ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა - ესპანეთში, გორგოძე - იტალიაში

AutoSharing Option
ესპანეთის ქალაქ მონზონში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც თბილისელი სოფიო შაფათავაც მონაწილეობს.

ერთეულებში იგი მე-5 ნომრადაა განთესილი და დღეს სტარტზე მასპინძელ ესტრელა კაბეზა-კანდელას დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში ჩვენებურს მერვედფინალში ვენესუელელი ანდრეა გამიზი ელის, რომელმაც გუშინ სლოვაკ მიხაელა ჰონკოვას აჯობა - 6:2, 7:6.

წყვილებში შაფათავა უკრაინელ ვალერია სტრახოვასთან არის შეამხანაგებული და პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეოთხედფინალში კი ესპანელების - ირენე ბურილო ესკორიჰუელას და ივონე კავალე-რეიმერსის დუეტი
დაამარცხა - 6:0, 7:6.

ნახევარფინალში ქართულ-უკარინული ტანდემი ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ვალენტინი გრამატიკოპულუ (საბერძნეთი)-ალექსანდრინა ნაიდენოვას (ბულგარეთი) და სვიატლანა პირაჟენკა (ბელორუსი)-ერიკა ვოგელსანგს (ჰოლანდია) შორის გამარჯვებულს გაეჯიბრება.

* * *
ეკატერინე გორგოძე იტალიის დედაქალაქ რომში იმყოფება. 8 მაისს იგი ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო შეჯიბრებაში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ჩაება.

ქართველი ჩოგბურთელი კორტებზე მელანი სტოკესთან (ნორვეგია) ერთად გავიდა წყვილებში. მათ განთესვით მეოთხე ნომერი აქვთ. სტარტზე ავსტრალიელებს - პრისცილა ჰონისა და ები მიერსს აჯობეს - 6:3, 7:5.

მეოთხედფინალში გორგოძესა და სტოკესთან ურთიერთობას გაარკვევენ ფერნანდა ბრიტო (ჩილე) და ნოელია ზებალოსი (ბოლივია), რომლებმაც გზიდან იტალიელები - სუსანა სკონე და ვირჯინია სიკონე ჩამოიშორეს - 6:0, 6:0.

ერთეულებში ქართველი ჩოგბურთელი სტარტზე დღეს კვალიფიკაციიდან აღზევებულ გერმანელს - კატერინა ჰერინგს შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული