ავსტრალიის ღია პირველობა: ეს უკვე ძველი რაფაა

AutoSharing Option
ავსტრალიის ღიაზე დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი და ერთი ნაბიჯია დარჩენილი კლასიკურ ფინალამდე: როჯერ ფედერერი vs რაფაელ ნადალი.

ამისთვის მათ, შესაბამისად, სტენ ვავრინკასა და გრიგორ დიმიტროვს უნდა მოუგონ. როჯერის თამაში მეოთხედფინალში ორი დღის წინ ვნახეთ, არანაკლებ შთამბეჭდავი იყო გუშინ რაფაელ ნადალი. ასე რომ, "კლასიკა" სავსებით რეალური ჩანს...

რაფაელ ნადალი ურთიერთშეხვედრებში 6:2-ს უგებდა კანადელს, მაგრამ ბოლო სამი მატჩიდან ორი ჰქონდა წაგებული, მათ შორის, ამა წლის იანვარში ბრისბენის ტურნირის მეოთხედფინალში. იმ შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად, ნადალი გაცილებით სუფთად მოქმედებდა და ფანტასტიკური იყო მიღებაზე.

ტურში ერთ-ერთმა
საუკეთესო მომწოდებელმა რაონიჩმა პირველ ბურთზე ქულების მხოლოდ 66 პროცენტი აიღო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ბადესთან თამაში, სადაც რაფამ 25-დან მხოლოდ სამი შეცდომა დაუშვა, რაონიჩი კი უმწეო იყო ესპანელის შემოვლითი დარტყმების წინააღმდეგ.

პირველ სეტში ნადალი თითქმის იდეალური იყო: არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა მეტოქეს და მხოლოდ ორი უნებლიე შეცდომა დაუშვა. მეორე პარტიაში კანადელი უფრო სტაბილური გახდა და ძალიან ახლოსაც იყო პარტიის მოგებასთან - მილოშმა ერთბაშად ექვსი სეტბოლი ვერ გამოიყენა, მათ შორის ერთი ტაი-ბრეიკზე საკუთარი მოწოდებისას. ნადალმა კი პირველივე სეტბოლი თავის სასარგებლოდ დაასრულა და სეტებში ანგარიში 2:0 წაიყვანა.

დემორალიზებული რაონიჩი მესამე სეტში იბრძოდა, მაგრამ ფორჰენდიდან ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა და ნადალს გადამწყვეტი ბრეიკის აღებაში დაეხმარა. ესპანელს მხოლოდ სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა მატჩში, მაგრამ აქედან ორი გამოიყენა, რაც საკმარისი აღმოჩნდა თამაშის მოსაგებად. რაონიჩმა კი ოთხიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გაანიავა.

ნადალი 2014 წლის შემდეგ პირველად გავიდა "დიდი სლემის" ნახევარფინალში.

ესპანელის მეტოქე ბულგარელი გრიგორ დიმიტროვისა და ბელგიელი დავიდ გოფენის შეხვედრაში ირკვეოდა. ამ მატჩამდე გოფენი ძალიან სტაბილურად მოქმედებდა: 91 პროცენტი მოიგო საკუთარ მოწოდებაზე. მაგრამ დიმიტროვთან ბევრი არაფერი გამოსდიოდა როგორც მიღებაზე, ასევე შეტევაში. მართალია, ბევრმა გეიმმა ბრძოლაში ჩაიარა, მაგრამ თითქმის ყველა მნიშვნელოვან ბურთზე ბულგარელი უკეთ მოქმედებდა.

გოფენი ძალიან ბევრს ცდებოდა, განსაკუთრებით ფორჰენდის დროს: 46 უნებლიე შეცდომიდან 35 მარჯვნიდან დარტყმებზე მოდიოდა. ნამდვილი ბრძოლა მხოლოდ მესამე სეტში გამოვიდა, როცა ბელგიელი კარგად ათამაშდა ბადესთან. თუმცა, დავიდმა ექვსიდან ექვსი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, განაწყენდა და წააგო სეტიც და მატჩიც. ჩოგბურთელები მეხუთედ შეხვდნენ ერთმანეთს და დიმიტროვმა მეხუთედ მოუგო. რაც შეეხება ნადალთან ურთიერთშეხვედრებს, აქ ბულგარელი 1:7 არის ჩამორჩენილი.

სერენა ვერც კონტამ გააჩერა
ქალთა ტურნირზე გრძელდება 34 წლის ხორვატის მირიანა ლუჩიჩის ზღაპარი. ამ ჩოგბურთელის შესახებ, დღევანდელ ნომერში ცალკე სტატიას გთავაზობთ. მირიანა 1999 წელს, უიმბლდონის ნახევარფინალში თამაშობდა და 18 წლის შემდეგ გაიმეორა ეს შედეგი. ლუჩიჩმა რევანში აუღო კაროლინა პლიშკოვას 2015 წელს, უჰანში დასანანი მარცხის გამო, როცა სამ სეტში წააგო ტაი-ბრეიკზე.

ხორვატს წარმატება მოუტანა შემტევმა თამაშმა. მთელი მატჩის განმავლობაში მას ორჯერ მეტი "ვინერსი" (42) ჰქონდა, ვიდრე მის მეტოქეს, აგრეთვე, აჯობა ეისების რაოდენობით (9:8), რაც პლიშკოვასთან მატჩებში თითქმის შეუძლებელია.

პირველ სეტში თამაში თანაბარი იყო, მაგრამ მირიანამ პარტიის ბოლოს ბრეიკი შეასრულა და მშვიდად ჩააწოდა სეტზე. ლუჩიჩმა მეორე სეტში 2:0 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ მარცხენა ბარძაყის ტრავმის გამო დათმო ინიციატივა, ზედიზედ ოთხი გეიმი და მასთან ერთად სეტი წააგო. "არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა მატჩის დასრულებას. ტკივილი ძლიერდებოდა. მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ არ დავნებდებოდი და კორტიდან საკაცით გამიყვანდნენ", - აღიარა მატჩის შემდეგ მირიანამ.

მესამე პარტიაში ის 3:4-ს აგებდა ბრეიკით და რთული სათქმელია, საიდან იპოვნა ძალები ქამბექისთვის. მისი ყოველი მეორე დარტყმა ხაზზე ჯდებოდა და პლიშკოვა ძალიან დაბნეული ჩანდა. მოგების შემდეგ, მირიანამ ცრემლები ვერ შეიკავა...

* * *
სერენა უილიამსთან მატჩამდე, ბრიტანელ იოჰანა კონტას ზედიზედ 18 სეტი ჰქონდა მოგებული, მაგრამ ვერ გაუძლო ამერიკელის მძლავრ თამაშს. არადა, უილიამსს თითქმის არ ჰქონია პირველი მოწოდება - მხოლოდ 45 პროცენტი იყო სიზუსტე. სერენამ მოიგო, რადგან კონტა უმწეო იყო მეორე მოწოდებაზეც.

ბრიტანელმა მოუმატა მეორე პარტიის დასაწყისში და 3:1 დაწინაურდა. სერენა იქვე მოეგო გონს, გააძლიერა მოწოდება, აღარ ცდებოდა ბადესთან და მოიგო ზედიზედ ხუთი გეიმი.

სერენა უილიამსი და მირიანა ლუჩიჩი ერთადერთხელ, 1998 წელს შეხვდნენ ერთმანეთს 1998 წელს და ამერიკელმა ორ სეტში მოიგო.

ფედერერს წაგება შვილებმა აუკრძალეს
შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა კომენტარი გაუკეთა თავის წარმატებულ გამოსვლას ავსტრალიის ღია პირველობაზე.

"ჩემმა ქალიშვილებმა მითხრეს: "მამა, არ წააგო, გთხოვთ. ძალიან არ გვინდა ავსტრალიიდან გამგზავრება".

სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, რომ ხუთსეტიანი ფორმატის ხუთი მატჩის მოგება შევძელი ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ. არ მეგონა, რომ ასეთ შედეგს დავდებდი დაბრუნების შემდეგ. მესმოდა, რომ სახიფათო ვიქნებოდი ბევრი მოთამაშისთვის, მაგრამ მეშინოდა, რომ რაღაც მომენტში ძალები გამომელეოდა.

ამჟამად, თავს შესანიშნავად ვგრძნობ და კარგ თამაშს ვაჩვენებ. ტურნირის დაწყებამდე ვინმეს რომ ეთქვა, რომ სტენ ვავრინკას ნახევარფინალში შევხვდებოდი, ნამდვილად არ დავუჯერებდი", - მოჰყავს ფედერერის სიტყვებმი ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდს.

კაცები. 1/4 ფინალი
დიმიტროვი (ბულ, 15)-გოფენი (ბელ, 11) 6:3, 6:2, 6:4
ნადალი (ესპ, 9)-რაონიჩი (კან, 3) 6:4, 7:6(7), 6:4

1/2 ფინალი
ფედერერი (შვეიც, 17)-ვავრინკა (შვეიც, 4)
დიმიტროვი (ბულ, 15)-ნადალი (ესპ, 9)

ქალები. 1/4 ფინალი
ს. უილიამსი (აშშ, 2)-კონტა (ბრიტ, 9) 6:2, 6:3
ლუჩიჩი (ხორ)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 5) 6:4, 3:6, 6:4

1/2 ფინალი
ს. უილიამსი (აშშ, 2)-ლუჩიჩი (ხორ)
ვანდევეგე (აშშ)-ვ. უილიამსი (აშშ, 13)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ვილიამსები რო კაცებში გადაიყვანონ არ შეიძლება ? :))))))))))
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული