მაიამის "მასტერსი": როჯერმა დელ პოტროც სახლში გაუშვა

AutoSharing Option
როჯერ ფედერერმა კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას მიაღწია 2017 წელს. ამჯერად, შვეიცარიელმა ლეგენდამ არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროს დამარცხება შეძლო და მერვედფინალში გავიდა.

როჯერმა საკმაოდ იოლად მოიგო. პირველ სეტში მას მუდმივად ჰქონდა ბრეიკ-პოინტები და მეხუთე ცდაზე შეძლო ამ შანსის გამოყენება, რითაც 5:3 დაწინაურდა და სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო. სწორედ აქ შეექმნა ერთადერთი კრიტიკული მომენტი მატჩში. მეცხრე გეიმში დელ პოტროს სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ფედერერმა ყველა ეს საფრთხე მოიგერია და მოიგო სეტი - 6:3.

მეორე პარტიაში უფრო იოლად იყო საქმე. ფედერერს ერთადერთი
ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია, თავად კი მეხუთე გეიმში შეასრულა ბრეიკი და მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა ეს უპირატესობა - 6:3, 6:4. როჯერმა 16:5-მდე გაზარდა ანგარიში დელ პოტროსთან ურთიერთშეხვედრებში.

ახლა, შვეიცარიელს მიმდინარე სეზონში 15 მოგება და მხოლოდ ერთი მარცხი აქვს. მერვედფინალში მის შეჩერებას ეცდება ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი, რომელმაც 3:6, 6:2, 6:3 მოუგო ამერიკელ სემ კუერის. ფედერერთან ბაუტისტას საშინელი ბალანსი აქვს - ხუთიდან ხუთი წაგება, სეტების შეფარდება კი 0-12.

* * *
ფედერერს მიბაძა და ზუსტად იგივე ანგარიშით მოიგო მეორე შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ, რომელმაც ტუნისელი მალეკ ჟაზირი დაამარცხა - 6:3, 6:4. ვავრინკამაც ყველა ბრეიკ-პოინტი მოიგერია (ექვსიდან ექვსი) და თითო სეტში თითო ბრეიკი შეასრულა.

ვავრინკას შემდეგი მეტოქე გერმანელი ალექსანდრ ზვერევი იქნება, რომელსაც სამი მატჩბოლის მოგერიება მოუწია ჯონ ისნერის წინააღმდეგ - 6:7(5), 7:6(6), 7:6(5). გერმანელი რთული სიტუაციიდან გამოძვრა ჯერ მეორე სეტის ტაი-ბრეიკზე (5:6-ზე), შემდეგ კი მესამე სეტში 4:5-ზე და 15:40-ზე.

ასევე დიდი ბრძოლა იყო ნიკ კირგიოსსა და ივო კარლოვიჩს შორის. 21 წლის ავსტრალიელმა ორ საათსა და 26 წუთში სამ სეტში მოიგო - 6:4, 6:7(4), 7:6(2). არადა, შეეძლო აქამდე არ მიეყვანა საქმე, მაგრამ შვიდი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა.

1/16 ფინალი
ვავრინკა (შვეიც, 1)-ჟაზირი (ტუნ) 6:3, 6:4
ფედერერი (შვეიც, 4)-დელ პოტრო (არგ) 6:3, 6:4
გოფენი (ბელ, 8)-შვარცმანი (არგ) 4:6, 6:3, 7:5
ბერდიხი (ჩეხ, 10)-მიულერი (ლუქ) 6:3, 6:4
კირგიოსი (ავსტრა, 12)-კარლოვიჩი (17) 6:4, 6:7(4), 7:6(2)
ბაუტისტა აგუტი (ესპ, 14)-კუერი (აშშ, 22) 3:6, 6:2, 6:3
ა. ზვერევი (გერ, 16)-ისნერი (აშშ, 18) 6:7(5), 7:6(7), 7:6(5)
მანარინო (საფ)-ჩორიჩი (ხორ) 6:4, 2:6, 7:6(3)

1/8 ფინალი
ვავრინკა (შვეიც, 1)-ა. ზვერევი (გერ, 16)
კირგიოსი (ავსტრა, 12)-გოფენი (ბელ, 8)
ფედერერი (შვეიც, 4)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 14)
ბერდიხი (ჩეხ, 10)-მანარინო (საფ)
ნადალი (ესპ, 5)-მაუ (საფ)
სოკი (აშშ, 13)-დონალდსონი (აშშ)
ფონინი (იტა)-იანგი (აშშ)
ნიშიკორი (იაპ, 2)-დელბონისი (არგ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული