ჩოგბურთის ტურნირები: პორშე გერმანიაში დარჩა

AutoSharing Option
რა თქმა უნდა, მთავარი ყურადღება შტუტგარტისკენ იყო მიპყრობილი, სადაც "პორშეს გრანპრი" იმართებოდა. გარდა იმისა, რომ აქ WTA-ის რეიტინგის ტოპ-ათეულის შვიდი წევრი თამაშობდა, გერმანიაში შედგა დიდ ჩოგბურთში მარია შარაპოვას დაბრუნება, რომელიც თითქმის წელიწადნახევარი არ თამაშობდა დისკვალიფიკაციის გამო.

ჩვენ დავწერეთ მარიას პირველი მატჩის შესახებ, რომელშიც მან რობერტა ვინჩი დაამარცხა. ამას მოჰყვა მოგებები ეკატერინა მაკაროვასთან და ანეტ კონტავეიტთან და შარაპოვა ნახევარფინალში კრისტინა მლადენოვიჩზე გავიდა. ამ უკანასკნელმა წინა ეტაპზე ანჟელიკ კერბერს მოუგო და წაართვა გერმანელს რეიტინგის სათავეში დაბრუნების შანსი.

შარაპოვასა და მლადენოვიჩის შეხვედრა სამი
სეტი გაიწელა. რუსმა პირველი პარტია ბრწყინვალე სტილში მოიგო, მაგრამ მეორეში ჩავარდნა ჰქონდა და ტურნირზე პირველად წააგო სეტი. მლადენოვიჩმა ინიციატივა მესამე სეტშიც შეინარჩუნა და 5:2 წაიყვანა ანგარიში. მარიამ შეძლო გაბრძოლება და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. თითქოს, ბრძოლა თავიდან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შარაპოვამ მნიშვნელოვან ბურთებზე რამდენიმე ტაქტიკური შეცდომა დაუშვა და მლადენოვიჩი ფინალში გავიდა, სადაც ლაურა ზიგემუნდთან უწევდა თამაში.

ამ გერმანელმა გასულ წელსაც გაიბრწყინა შტუტგარტში, მაგრამ გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. საინტერესოა, რომ ზიგემუნდს კარიერაში ექვსჯერ აქვს მოგებული TOP10-ის წევრებისთვის და ამას ყოველთვის შტუტგარტის ტურნირზე აკეთებდა.

წლევანდელი ფინალის პირველი სეტი განადგურებით დასრულდა - ზიგემუნდმა მეტოქეს ერთი გეიმი დაუთმო, მაგრამ მეორეში თავად აიღო მხოლოდ ორი გეიმი. მესამე სეტი ძალიან დაძაბული გამოვიდა. გოგონებმა ორჯერ გაცვალეს ბრეიკები, კორტზე კი რამდენიმე უსიამოვნო სიტუაცია მოხდა - მსაჯებთან ორმხრივი კამათის გარდა, ზიგემუნდმა არბიტრისგან გაფრთხილება მიიღო დროის გაყვანის გამო. ეს გერმანელისთვის მეორე შენიშვნა იყო, რის გამოც, მას მნიშვნელოვანი ქულა ჩამოაკლეს და სეტზე ჩაწოდება ვერ შეძლო. ჩოგბურთელებმა ტაი-ბრეიკამდე მიაღწიეს, სადაც მლადენოვიჩი 4:1 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. მაყურებლის მხარდაჭერით, ზიგემუნდმა კარიერაში პირველი "პრემიერი" მოიგო.

* * *
ქალების მეორე ტურნირი სტამბოლში იმართებოდა და იქ ფინალში ელის მერტენსი და ელინა სვიტოლინა შეხვდნენ ერთმანეთს. ბელგიელი მერტენსი ფედერაციის თასზე რუსეთის ნაკრებთან მატჩის გმირი იყო - სამი შეხვედრა მოიგო და ახლა, თურქულ გრუნტზეც გაისროლა.

მან ორი რთული მატჩი ჩაატარა სარა ერანისა და კაგლა ბუიუქაქჩაის წინააღმდეგ, სამაგიეროდ, ნახევარფინალში ირინა ბეგუს მხოლოდ ორი გეიმი მისცა. რაც შეეხება სვიტოლინას, მას არც ერთ ეტაპზე არ გასჭირვებია და ფინალშიც საათსა და 16 წუთში მოუგო მერტენსს. ახლა, უკრაინელს 22 ქულა აშორებს TOP10-ში დაბრუნებასთან.

შტუტგარტი (გერმანია)
ფინალი
ლაურა ზიგემუნდი (გერ)-კრისტინა მლადენოვიჩი (საფ) 6:1, 2:6, 7:6.

სტამბოლი (თურქეთი)
ფინალი
ელინა სვიტოლინა (უკრ, 1)-ელის მერტენსი (ბელ, 6) 6:2, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული