ინდიან უელსი: როჯერის მეხუთე თუ სტენის პირველი?

AutoSharing Option
ინდიან უელსის "მასტერსზე" გუშინ, გვიან ღამით შვეიცარიული ფინალი უნდა გამართულიყო- როჯერ ფედერერი სტენ ვავრინკას წინააღმდეგ. წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე ფედერერმა ხუთ-ხუთ სეტში აჯობა ნახევარფინალსა და ფინალში ვავრინკასა და რაფაელ ნადალს. როჯერმა ინდიან უელსში უკვე დაამარცხა ნადალი და საერთოდ, ფინალამდე სეტის წაუგებლად მიაღწია.

მეოთხედფინალში ყველა ელოდა ფედერერისა და ჯოკოვიჩის მძლეველის ნიკ კირგიოსის დაპირისპირებას, მაგრამ ავსტრალიელმა მოწამვლის გამო ვერ შეძლო კორტზე გასვლა. ასე რომ, შვეიცარიელმა დასვენების დღე მიიღო, ნახევარფინალში კი შედარებით იოლი მეტოქე ერგო, რადგან ამერიკელმა ჯეკ სოკმა კეი ნიშიკორის დამარცხება შეძლო
- 6:3, 2:6, 6:2.

როგორც წინა მატჩებში, როჯერმა ფანტასტიკურად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე - სოკს არა თუ ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მიუღია, მეტოქის 10 გეიმში მხოლოდ ერთხელ მიაღწია "თანაბარ" ანგარიშამდე.

რაც შეეხება სოკის მოწოდებაზე გეიმებს, პირველ სეტში ფედერერმა ორი ბრეიკი შეასრულა, მეორეში კი ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. იქ თავიდან სოკი გაიჭრა წინ - 3:1, თუმცა, ფედერერმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი 4:4-ზე მინი-ბრეიკი შეასრულა და 7:4 მოიგო.

35 წლის შვეიცარიელი მეშვიდედ გავიდა ინდიან უელსის "მასტერსის" ფინალში და მეხუთე ტიტულს დაუმიზნა.

* * *
ფედერერისგან განსხვავებით, პირველად არის ამ "მასტერსის" ფინალში სტენ ვავრინკა. შვეიცარიელმა, როგორც ეს ხშირად ხდება, ტურნირის მსვლელობისას აკრიფა ფორმა და ნახევარფინალში გაანადგურა ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა - 6:3, 6:2. არადა, წინა ორ მატჩში ნიშიოკასთან და ტიმთან მესამე სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგო.
სტენის მეტოქე უშანსოდ იყო შვეიცარიელის მოწოდებაზე - კარენო ბუსტა ერთხელაც არ მისულა "თანაბრამდე" მეტოქის გეიმებში (სტენმა საკუთარ მოწოდებაზე მხოლოდ 10 ქულა წააგო). ვავრინკამ კი რვა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და სამჯერ შეძლო ესპანელის გეიმის აღება.

კაცები
1/4 ფინალი
კარენო ბუსტა (ესპ, 21)-კუევასი (ურუ, 27) 6:1, 3:6, 7:6(4)
ვავრინკა (შვეიც, 3)-ტიმი (ავსტრია, 8) 6:4, 4:6, 7:6(2)
სოკი (აშშ, 17)-ნიშიკორი (იაპ, 4) 6:3, 2:6, 6:2
ფედერერი (შვეიც, 9)-კირგიოსი (ავსტრა, 15) უარი

1/2 ფინალი
ვავრინკა (შვეიც, 3)-კარენო ბუსტა (ესპ, 21) 6:3, 6:2
ფედერერი (შვეიც, 9)-სოკი (აშშ, 17) 6:1, 7:6(4)

ქალები
1/4 ფინალი
მლადენოვიჩი (საფ, 28)-ვოზნიაცკი (დან, 13) 3:6, 7:6(4), 6:2
ვესნინა (რუს, 14)-ვ. უილიამსი (აშშ, 12) 6:2, 4:6, 6:3

1/2 ფინალი
ვესნინა (რუს, 14)-მლადენოვიჩი (საფ, 28) 6:3, 6:4
კუზნეცოვა (რუს, 8)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 3) 7:6(5), 7:6(2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული