8 ტყვია: ავსტრალიელი მოკრივის ისტორია, რომელიც მაფიის ბოსი გახდა

AutoSharing Option
1919 წლის ზაფხულში, კრივში საშუალო წონაში ავსტრალიის ღია პირველობის ყოფილი ჩემპიონი საავადმყოფოში მოხვდა. მისი თავიდან ექვსი ტყვია ამოიღეს. ქირურგები გაოცებას ვერ მალავდნენ - ეს ბიჭი მხოლოდ სქელი თავის ქალის წყალობით იყო ცოცხალი. ამ ამბამდე რვა წლით ადრე, ედვარდ უაიტინგი კონტინენტის საუკეთესო მოკრივეებს შორის ირიცხებოდა, ახლა კი ჯო ტეილორის მტრების სიის სათავეში იყო.

უაიტინგის ცხოვრება რაღაცით ჰგავს ფილმს "ერთხელ ამერიკაში" - კლასიკური მოთხრობა იმის შესახებ, როგორ გაიზარდა ღარიბ კვარტალში ბიჭი, რომელმაც შემდეგ დიდი საქმეები დაატრიალა. ის 1882 წელს დაიბადა და მეხუთე
ბავშვი იყო 11 ადამიანისგან შემდგარ ოჯახში, რომელიც მელბურნის გარეუბნის - ფიცროის ჯურმულებში ცხოვრობდა. ამ გარეუბნის მოსახლეობა სულ რაღაც 9 ათას ადამიანს შეადგენდა. მშობლებს არ შეეძლოთ მთელი ამ "ბანდის" არა თუ გამოკვება და აღზრდა, არამედ თვალის დევნებაც კი: 1892 წელს გაარკვიეს, რომ ტედის 14 წლის და ბორდელში მუშაობდა და მთავრობამ ის ბავშვთა სახლში გააგზავნა.

საინტერესოა, რომ მუდმივად ქუჩაში ყოფნისა და კრიმინალი მეგობრების კომპანიაში, ტედ უაიტინგს კანონი 20 წლამდე არ დაურღვევია. მან იპოვნა პატიოსანი სამუშაო - ქუჩაში ხილის ურიკას დაატარებდა, რისთვისაც დღეში ერთ ფუნტს უხდიდნენ. მელბურნის პოლიციაში ტედის შესახებ პირველი ჩანაწერები 1902 წლით თარიღდებოდა: ქუჩის ჩხუბის დროს დაასახიჩრეს და ბიჭს ეს ძალიან ჩარჩა გულში. მეორე დღეს, ქამარს ქვა გამოაბა და რევანში აიღო - თავი გაუტეხა მტერს. ტედი სასამართლოს გადაურჩა - 10 ფუნტი ჯარიმა გადაიხადა, მაგრამ სწორედ ეს შემთხვევა გახდა ბიძგი პროფესიული კარიერის დასაწყისისკენ.

უაიტინგმა საერთოდ არ იცოდა კრივი, მაგრამ ჯიუტად ეწერებოდა თევზის ქარხნის სარდაფში ორგანიზებულ ბრძოლებზე და პროცესში ეუფლებოდა კრივის ხელოვნებას. ტედი მალე გახდა ქომაგებისა და პრომოუტერების საყვარელი მოკრივე: მცირე გამოცდილების გამო, ის იშვიათად ახერხებდა მეტოქეების ნოკაუტში გაშვებას, მაგრამ, ამასთან, თავად ერთხელაც არ წაქცეულა - თავის ქალის იშვიათი პათოლოგიის გამო, შეუძლებელი იყო მისი გათიშვა. ამიტომაც, მისი ბრძოლები 20-20 რაუნდი გრძელდებოდა. ბუნებრივია, ტედი იგებდა, ორგანიზატორები კი დიდ ფულს შოულობდნენ.

* * *
ადგილობრივ ლოთებში პოპულარობის მოხვეჭისა და მცირეოდენი თანხის მოგროვების შემდეგ, უაიტინგმა პროფესიონალი მწვრთნელები დაიქირავა. ხუთი წლის შემდეგ, ის ავსტრალიაში ნებისმიერ მოკრივეს სთავაზობდა ჩხუბს ნახევრადსაშუალო წონაში, 1902 წელს კი პირველად დამარცხდა სატიტულო ბრძოლაში. ტედი რეგულარულად იღებდა დისკვალიფიკაციას: იმავე წლის მარტში, მან მოწინააღმდეგე რინგზე დასცა, ზემოდან დააჯდა და ცემა დაუწყო, ნოემბერში იოლად უგებდა ვინმე ტედ ნელსონს, მაგრამ შემდეგ ფეხებსშუა ძლიერ ამოსცხო და მაშინვე ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს. გაცეცხლებული უაიტინგი მსაჯზე გაიწია, ბრბომ მხიარულება და სისხლი იგრძნო და მოჩხუბრები წრეში მოაქცია. რეფერი თავს იცავდა ქვისთავიანი გიჟისგან - სანამ პოლიცია არ მოვიდა და არ შეაჩერა ეს საგიჟეთი.

უაიტინგი ძალიან დაბალი იყო - 163 სანტიმეტრი სიმაღლის და ყოველთვის ცდილობდა მეტოქესთან ძალიან ახლოს მისულიყო. თავს მხრებში ჩარგავდა და დარტყმების სერიას უშვებდა მეტოქის მუცლისა და მკერდის მიმართულებით. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ საშუალო დისტანციიდან მეტოქის თავს ვერ წვდებოდა. ავსტრალიაში თირკმლის არეში დარტყმა აკრძალული იყო, მაგრამ ეს ტედ უაიტინგის საფირმო ილეთად ითვლებოდა:

ბიჭის სწრაფი მოქმედების გამო, მსაჯები უბრალოდ ვერ ხედავდნენ მის აკრძალულ დარტყმებს თირკმელში. ასეთი სტილი ბრწყინვალე ფორმასა და ამტანობას ითხოვდა, ამიტომაც, ერთადერთი, რასაც ტედი აკეთებდა - ეს იყო ვარჯიშები ბინძურ დარბაზში, რომელშიც შუქიც კი არ იყო. გამოცემა Dundas Herald-ის ჟურნალისტი ასე აღწერდა ედვარდის ფიზიკურ ფორმას: "უაიტინგი - ეს არის იდეალური მოდელი მოქანდაკისთვის, ის ბერძნული ღმერთის ქანდაკებასავითაა". Sunday Times-მა კი მისი აღნაგობა შემდეგნაირად დაახასიათა: "ტიპური ბულდოგის სახე, რომელიც რამდენჯერმა დაამუშავეს ქვის დასამუშავებელი მანქანაში".

ნახევრადსაშუალო წონაში პირველი ტიტული უაიტინგმა 1910 წელს მოიპოვა. დეკემბრის განმავლობაში ის შეხვდა ბრისბენის საუკეთესო მოკრივეს დეივ სმიტსა და ნახევრადსაშუალო წონაში ავსტრალიის პირველ ჩემპიონს ჯერი ჯერომს. როგორც ადრეულ წლებში, ტედი სმიტს 12 რაუნდის განმავლობაში სცემდა, სანამ ამ უკანასკნელს ორივე თვალი არ გაექცა და არ თხოვა მწვრთნელს თეთრი პირსახოცის გადაგდება. მაგრამ ჯერი ჯერომთან ყველაფერი უფრო რთულად იყო.

ბრძოლა იმართებოდა ბრისბენის ოლიმპიურ სტადიონზე, ღია ცის ქვეშ და იმ დროის ავსტრალიისთვის სარეკორდო პუბლიკა შეაგროვა. ბრძოლა დეკემბერში ჩატარდა - ავსტრალიაში ეს არის ზაფხულის პირველი თვე. საშინელი სიცხე იყო და რინგი ვარვარებდა. პირველი რამდენიმე რაუნდის შემდეგ, ტედის ფეხები დაეწვა და მთლიანად წყლულებით დაეფარა. რაუნდებს შორის შესვენებისას, ფეხებს სველი პირსახოცებით უხვევდნენ. 20 რაუნდის შემდეგ, ავსტრალიის ახალ ჩემპიონად ერთხმად აღიარეს უაიტინგი, რომლის ტერფები ისე იყო დასიებული, რომ ფეხსაცმელების გაჭრა მოუწიათ. ავსტრალიური არქივების მიხედვით, ედვარდმა ჩემპიონის ექვსი ტიტული მოიპოვა, მაგრამ ისტორიკოსები მხოლოდ ორს აღიარებენ: ნახევრადსაშუალო წონაში 1910 წელს და საშუალო წონაში - 1911 წელს.

* * *
1912 წელს, ტედმა დაასრულა პროფესიული კარიერა რევმატიზმის გამო: მან წააგო ხუთიდან ოთხი ბრძოლა, აქედან ორი - თავის მეგობართან და მეტოქესთან ჯერი ჯერომთან, იმოგზაურა ქვეყნის გარშემო საბრძოლო შოუთი, საბოლოოდ გადააგდო საკრივო ხელთათმანები და მშობლიურ ფიცროიში დაბრუნდა.

და სწორედ აქ მოექცა არშემდგარი მოკრივის, უმცროსი ძმის ბანის გავლენის ქვეშ, რომელიც ადგილობრივი ბანდის წევრი იყო. ტედიც კრიმინალი გახდა, დოღებზე თაღლითობდა, რითაც სახელი გაითქვა ადგილობრივ პოლიციაში: მან სახეში ორი ტყვია მიიღო მის მიერ მოტყუებული მსხვერპლისგან, მაგრამ უარი თქვა ამოცნობასა და თავდამსხმელის ვინაობის დასახელებაზე.

1915 წელს, ყოფილი ჩემპიონი ცოლს გაშორდა და მიზანმიმართულად გადაერთო კრიმინალურ საქმიანობაში - გაუნათლებელმა ბიჭმა, რომელმაც ვარჯიშებისა და ჩხუბის გარდა, არაფერი იცოდა, ფულის შოვნის მხოლოდ ერთი ხერხი იპოვნა. 1917 წელს, ტედ უაიტინგი და მისი მეგობრები ფიცროის იაფი ბორდელებისა და იატაკქვეშა ბარების დიდ ნაწილს მფარველობდნენ. ამ დაწესებულებების უმრავლესობას ბანი უაიტინგი მართავდა.

პოლიცია არ აწუხება ყოფილ ჩემპიონს: ჯერერთი, მძიმე დრო იდგა ყველასთვის, ტედი კი მათ კარგად უხდიდა. გარდა ამისა, ის ცნობილი სპორტული გმირი იყო. და კიდევ, ტედის ფაქტორი ყველას უქრობდა არეულობის მოწყობის ცდუნებას. მასშტაბური ძარცვების ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა უაიტინგის ყოფილი მწვრთნელი მეტ დეილი, მაგრამ პოლიცია ბანდის არაფორმალურ ლიდერად თავად მოკრივეს მიიჩნევდა.

1919 წელს, უაიტინგის ბანდიტური კარიერა დასრულდა, მაგრამ ეს გაცილებით ტრაგიკულად მოხდა, ვიდრე სპორტული კარიერის შემთხვევაში. 1918 წელს, ტედის ბანდა რიჩმონდელი ჯო ტეილორის ცუდ ბიჭებს შეუერთდა იმისთვის, რომ ავსტრალიაში ყველაზე მასშტაბური ძარცვა მოეწყოთ. კარგად გეგმისა და შესრულების შედეგად, ბანდიტებმა Kilpatricks & Co-ის საიუველირო სალონიდან 1.5 მილიონი ფუნტის ღირებულების სამკაულები გამოიტანეს.

რამდენიმე თვის შემდეგ, ტედის სამი მეგობარი დაიჭირეს, იმ დროს, როცა ტეილორის ბანდიდან ერთ-ერთი დაპატიმრებული გარეთ გაუშვეს, რადგან ის პოლიციასთან გარიგებას დათანხმდა. ტედმა განაცხადა, რომ მისი მეგობრები მეორე ბანდის წევრებმა ჩაუშვეს და ნაძარცვის თავიდან გაყოფა მოითხოვა, მაგრამ ჯომ ეს წინადადება უყურადღებოდ დატოვა.

ფიცროიში სისხლის გუბეები დადგა მას შემდეგ, რაც ბოლო წვეთი გახდა ტეილორის ცოლის შეურაცხყოფა: ერთ-ერთი წვეულებისას, მას ნარკოტიკები მიაღებინეს და 200 ფუნტის ღირებულების სამკაულები წაართვეს - ადგილობრივების აზრით, ეს სიმდიდრე მათ ეკუთვნოდათ. ამის შემდეგ, ქალაქი სასაკლაოდ გადაიქცა და ამ პროცესმა სახელწოდებაც მიიღო - "ვენდეტა ფიცროიში". ბანდები რიგრიგობით ესხმოდნენ თავს ერთმანეთს, ხვდებოდნენ პოლიციაში და უშვებდნენ ერთმანეთს. ასე აღმოჩნდა ციხეში ბანი უაიტინგი, მომდევნო დღეს კი ტეილორი მივიდა ედვარდთან სახლში და მას თავში ექვსჯერ ესროლა.

"ამ ბიჭს, უბრალოდ, ტყვიაგაუმტარი თავის ქალა აქვს", - უკვირდათ ექიმებს, როცა ტედის ერთი თვის შემდეგ შინ უშვებდნენ. სანამ საავადმყოფოში იყვნენ, პოლიციამ მისი შტაბ-ბინა გაჩხრიკა, დაიჭირა ბანდის დარჩენილი ცოცხალი წევრები, ხოლო, როცა ტედი გამოვიდა, ისიც დააპატიმრეს. ერთი წლის შემდეგ, ყოფილი მოკრივე ციხიდან გამოვიდა, სანაპიროს მეორე ბოლოში ბრუნსვიკში გაემგზავრა, სადაც დარჩენილი ფულით საკონდიტრო გახსნა.

მთელი ცხოვრება ტედ უაიტინგი ურიკას ათრევდა: ხან ხილით, ხან საჩემპიონო ქამრებით, ხანაც ბრილიანტებით დატვირთულს, მაგრამ, ბოლოს დაუბრუნდა იმას, რითიც იწყებდა. ედვარდი 1942 წელს გარდაიცვალა 60 წლის ასაკში, როცა, უბრალოდ, ერთხელ დილით ვერ გაიღვიძა. ჯო ტეილორი კიდევ შვიდი წელი ძარცვავდა და კლავდა, სანამ ორმხრივი სროლისას არ დაჭრეს. ის 29 წლის ასაკში იმ საავადმყოფოში გარდაიცვალა, რომელშიც უაიტინგს რვა ტყვია ამოუღეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული