უიმბლდონის 10 დიადი მატჩი: ჯინი უეიდი და უიმბლდონის თასი

AutoSharing Option
ვაგრძელებთ სტატიების ციკლს უიმბლდონის ისტორიის შესახებ. დღეს ბრიტანეთისა და ჰოლანდიის დაპირისპირებაზე მოგიყვებით.

მის უდიდებულესობა ელიზაბეტ II-ს ჩოგბურთი არ უყვარს. იმ მომენტიდან, როცა ნორჩი გოგონა დედოფლის სტატუსით დაეშვა სასტუმრო Tree Tops Hotel-ის კიბეებიდან, უიმბლდონის ტურნირის ყველა ფინალი მონარქის სტუმრობის გარეშე მიმდინარეობდა. მაგრამ 1977 წელს ელიზაბეტ II-ს გამონაკლისის დაშვება მოუწია.

ჯერ ერთი, მთელ ბრიტანეთში დიდი პომპეზურობით აღინიშნებოდა დედოფლის მმართველობის 25 წლისთავი და მონარქს მდგომარეობა აიძულებდა, ყველა მნიშვნელოვან მოვლენას დასწრებოდა. და მეორე: მმართველობის ვერცხლის იუბილე დაემთხვა თავად ტურნირის ასი წლისთავს და ბუნებრივია, ორგანიზატორებს
ძალიან უნდოდათ, დედოფალი ცენტრალურ კორტზე ეხილათ. და, რა თქმა უნდა, მთავარი - პირველად მრავალი წლის განმავლობაში, ფინალში ბრიტანელი ჩოგბურთელი გავიდა. ეს უმთავრესი მიზეზი იყო.

ინგლისელების ბოლო გამოჩენა ფინალში 1969 წლით თარიღდებოდა, როცა ენ ჰეიდონ-ჯონსმა თვით ბილი ჯინ კინგი დაამარცხა. მამაკაცებს შორის ჩემპიონს კი ბრიტანელები 1936 წლიდან დღემდე ელიან. მაშინ ბრწყინვალე ფრედ პერიმ სამშობლოში დატოვა თასი, როცა ფინალში ვიქტორ კრამი დაამარცხა. უფრო სწორად, გოტფრიდ ფონ კრამი (სხვათა შორის, ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ ფონ კრამი შტირლიცის ერთ-ერთი პროტოტიპი იყო - საბჭოთა მზვერავმა ასევე კარგად იცოდა ჩოგბურთის თამაში).

მოკლედ, ინგლისი მოუთმენლად ელოდა გამარჯვებას და ინგლისმა ოცნება აისრულა.

საჩოგბურთო საზომით ვირჯინია უეიდი ახალგაზრდა არ იყო. ტურნირის სტარტის მომენტში ის 31 წლის გახლდათ. ეს იყო მისი მე-16 სტარტი უიმბლდონზე და მანამდე ყველა მცდელობა უიღბლოდ სრულდებოდა - მაქსიმუმ ნახევარფინალში გასვლა.

მრავალი წლის განმავლობაში ვირჯინია მთელი ქვეყნის ერთ-ერთი საყვარელი სპორტსმენი გახდა. გულშემატკივრები და ჟურნალისტები მას უბრალოდ "ჯინის" ეძახდნენ და გულწრფელად წუხდნენ იმის გამო, რომ მათი კერპი ისე ასრულებდა კარიერას, რომ კოლექციაში საოცნებო ტიტული არ ჰქონდა. არადა, მის უეიდი ბრწყინვალე ჩოგბურთელი იყო. ის ჩოგბურთის ისტორიაშია შესული - "ღია ერაში" პირველი ტურნირი მოიგო (ბორნმუთში). იმავე წელს ამერიკის ღია პირველობის ფინალში გაანადგურა ბილი ჯინ კინგი, ოთხი წლის შემდეგ კი მელბურნში გააწბილა კორტის კიდევ ერთი მასპინძელი - ივონ გულაგონგი.

მეთექვსმეტე ცდა ჯინისთვის წარმატებით დაიწყო. ის ერთიმეორის მიყოლებით ამარცხებდა კონკურენტებს ისე, რომ მათ სეტსაც არ უთმობდა. ხასიათის გამოვლენა მას მეოთხე წრეში დასჭირდა, სადაც მარიანა სიმიონესკუსთან 16-გეიმიანი პირველი სეტი წააგო.

და, რა თქმა უნდა, ტურნირზე თავისი საუკეთესო ჩოგბურთი უეიდმა ნახევარფინალში აჩვენა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში აჯობა მოქმედ ჩემპიონს. კრის ევერტი ცხრა წლით ახალგაზრდა და გაცილებით ნიჭიერი იყო, მაგრამ სეტების გაცვლის შემდეგ გადამწყვეტ პარტიაში სასტიკი დარტყმა მიიღო - 1:6.

ქვეყანას სენსაციის მოლოდინში სუნთქვა შეეკრა - მოსალოდნელი იყო ბრიტანული ფინალი. მოსალოდნელი იყო, მაგრამ არ შედგა - მეორე ნახევარფინალში სიუ ბარკერმა ვერაფერი მოუხერხა ჰოლანდიელ ბეტი სტოუვს, რომელიც საჩოგბურთო სამყაროში უფრო წყვილთა თანრიგში მიღწეული წარმატებებით იყო ცნობილი.

ფინალის წინ ვირჯინიამ იმიჯის რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა. მრავალი წელი ჯინი იოლად საცნობი იყო უკან შეკრული თმებით, ამჯერად კი მან მოდური ვარცხნილობა გაიკეთა. სტოუვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გარკვეული უპირატესობა ჰქონდა. ის უიმბლდონის პირველი ჰოლანდიელი ფინალისტი გახლდათ და ეს უკვე დიდ წარმატებად მიიჩნეოდა. მასზე სულაც არ ლოცულობდა მთელი ჰოლანდია - ამ ქვეყანაში 70-იან წლებში სულ სხვა სპორტული კერპები არსებობდნენ და მათ ჩოგბურთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ.

თამაშის ხარისხის მიხედვით ეს ფინალი არ იმსახურებდა ამ სტატიების ციკლში მოხვედრას. ორივე ჩოგბურთელი ნერვიულ და არასტაბილურ თამაშს აჩვენებდა. მაგალითად, სტოუვმა მთელი მატჩის განმავლობაში ცხრა ორმაგი შეცდომა დაუშვა, თუმცა პირველი სეტი მას დარჩა. ჰოლანდიელი კარგად გადიოდა ბადესთან და ჰაერიდან წარმატებით თამაშობდა. უეიდის შემოვლით დარტყმებს ან სტოუვი იგერიებდა ან ბურთი აუტში მიდიოდა.

მეორე სეტში ვირჯინია ნერვებს გაუმკლავდა. მეტოქის პირველი გეიმის აღების შემდეგ ანგარიში წაიყვანა, თუმცა შემდეგ ზედიზედ ორი გეიმის წაგება მოახერხა. 3:3-ზე ინგლისელმა შეინარჩუნა საკუთარი მოწოდება, შემდეგ კი ნერვებმა მეტოქეს უმტყუნეს. რამდენიმე ორმაგი შეცდომა და ვირჯინიამ ბრეიკი გააკეთა. დაძაბული მეცხრე გეიმი ასევე უეიდს დარჩა. სეტებში ანგარიში გათანაბრდა.

გადამწყვეტი სეტი უეიდმა თითქმის უშეცდომოდ ჩაატარა. მან ბრეიკით დაიწყო, შემდეგ კი მეორე გეიმში საკუთარი მოწოდება შეინარჩუნა. ჰოლანდიელი ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ იმასაც გრძნობდა, რომ მისი მეტოქე გამარჯვებისკენ მიდიოდა. მორიგმა ორმაგმა შეცდომამ (მეცხრემ და ბოლო მატჩში) მის ყველა მცდელობას ხაზი გადაუსვა.

სტოუვი ცდილობდა - შემდეგი გეიმი ბრძოლაში წააგო. მეხუთეში უეიდს სამმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ჰოლანდიელმა ზედიზედ ხუთი გათამაშება მოიგო და პირველი გეიმი აიღო სეტში. თუმცა ეს მისი ბოლო წარმატება აღმოჩნდა. მეექვსე გეიმი ვირჯინიამ "მშრალი" ანგარიშით მოიგო, მეშვიდეში სტოუვის ბადესთან ორი გასვლა შეცდომით დასრულდა. ინგლისელმა ორმაგი მატჩბოლი მიიღო. პირველი სტოუვმა მარცხნიდან შესანიშნავი კროსით მოიგერია, მეორე შემთხვევაში კი ჰოლანდიელმა ისევ ბადეს გაარტყა ბურთი. ამით მატჩი დასრულდა.

30 წლის შემდეგ, "გარდიანისთვის" მიცემულ ინტერვიუში უეიდმა აღიარა, რომ ერთი სიტყვაც ვერ დაიმახსოვრა დედოფლის სიტყვებიდან, რომელმაც ჩოგბურთელს თასი გადასცა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ცენტრალური კორტის ტრიბუნებზე საშინელი ხმაური იყო. მაგრამ ეს არ იყო მთავარი. სპორტულ გამარჯვებებს მონატრებულმა ქვეყანამ ახალი გმირი მიიღო.

1977 წლის უიმბლდონი ორივე ჩოგბურთელისთვის "გედის სიმღერა" აღმოჩნდა. უეიდი ბრიტანეთში წლის სპორტსმენად აღიარეს. სტოუვმა ამ უიმბლდონზე კიდევ ორი ფინალი ითამაშა და ისევ დამარცხდა - წყვილებში მარტინა ნავრატილოვასთან ერთად, მიქსტში - ფრიუ მაკმილანთან. ისიც ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად გამოცხადდა. მომდევნო წელს ვირჯინია ასევე კარგად გამოვიდა უიმბლდონზე, მაგრამ ამჯერად ნახევარფინალში უფრო ძლიერი კრის ევერტი აღმოჩნდა.

1986 წელს, კარიერის დასრულებიდან ერთი წლის თავზე ვირჯინია უეიდმა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიიღო, სამი წლის შემდეგ კი ჩოგბურთის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანეს. ჯინი ზედიზედ 24 წელი გამოდიოდა უიმბლდონზე, რაც ტურნირის აბსოლუტური რეკორდია. ერთით ჩამორჩა მას მარტინა ნავრატილოვა.

ტრიუმფის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში ვირჯინიამ ხუმრობით თქვა - "იმედია, აღარ მოგვიწევს ბრიტანელი ჩოგბურთელის მორიგ გამარჯვებამდე რვა წელი ლოდინი!" ხუმრობა მწარე სიმართლე აღმოჩნდა. მას შემდეგ 33 წელია ბრიტანელებს ფინალამდეც არ მიუღწევიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული