ქართველი ჩოგბურთელები: კალაშნიკოვა და გორგოძე - წყვილებში მთავარი პრიზებით

AutoSharing Option
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი). წყვილთა პაექრობაში ტაივანელ სუ-ვეი ჰსიესთან ერთად იასპარეზა თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ.

ქართულ-ტაივანურმა დუეტმა სტარტზე ანა ბლინკოვა (რუსეთი) და პანა უდვარდი (უნგრეთი) დაამარცხა - 6:1, 7:6, შემდეგ ასეთივე ანგარიშით ალექსანდრა კადანტუსა (რუმინეთი) და ნიკოლა გეუერს (გერმანია) აჯობა, ნახევარფინალში სერბები - ალექსანდრა კრუნიჩი (რეიტინგით 52-ე) და ნინა სტოიანოვიჩი (114-ე) ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:2. გადამწყვეტ პაექრობაში, რომელიც საათსა და 22 წუთს გაგრძელდა, ოქსანამ და სუ-ვეიმ არინა როდიონოვას (ავსტრალია, 107-ე) და გალინა
ვოსკობოევას (ყაზახეთი, 113-ე) ტანდემს მოუგეს - 6:3, 4:6, 10:4.

კალაშნიკოვამ კარიერაში WTA-ს მეოთხე ტიტული დაიმსახურა, ხოლო ბუდაპეშტში გამარჯვებით 280 სარეიტინგო ქულას და 12.300 დოლარს გამოჰკრა ხელი.

* * *
წყვილებში მიაღწია წარმატებას ეკატერინე გორგოძემაც: იგი ანტალიის 15.000-იან საერთაშორისო ტურნირში გამოდიოდა. მასპინძელი აილა აქსუ და ქართველი ჩოგბურთელი პირველ ნომრად იყვნენ განთესილნი.

მათ ზედიზედ დაჯაბნეს ასპარეზობაზე "ველური ბარათით" მიწვეული თურქების - მუაზეზ დემირჩი-დენიზ პეიკოჩის - 6:0, 6:1, ალონა ბონდარენკო (უკრაინა)-ქსენია პალკინას (ყირგიზეთი) - 6:4, 6:3, ანა იაკოვლევა (რუსეთი)-ვერონიკა მიროშნიჩენკოს (რუსეთი) - 6:3, 4:6, 10:8, ბასაკ ერაიდინი (თურქეთი) - კარინ კენელის (შვეიცარია) დუეტები - 6:3, 6:1 და პირველი ადგილი დაიკავეს.

გორგოძემ ერთეულებშიც იასპარეზა და ორ თურქ მეტოქეს მოუგო - ეკინ ერცეტინსა (6:0, 6:1) და იპეკ ოზის (6:3, 6:1), ხოლო მეოთხედფინალში დეიან რადანოვიჩთან (სერბეთი, 4:6, 4:6) ვერაფერს გახდა.

გორგოძე თურქეთში რჩება და დღეიდან ახალ ტურნირში ჩაებმება. სავარაუდოდ, ერთეულებში ასპარეზობის რეიტინგფავორიტი იქნება.

* * *
თურქულ ანტალიაში ცდის ძალებს გიორგი ცივაძე. ვაჟთა 15.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე მან ფილიპ როდრიგეს ალვეში (ბრაზილია, 6:2, 6:3) და პატრიკ ბრიდოლფი (შვედეთი, 4:6, 6:3, 6:1) დაამარცხა.

ძირითად ბადეში გასასვლელად დღეს საქადათ აიარს (ყაზახეთი) დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული