ვინუს უილიამსმა ინდიან უელსში უკვე სამი მატჩი მოიგო და ორში ქამბექის შესრულება მოუწია. ასე იყო პირველ მატჩში ელენა იანკოვიჩის წინააღმდეგ, რომელშიც ამერიკელს მატჩბოლის მოგერიებაც კი მოუწია და ასე მოხდა გუშინ, ჩინელი შუაი პენგის წინააღმდეგ.
უილიამსმა პირველივე გეიმში დაკარგა საკუთარი მოწოდება, რომელიც მეოთხეში დაიბრუნა. შემდეგ, პენგმა კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და სეტებში წინ გავიდა. მეორე პარტიაში ვინუსმა სათამაშო რითმი იპოვნა და ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. ამერიკელი "მშრალი" ანგარიშითაც მოიგებდა სეტს, მაგრამ პენგმა ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.
ძალიან საინტერესო იყო ესპანელი გარბინ მუგურუსასა და უკრაინელი ელინა სვიტოლინას შეხვედრა. ამ უკანასკნელს ზედიზედ 15-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა. პირველი პარტია ძალიან საინტერესო გამოვიდა. მუგურუსამ უკეთ დაიწყო, ბრეიკით დაწინაურდა და 5:3-ზე სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო. მაგრამ უკრაინელმა ზედიზედ სამი გეიმი აიღო, აქედან ორი მეტოქის მოწოდებაზე და 6:5-ზე თავად აწვდიდა სეტზე, თუმცა, ვერც მან შეძლო ამ შანსის გამოყენება, ტაი-ბრეიკზე კი მუგურუსა ოდნავ უკეთ თამაშობდა.
სეტის წაგებას სვიტოლინაზე ცუდად არ უმოქმედია. უკრაინელმა ძალიან მალე აიღო ზედიზედ ოთხი გეიმი და იოლად მოიგო მეორე სეტი - 6:1. მაყურებელი დაძაბული მესამე სეტის სანახავად გაემზადა, თუმცა გადამწყვეტი პარტია მუგურუსამ "მშრალი" ანგარიშით მოიგო. ესპანელმა ბრეიკის ყველა შანსი გამოიყენა, სვიტოლინამ კი ვერც ერთი - 7:6(5), 1:6, 6:0.
მუგურუსას მეტოქე მეოთხედფინალში კაროლინა პლიშკოვა იქნება, რომელმაც ტიმეა ბაშჩინსკის ბარიერი გაიარა. ჩეხმა პირველი ექვსი გეიმიდან ხუთი თავის სასარგებლოდ დაასრულა, რის შემდეგაც, მისმა მეტოქემ ზურგის ტრავმის მიზეზით მიატოვა შეხვედრა.
პლიშკოვასა და მუგურუსას დაპირისპირებაში ბოლო ხუთი მატჩი ჩეხ ჩოგბურთელს ზედიზედ აქვს მოგებული.
ქალები
1/8 ფინალი
მლადენოვიჩი (საფ, 28)-დევისი (აშშ) 6:3, 6:3
ვესნინა (რუს, 14)-კერბერი (გერ, 2) 6:3, 6:3
ვ. უილიამსი (აშშ, 12)-პენგი (ჩინ) 3:6, 6:1, 6:3
ვოზნიაცკი (დან, 13)-კისი (აშშ, 9) 6:4, 6:4
კუზნეცოვა (რუს, 8)-გარსია (საფ, 21) 6:1, 6:4
პავლიუჩენკოვა (რუს, 19)-ციბულკოვა (სლოვაკ, 5) 6:4, 3:6, 6:2
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 3)-ბაშჩინსკი (შვეიც, 15) 5:1 უარი
მუგურუსა (ესპ, 7)-სვიტოლინა (უკრ, 10) 7:6(5), 1:6, 6:0
1/4 ფინალი
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 3)-მუგურუსა (ესპ, 7)
პავლიუჩენკოვა (რუს, 19)-კუზნეცოვა (რუს, 8)
ვოზნიაცკი (დან, 13)-მლადენოვიჩი (საფ, 28)
ვ. უილიამსი (აშშ, 12)-ვესნინა (რუს, 14)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"