როჯერ ფედერერის 1 100-ე მოგება კარიერაში

AutoSharing Option
შვეიცარიელმა ლეგენდამ როჯერ ფედერერმა მოგებით დაიწყო ჰალეს ტურნირი.

"დიდი სლემის" ტურნირების 18-გზის ჩემპიონმა 52 წუთში გაანადგურა იაპონელი იუიჩი სუგიტა - 6:3, 6:1. ფედერერისთვის ეს საიუბილეო მოგება იყო - 1100-ე პროფესიულ ტურში, რაც მეორე მაჩვენებლია ისტორიაში:

1. ჯიმი კონორსი (აშშ) 1 256
2. როჯერ ფედერერი (შვეიც) 1 100
3. ივან ლენდლი (აშშ) 1 068
4. გილერმო ვილასი (არგ) 929
5. ჯონ მაკინროი (აშშ) 877
6. ანდრე აგასი (აშშ) 870
7. რაფაელ ნადალი (ესპ) 849
8. სტეფან ედბერგი (შვედ) 801
9. ილიე ნასტასე (რუმ) 780
10. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 775

ფედერერს ამ
სეზონში 20 მოგება და მხოლოდ ორი მარცხი აქვს. ჰალეში მისი შემდეგი მეტოქე გერმანელი მიშა ზვერევი იქნება, რომელსაც შვეიცარიელი პირად შეხვედრებში 3:0-ს უგებს.

შეგახსენებთ, რომ როჯერმა არც ისე დამაჯერებლად დაიწყო ბალახის სეზონი - გასულ კვირას, შტუტგარტის ტურნირზე პირველივე მატჩი წააგო ვეტერან ტომი ჰაასთან.

* * *
ჰალეს ტურნირისგან გასხვავებით, ბევრი სენსაციაა ლონდონის ტურნირზე. როგორც უკვე ვწერდით, პირველივე მატჩი წააგო მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ენდი მარეიმ - ის ორ სეტში დამარცხდა ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონთან. ამ მატჩიდან ერთი ფაქტია აღსანიშნავი - ენდიმ ერთი ბრეიკიც ვერ შეასრულა, რაც პირველი შემთხვევაა მისთვის 2015 წლის აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ. ზედიზედ 136 მატჩი, მარეი მინიმუმ ერთხელ ახერხებდა მეტოქის მოწოდების აღებას.

წააგო მსოფლიოს მესამე ჩოგანმა სტენ ვავრინკამ - 6:7(4), 5:7 ფელისიანო ლოპესთან. პირველ სეტში ჩოგბურთელებს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ შეუსრულებიათ და ესპანელმა ტაი-ბრეიკზე იმარჯვა, მეორე სეტში საქმე ისევ მე-13 გეიმამდე მიდიოდა, როცა ლოპესმა ერთადერთი ბრეიკი შეასრულა და საათსა 32 წუთში გაიმარჯვა. ფელისიანო ბალახის სეზონს კარგ ფორმაში შეხვდა, რაზეც მეტყველებს გასულ კვირას შტუტგარტის ტურნირის ფინალში გასვლა.

მილოშ რაონიჩმა წააგო ტანასი კოკინაკისთან. ერთ დროს ტურის ამომავალ ვარსკვლავად შერაცხული ავსტრალიელი, ამჟამად, მსოფლიოს 698-ე ჩოგანია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, ორ სეტში დაემარცხებინა კანადელი.

ორი საათის განმავლობაში არც ერთი ბრეიკი არ ყოფილა, შესაბამისად, ორივე სეტში ტაი-ბრეიკი გათამაშდა. პირველში კოკინაკისმა 7:5 მოიგო, მეორეში კი რაიონიჩს 6:3-ზე სამმაგი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული