გუშინ, ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს 26-ე ჩოგანი, ლუქსემბურგელი ჟილ მიულერი იყო, რომელიც კარგ ფორმაში იმყოფება. გასულ კვირას, მან ჰოლანდიის ჰერტოგენბოშის ტურნირი მოიგო და ბასილაშვილის წინააღმდეგ ფავორიტად მიიჩნეოდა.
პირველი სეტი სულ რაღაც 32 წუთი გაგრძელდა. თავდაპირველად, მეტოქეები იოლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს, მაგრამ შემდეგ, მიულერმა ინიციატივა მოპოვა. მე-8 გეიმში მან პირველი ორი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ შანსი
ბასილაშვილს არც მეორე სეტში ჰქონია ბრეიკ-პოინტი. ლუქსემბურგელი კი ისევ ფლობდა ინიციატივას - მე-4 გეიმში სამჯერ შეეძლო მეტოქის მოწოდების აღება, მე-10 და მე-12 გეიმებში კი მიღებაზე სამი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ ბასილაშვილმა ყველა ეს საფრთხე მოიგერია და სეტი ტაი-ბრეიკზე გადაიყვანა.
და ეს ტაი-ბრეიკი წლევანდელი სეზონის მშვენება იქნება. ჯამში გათამაშდა 36 (!) ქულა, მიულერს 8 (!) მატჩბოლი ჰქონდა, აქედან - სამი საკუთარ მოწოდებაზე, მაგრამ ბასილაშვილმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინა - მან მთლიანად სეტში 11 მატჩბოლი მოიგერია, თავად კი მეხუთე სეტბოლიდან მოიგო პარტია - 7:6(19:17).
თითქოს, ამ ლოკალურ წარმატებას ბასილაშვილისთვის ფსიქოლოგიური უპირატესობა უნდა მოეტანა, მაგრამ მიულერზე არ უმოქმედია 11 გამოუყენებელ მატჩბოლს. ლუქსემბურგელმა მატჩი ისე დაასრულა, რომ ბასილაშვილს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა, თავად კი მესამე სეტის მეშვიდე გეიმში მეორედ აიღო მეტოქის მოწოდება და ეს საკმარისი აღმოჩნდა მეორე წრეში გასასვლელად. ჟილმა მე-13 მატჩბოლზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 6:4, 6:7(17), 6:4 ორი საათი და 14 წუთი ბრძოლის შემდეგ.
* * *
სხვათა შორის, გუშინ, "ქუინზ ქლაბის" ტურნირზე სენსაცია მოხდა - ბრძოლას გამოეთიშა მთავარი ფავორიტი და მოქმედი ჩემპიონი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ენდი მარეი. მან ორ სეტში დათმო შეხვედრა კლასიფიკაციის 90-ე ნომერთან, ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონთან, თანაც ისე, რომ ერთი ბრეიკ-პოინტის აღება ვერ შეძლო. ტომპსონმა საათსა და 44 წუთში 7:6(4), 6:2 მოიგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"