ნიკოლოზ ბასილაშვილი: ფინელების დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებთ

AutoSharing Option
ფოტოზე: ვაჟა შუბლაძე, ნიკოლოზ ბასილაშვილი, დავით კვერნაძე და გიორგი ცივაძე
3-5 თებერვალს, დევისის თასის გათამაშების მეორე ევროაფრიკული ზონის წარმომადგენლები - საქართველოს და ფინეთის ნაკრები გუნდები თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. წილისყრა დღეს, 12:00 საათზე გაიმართება. შეხვედრები 3 თებერვალს - 13, ოთხში - 15, ხოლო 5 თებერვალს 13 საათზე დაიწყება.

ამ მატჩისთვის მონდომებით ემზადებიან სტუმარ-მასპინძლები, რომლებიც მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სუომელები თბილისში შესუსტებული შემადგენლობით ჩამოვიდნენ, არ ჰყავთ ბოლო დროის ერთ-ერთი გამოჩენილი ჩოგბურთელი იარკო ნიემინენი და ამჟამინდელი ლიდერი, 26 წლის ჰენრი კონტინენი,
რომელიც წყვილთა რეიტინგში მეხუთეა.

ამის მიუხედავად, ფინელთა კაპიტანი კიმ ტილიკაინენი წარმატების იმედს არ კარგავს:

"საქართველოს ნაკრებიდან ნიკოლოზ ბასილაშვილს ვიცნობთ. იგი გუნდისთვის დიდი ძალაა - ჩვენთვის ყველაზე რთული მეტოქე სწორედ ის იქნება.

3-5 თებერვლის ორთაბრძოლებში ფავორიტები არიან მასპინძლები, რომლებსაც, ვიცით, რომ ქომაგთა აქტიური მხარდაჭერა არ მოაკლდებათ, მაგრამ უიმედოდ არც ჩვენ ვართ, საქართველოში წასაგებად არ ჩამოვსულვართ, ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ პირველი ზონის საგზურისათვის ბრძოლა გავაგრძელოთ", - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

გამარჯვების იმედი აქვთ მასპინძლებსაც. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა დავით კვერნაძემ იმის გამო, რომ სტუმრებს კონტინენი არ ეყოლებათ, ფინელებთან მატჩში საკუთარი გუნდის შესაძლებლობები უფრო მაღლა დააყენა.

"მართალია, ნაკრებში ორი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს - 17 წლის ზურა ტყემალაძე და 18 წლის ვაჟა შუბლაძე, მაგრამ მთავარ იმედს ქართველ ჩოგბურთელთა ლიდერ ნიკოლოზ ბასილაშვილზე ვამყარებთ. საერთაშორისო ტურნირებში პაექრობის კარგი გამოცდილება აქვს გიორგი ცივაძესაც. ყოველივე ეს კი ოპტიმისტურად განგვაწყობს, თუმცა ფინელთაგან 28 წლის ჰარი ჰელიოვაარასაგან უსიამოვნო მოულოდნელობებს უნდა ველოდოთ. მართალია, ამჟამად იგი ურეიტინგოა, მაგრამ ერთ დროს ეს ჩოგბურთელი ერთეულთა შორის მსოფლიო კლასიფიკაციაში 194-ე იყო, წყვილებში კი - 128-ე. შარშან მან ზიმბაბველ გასაგანგასა და ლოკსაც მოუგო", - თქვა მან.

იმედიანადაა ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მეტოქეთა შანსებს 70/30-ზე აფასებს მასპინძელთა სასარგებლოდ.

"ერთი კვირაა, თბილისში ვარ და გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. ბიჭები კარგ ფორმაში არიან. საკუთარი გულშემატკივრების წინაშე სათამაშოდ მოტივაცია არ გვაკლია. ფინელების დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სტუმარ-მასპინძლები კორტებზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ:

საქართველო.
ნიკოლოზ ბასილაშვილი (ერთეულთა რეიტინგით 92-ეა, წყვილებში - 1215-ე), გიორგი ცივაძე (810-ე, 589-ე), ზურა ტყემალაძე (17 წლის, ურეიტინგო), ვაჟა შუბლაძე (18 წლის, ურეიტინგო), კაპიტანი დავით კვერნაძე.
ფინეთი. პატრიკ ნიკლას-სალმინენი (745-ე, 818-ე), უერო ვასა (1113-ე, 993-ე), ემილ რუუსუვუორი (1511-ე, 1505-ე), ჰარი ჰელიოვაარა (28 წლის, ურეიტინგო), კაპიტანი კიმ ტიილიკაინენი.

გამარჯვებული გუნდი პირველ ზონაში აღსაზევებლად ლიტვა-მადაგასკარს შორის უძლიერესთან გაარკვევს ურთიერთობას, ხოლო წაგებული ზონაში დასარჩენად ზემოაღნიშნულ მატჩში დამარცხებულს გაუწევს მეტოქეობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული