დევისის თასი: სტუმარ-მასპინძლები მატჩისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
3-5 თებერვალს თბილისის ახალი სპორტის სასახლე დევისის თასის გათამაშების მეორე ევროაფრიკული ზონის წარმომადგენელთა პირველი რაუნდის მატჩს უმასპინძლებს - საქართველო ფინეთს დაუპირისპირდება.

მეტოქეებმა შარშან მეორე ზონაში თითო მატჩი მოიგეს და დათმეს: ჩვენებმაც და სუომელებმაც ზიმბაბვეს სძლიეს, შესაბამისად, 3:2 და 4:1, ხოლო დანიასთან დამარცხდნენ - 0:5 და 2:3.

შარშან ფინელთა წამყვან ძალას ვეტერანი ჩოგბურთელი იარკო ნიემინენი წარმოადგენდა. კვირას სტუმართა ნაკრები თბილისში უმისოდ ჩამოვიდა. ახალი სპორტის სასახლის სარბიელზე მათ გუნდში შეიძლება ვიხილოთ პატრიკ ნიკლას-სალმინენი (ერთეულთა რეიტინგით 745-ე, წყვილებში - 818-ე), იერო ვასა (1113-ე,
993-ე), ემილ რუუსავაორი (1511-ე, 1505-ე), ჰარი ჰელიოვაარა (28 წლის, ურეიტინგო), კაპიტანია კიმ ტიილიკაინენი.

საქართველოს ნაკრებში ითამაშებენ: ნიკოლოზ ბასილაშვილი (92-ე, 1215-ე), გიორგი ცივაძე (810-ე, 589-ე), ზურა ტყემალაძე (17 წლის, ურეიტინგო), ვაჟა შუბლაძე (18 წლის, ურეიტინგო), კაპიტანი დავით კვერნაძე.

სტუმარ-მასპინძლები თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ვარჯიშობენ. როგორც ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა გვითხრა, ჩვენი ნაკრების უფროსმა ირაკლი ლაბაძემ და კაპიტანმა დავით კვერნაძემ გუნდის ერთ მუშტად შეკვრა და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება შეძლეს. საქართველოს ჩოგბურთელები ეცდებიან, პირველსავე მატჩში გადაწყვიტონ ზონაში დარჩენის პრობლემა და მერე ზედა ეშელონში დასაწინაურებლად იზრუნონ.

თბილისური შეხვედრები 3 თებერვალს - 13, ოთხში - 15, ხოლო 5 თებერვალს 13 საათზე დაიწყება. საქართველო-ფინეთს შორის გამარჯვებული პირველ ზონაში გადასასვლელი საგზურის მოსაპოვებლად ლიტვა-მადაგასკარს შორის უძლიერესთან გაარკვევს ურთიერთობას, დამარცხებულები კი ზონაში დასარჩენად იბრძოლებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული