უტიტულო პირველი ნომერი: მოკრძალებულმა კერბერმა ლიდერობა დაიბრუნა

AutoSharing Option
ამ კვირის მთავარი სარეიტინგო სიახლე ის იყო, რომ შეიცვალა ლიდერი ქალთა რეიტინგში. გერმანელ ანჟელიკ კერბერს დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია პირველ ადგილზე დასაბრუნებლად. პირველი ნომრის შეცვლის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სერენა უილიამსი მოიხსნა ინდიან უელსის ტურნირიდან. ასე რომ, მერვედფინალში წაგების მიუხედავად, გერმანელი მაინც გადავიდა პირველ ადგილზე.

მაიამის ტურნირის დროს, კერბერი თავის 21-ე და 22-ე კვირას გაატარებს რეიტინგის ლიდერის რანგში. ამით ის გაასწრებს მარია შარაპოვასა და ტრეისი ოსტინს, რომლებიც 21 კვირა იყვნენ პირველ პოზიციაზე.

ამასთან, კერბერის შედეგები წელს ძალიან მოკრძალებულია,
და საერთოდაც, მას შემდეგ, რაც ის პირველი ჩოგანი გახდა, არც ერთი ტიტული არ მოუგია, ფინალში კი ერთხელ იყო - წლის შემაჯამებელ ჩემპიონატზე, სადაც დომინიკა ციბულკოვასთან წააგო.

* * *
კერბერის გალიდერების გარდა, ქალთა რეიტინგში სხვა მნიშვნელოვანი გადაადგილებებიც მოხდა. სიმონა ჰალეპს მორიგი წარუმატებელი გამოსვლა ჰქონდა და მეოთხე ადგილი ციბულკოვას დაუთმო. დომინიკა პირველი სლოვაკია, ვინც კლასიფიკაციაში მეოთხე პოზიციას მიაღწია.

მერვე ადგილამდე დაეშვა აგნიეშკა რადვანსკა. მას გაუსწრო სვეტლანა კუზნეცოვამ, რომელმაც ინდიან უელსში ფინალში ითამაშა. კუზნეცოვას მძლეველმა ელენა ვესნინამ კი ორი პოზიცია მოიგო და მე-13 ჩოგანი გახდა.

ტოპ-ოცეულში შევიდნენ ანასტასია პალიუჩენკოვა და კრისტინა მლადენოვიჩი. ამ უკანასკნელისთვის ეს პირველი მოხვედრაა საუკეთესო ოცეულში.

* * *
სეზონში მეორე მსხვილი ტურნირი მოიგო როჯერ ფედერერმა. შვეიცარიელმა რაფაელ ნადალს გაუსწრო და მეექვსე ადგილზე გადავიდა. არადა, წლის დასაწყისში, როჯერი მე-17 პოზიციაზე იყო.

საინტერესოა, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე და ინდიან უელსის "მასტერსზე" მოგებების წყალობით, ფედერერმა ამ სეზონში 3045 ქულა დააგროვა და დიდი უპირატესობით ლიდერობს ATP-ის "საჩემპიონო რბოლას". უახლოესი მდევარი რაფაელ ნადალი შვეიცარიელს 1410 ქულით ჩამორჩება.

საინტერესოა, რომ ფედერერის მთავარმა კონკურენტებმა - ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ენდი მარეიმ და ნადალმა ერთად უფრო ნაკლები ქულა დააგროვეს, ვიდრე როჯერმა. არადა, სეზონის დაწყებიდან დღემდე ფედერერმა სამი ტურნირი ითამაშა, მისმა კონკურენტებმა - ოთხ-ოთხი.

ინდიან უელსის ფინალისტმა სტენ ვავრინკამ გაიმყარა პოზიციები მესამე ადგილზე. თუ გავითვალისწინებთ ნოვაკ ჯოკოვიჩის სათამაშო ფორმას, როლან გაროსზე ვავრინკა მეორე ადგილისთვის იბრძოლებს.

ინდიან უელსის მოულოდნელი ნახევარფინალისტი კარენიო-ბუსტა პირველად შევიდა ტოპ-ოცეულში. კიდევ ერთმა სენსაციამ ჯეკ სოკმა კი პირადი რეკორდი გააუმჯობესა - მე-17 ადგილზე გადავიდა.

* * *
დღეს მაიმიში დაიწყება კაცების "მასტერსი" და ქალების "პრემიერ-M". არ ითამაშებს მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი, აგრეთვე, ენდი მარეი. თუმცა, ბრიტანელს მხოლოდ 45 ქულა დააკლდება, სერბს - 1000 და სხვაობა მათ შორის ოთხი ათას ქულამდე გაიზრდება.

ქალთა ერთეულებში კერბერი ნამდვილად დარჩება პირველ ადგილზე.

ATP. TOP10
1(1). ენდი მარეი (ბრიტ) - 12 005
2(2). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) - 8 915
3(3). სტენ ვავრინკა (შვეიც) - 5 705
4(5). კეი ნიშიკორი (იაპ) - 4 730
5(4). მილოშ რაონიჩი (კან) - 4 480
6(10). როჯერ ფედერერი (შვეიც) - 4 305
7(6). რაფაელ ნადალი (ესპ) - 4 145
8(9). დომინიკ ტიმი (ავსტრია) - 3 465
9(7). მარინ ჩილიჩი (ხორ) - 3 420
10(8). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) - 3 310

WTA. TOP10

1(2). ანჟელიკ კერბერი (გერ) - 7 515
2(1). სერენა უილიამსი (აშშ) - 7 130
3(3). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) - 5 640
4(5). დომ. ციბულკოვა (სლოვაკ) - 5 160
5(4). სიმონა ჰალეპი (რუმ) - 5 022
6(7). გარბინ მუგურუსა (ესპ) - 4 790
7(8). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) - 4 555
8(6). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) - 4 345
9(9). მედისონ კისი (აშშ) - 4 007
10(10). ელინა სვიტოლინა (უკრ) - 3 850

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული