პარიზმა თქვა არა - მარია შარაპოვა როლან გაროსზე არ იქნება

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბერნარ ჯუდიჩელიმ დაასახელა როლან გაროსზე უაილდ-ქარდის მფლობელები. სიაში არ არის მარია შარაპოვა. რუსი ვარსკვლავი ვერ ითამაშებს პარიზში ვერც ძირითად ბადეში და ვერც კვალიფიკაციაში.

შარაპოვას საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოხვედრის მინიმალური შანსიც არ ჰქონდა, კვალიფიკაციაში სათამაშოდ კი ერთი მოგება არ ეყო - შტუტგარტის ნახევარფინალში ფრანგ კრისტინა მლადენოვიჩთან წააგო. ამის შემდეგ, ჟურნალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ როლან გაროსის საორგანიზაციო კომიტეტი ფიქრობს მარიასთვის სპეციალური მიწვევის გამოყოფას კვალიფიკაციაში მონაწილეობისთვის.

მაგრამ, საბოლოოდ, არც ერთი ჭორი არ გამართლდა. ფრანგებმა პრინციპულობა გამოიჩინეს და
კატეგორიული უარი თქვეს დოპინგის შემდეგ სპეციალური მოწვევის გაცემაზე.

"მესმის, რომ მარიას ფანები და თავად მარია იმედგაცრუებულნი იქნებიან. და მე ბოდიშს ვუხდი ჩოგბურთელსა და მის თაყვანისმცემლებს. შარაპოვა როლან გაროსის ორგზის ჩემპიონია და მისი მიღწევები არავის დაუყენებია ეჭვქვეშ. ორი ტიტული მან ყოველგვარი გარე დახმარების გარეშე მოიპოვა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ მას უაილდ-ქარდი.

ვუშვებთ სპეციალური მიწვევის გაცემას ტრავმების შემდეგ, მაგრამ არა დოპინგის შემდეგ. დავიცვა თამაში, მისი სისუფთავე და სტანდარტები - ჩემი პერსონალური პასუხისმგებლობა და ჩემი მისიაა", - ასეთი იყო ბერნარ ჯუდიჩელის დასაბუთება.

ასე რომ, შარაპოვამ ფრანგები ვერ დაარწმუნა. ახლა, წინ არის ბრძოლა უიმბლდონისთვის. და ინგლისური ტურნირის ორგანიზატორებს მოუწევთ ყურად იღონ არა მხოლოდ საკუთარი აზრი რუსთან დაკავშირებულ სიტუაციაზე, არამედ ფრანგი კოლეგების გადაწყვეტილებაც.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბრიტანული ჩოგბურთის ლიდერი ენდი მარეი კატეგორიული წინააღმდეგია შარაპოვასთვის უაილდ-ქარდის მიცემაზე. თუმცა, უიმბლდონთან დაკავშირებით რუსს შედარებით მარტივად აქვს საქმე, რადგან რომში ერთი მატჩის მოგებით, მან რეიტინგის მიხედვით მოიპოვა უიმლდონის კვალიფიკაციაში თამაშის უფლება.

სხვათა შორის, შარაპოვამ უკვე მოასწრო რომის ტურნირიდან გამოვარდა. მეორე წრეში რუსი ხორვატ მირიანა ლუჩიჩს ხვდებოდა და პირველი სეტი წააგო - 4:6, მაგრამ შემდეგ საქმე კარგად წაუვიდა: მოიგო მეორე სეტი (6:3) და მესამეში ბრეიკით დაწინაურდა. და სწორედ ამ დროს, მარია მსაჯთან მივიდა და გამოუცხადა, რომ ბარძაყის ტრავმის გამო ვერ შეძლებდა თამაშის გაგრძელებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული