, თუნდაც ბულგარეთი, რომელიც წინა ორ გათამაშებაში ორჯერ დავამარცხეთ.

ასე რომ, დასკვნების გამოტანას ნუ ვიჩქარებთ, დაველოდოთ 8 თებერვალს.

- თუმცა მანამ 3-5 თებერვალია.
- დიახ. ამ დღეებში დევისის თასის გათამაშების ევროაფრიკულ მეორე ზონაში ჩვენი ჩოგბურთელი ვაჟები თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ფინელებს დაუხვდებიან. საქართველოს ნაკრები უკვე დაკომპლექტებულია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად ავსტრალიაში იმყოფება, გიორგი ცივაძე, ზურაბ ტყემალაძე და ვაჟა შუბლაძე კი ამ პაექრობისთვის გუნდის ხელმძღვანელ ირაკლი ლაბაძისა და კაპიტან დავით კვერნაძის ხელმძღვანელობით თბილისში ემზადებიან.

სტუმართა ნაკრების შემადგენლობა ჯერჯერობით არ ვიცით, მაგრამ, მოგეხსენებათ, ფინელებს ყოველთვის ძლიერი გუნდი ჰყავდათ. ამ მხრივ, არც წლევანდელი სეზონი იქნება გამონაკლისი.

მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი, ქალთა ნაკრების კაპიტანი:
- ორივე ქვეყნის ჩოგბურთელებს ახლოს ვიცნობთ და ვიცით მათი შესაძლებლობები. შარშან პოლონეთიდან მაგდა ლინეტმა, ავსტრიელთაგან კი ბარბარა ჰაასმა გამოიჩინა თავი - საგრძნობი წინსვლა ჰქონდათ. პროგნოზი ყოველთვის სახიფათოა, მაგრამ, ყოველივეს მიუხედავად, იმედიანად ვართ. ყველაფერი ისე არ არის, როგორც ქაღალდზე ჩანს. ჩვენი ნაკრების წევრები დიდი ხანია, ერთად გამოდიან ფედერაციის თასზე, გამოცდილება აქვთ, უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის.

ოქსანა კალაშნიკოვა მწვანე კონტინენტზე იმყოფება და წყვილებში ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშა. მარიამ ბოლქვაძე ლონდონში ემზადება. სოფიო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე თბილისში ვარჯიშობდნენ და საფრანგეთში გაფრინდნენ, სადაც მომავალ კვირას 60.000-იან ტურნირში მოსინჯავენ ძალებს. ოთხივე ჩოგბურთელი 4 თებერვალს ჩავა ტალინში.

ოთხი დღე გვექნება ერთობლივი წვრთნისა და პირველი პაექრობისთვის მოსამზადებლად. იმის მიხედვით, ვინც უკეთეს სპორტულ ფორმაში იქნება, ტურნირშიც ის ითამაშებს. ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში მე-2 მსოფლიო ჯგუფის პლეი ოფის საგზურისთვის D ჯგუფის გამარჯვებულს შევხვდებით. ეს კი ბულგარეთი ან სერბეთი იქნება.

ღმერთმა ნუ ქნას და, ჯგუფში ბოლო ადგილზე თუ გავედით, მაშინ ზონაში დასარჩენად, ალბათ, მასპინძლებთან გავარკვევთ ურთიერთობას, რადგან D ჯგუფში ესტონელი ჩოგბურთელები სხვებზე სუსტები არიან.

ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ქომაგები არ გავაწბილოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული