რაფაელ ნადალის მეათე ტრიუმფი საკუთარ სტადიონზე

AutoSharing Option
რაფაელ ნადალმა დაახლოებით ორი კვირის წინ, მონტე კარლოს "მასტერსზე" მეათედ მოიპოვა მთავარი პრიზი, რაც ჩოგბურთის ისტორიაში არასოდეს არავის გაუკეთებია.

ახლა კი ლეგენდარულმა ესპანელმა ბარსელონაში შეძლო საიუბილეო ტიტულის აღება. ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ რაფასთვის კატალონიის დედაქალაქში თამაში კიდევ უფრო სასიამოვნო იქნებოდა, რადგან ცენტრალურ კორტს მისი სახელი მიანიჭეს.

საწყის წრეებში სენსაციები არ ყოფილა. კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა ალბერტ მონტანიესმა, რომელმაც მეორე წრეში წააგო ფელისიანო ლოპესთან. ყველა ნადალისა და ენდი მარეის ფინალის მოლოდინში იყო. ესპანელმა ყველა მატჩი ორ სეტში
მოიგო და მხოლოდ ერთ პარტიაში მოუწია ტაი-ბრეიკის თამაში. მარეიმ კი გადამწყვეტ მატჩამდე ვერ მიაღწია, რადგან ის ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა შეაჩერა.

ფინალში ბრძოლა საერთოდ არ გამოვიდა - ესპანელი ორი თავით მაღლა იდგა მეტოქეზე. ნადალი თითქმის არ ცდებოდა და ტიმს მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა, რომელიც ავსტრიელმა ვერ გამოიყენა, თავად რაფას კი რვა ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და სამჯერ აიღო მოწინააღმდეგის გეიმი.

ნადალმა კარიერაში 71-ე ტიტული მოიგო და საჩემპიონო რბოლაში ძალიან მიუახლოვდა როჯერ ფედერერს.

* * *
ასევე ერთი ჩოგბურთელის დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა ტურნირი ბუდაპეშტში. ფრანგმა ლუკ პუიემ ფინალამდე ერთადერთი სეტი წააგო ირჟი ვესელისთან და გადამწყვეტ მატჩში ფავორიტად მიიჩნეოდა. იქ მას ბრიტანელი ალიაჟ ბედენეს წინააღმდეგ მოუწია თამაში, რომელმაც კვალიფიკაცია გაიარა და ბრძოლიდან გამოთიშა ივო კარლოვიჩი. უნგრულ ფინალშიც არ ყოფილა ბრძოლა და საათსა და 5 წუთში ფრანგმა კარიერაში მეორე ტიტული იზეიმა.

ბარსელონა (ესპანეთი)
ფინალი
რაფაელ ნადალი (ესპ, 3)-დომინიკ ტინი (ავსტრია, 4) 6:4, 6:1.

ბუდაპეშტი (უნგრეთი)
ფინალი
ლუკ პუიე (საფ, 1)-ალიაჟ ბედენე (ბრიტ) 6:3, 6:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული