უიმბლდონი. VII დღე: ხუთსაათიანი დრამა

AutoSharing Option
უიმბლდონზე გუშინ მერვედფინალური ეტაპი იმართებოდა, მაგრამ მაყურებელმა უკვე იხილა ტურნირის საუკეთესო მატჩი. ესპანელმა რაფაელ ნადალმა და ლუქსემბურგელმა ჟილ მიულერმა თითქმის ხუთსაათიანი სპექტაკლი დაუდგეს მაყურებელს. უაღრესად დრამატული ორთაბრძოლა სენსაციურად ვეტერანმა მიულერმა მოიგო, რომელიც კარიერაში პირველად თამაშობდა უიმბლდონის მერვედფინალში - 6:3, 6:4, 3:6, 4:6. 15:13.

მიუხედავად იმისა, რომ მიულერი წინა რაუნდებში ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა ნადალის წაგების. რაფას "დიდი სლემის" ტურნირებზე ზედიზედ 10 მატჩი და 30 სეტი ჰქონდა მოგებული და ბრწყინვალე ფორმას აჩვენებდა!

ესპანელი არც გუშინ გამოიყურებოდა ცუდად და
ისევე იმსახურებდა მოგებას, როგორც მისი მეტოქე. ნადალმა პირველი სეტი ისე წააგო, რომ არც ერთი უნებლიე შეცდომა არ დაუშვია, პირველ ორ წაგებულ პარტიაში მხოლოდ ოთხი შეცდომა დაუგროვდა, ხოლო მთლიანად ამ მარათონულ შეხვედრაში - 17 შეცდომა. არადა, ვერ ვიტყვით, რომ ესპანელი აგრესიულად არ თამაშობდა, რადგან 77 "ვინერსი" მიითვალა (მის მეტოქეს 95 "ვინერსი" და 52 უნებლიე შეცდომა ჰქონდა).

რაფას მთავარი ნაკლი გუშინდელ შეხვედრაში ბრეიკ-პოინტების ცუდი რეალიზაცია იყო - 16-დან მხოლოდ ორი (მიულერს - 8-დან სამი). მატჩის მშვენება აღმოჩნდა მეხუთე სეტი, რომელშიც 28 გეიმი გათამაშდა. ორივე ჩოგბურთელს 5-5 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. ნადალმა ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა (ერთი 6:6-ზე და ოთხი - 9:9-ზე), მიულერისთვის კი ხუთივე ბრეიკ-პოინტი მატჩბოლი იყო და ლუქსემბურგელმა მეხუთე ცდაზე მოიპოვა კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება.

მიულერს უკვე მეორე მარათონული მატჩის ჩატარება მოუწია - მეორე წრეში მან 9:7 მოუგო მეხუთე სეტი ლუკაშ როსოლს.

* * *
ყოველი მატჩის შემდეგ უმატებს თამაშს ენდი მარეი. ბრიტანელმა ფრანგი ბენუა პერი დაამარცხა - 7:6(1), 6:4, 6:4 და ზედიზედ მეათედ გავიდა უიმბლდონის მეოთხედფინალში. ენდის ფანტასტიკური სტატისტიკა აქვს "დიდი სლემის" ტურნირებზე - 26 ცდიდან 24-ჯერ არის გასული რვა საუკეთესოს შორის. გამონაკლისი იყო 2015 წლის აშშ-ის ღია (წააგო კევინ ანდერსონთან) და 2017 წლის ავსტრალიის ღია (წააგო მიშა ზვერევთან).

სხვათა შორის, ნადალის წაგებამ გაუადვილა საქმე ენდი მარეის კლასიფიკაციაში ლიდერობის შენარჩუნების მხრივ. თუ ესპანელი ფინალში გავიდოდა, პირველი ნომერი გახდებოდა, ახლა კი ენდის ნახევარიფინალში გასვლა ეყოფა პირველობის შესანარჩუნებლად. მისი მორიგი მეტოქე ამერიკელის სემ კუერი იქნება.

კიდევ უფრო დამაჯერებელი იყო როჯერ ფედერერი, რომელმაც საათსა და 41 წუთში მოუგო გრიგორ დიმიტროვს - 6:4, 6:2, 6:4. შვეცარიელი "დიდი სლემის" ტურნირების 50-ე მეოთხედფინალს ითამაშებს, ხოლო უიმბლდონზე მეთხუთმეტედ მოხვდა რვა საუკეთესოს შორის. როჯერი ნახევარფინალში გასასვლელად მილოშ რაონიჩს შეხვდება და მისთვის რევანში ექნება ასაღები შარშანდელ ნახევარფინალში წაგების გამო.

ნამდვილად უნდა ჩავწეროთ ფავორიტთა შორის მარინ ჩილიჩი, რომელიც სეტის წაუგებლად მიდის წინ. ხორვატმა გადაურბინა ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს - 6:2, 6:2, 6:2 და მეოთხედფინალში სწორედ ჟილ მიულერს შეხვდება.

კაცები
1/8 ფინალი
მარეი (ბრიტ, 1)-პერი (საფ) 7:6(1), 6:4, 6:4
მანარინო (საფ)-ჯოკოვიჩი (სერ, 2) დღეს
ფედერერი (შვეიც, 3)-დიმიტროვი (ბულ, 13) 6:4, 6:2, 6:4
მიულერი (ლუქ, 16)-ნადალი (ესპ, 4) 6:3, 6:4, 3:6, 4:6, 15:13
რაონიჩი (კან, 6)-ა. ზვერევი (გერ, 10) 4:6, 7:5, 4:6, 7:5, 6:1
ჩილიჩი (ხორ, 7)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 18) 6:2, 6:2, 6:2
ბერდიხი (ჩეხ, 11)-ტიმი (ავსტრია, 8) 6:3, 6:7(1), 6:3, 3:6, 6:3
კუერი (აშშ, 24)-ანდერსონი (ს. აფრ) 5:7, 7:6(5), 6:3, 6:7(11), 6:3

1/4 ფინალი
მარეი (ბრიტ, 1)-კუერი (აშშ, 24)
მიულერი (ლუქ, 16)-ჩილიჩი (ხორ, 7)
რაონიჩი (კან, 6)-ფედერერი (შვეიც, 3)
ბერდიხი (ჩეხ, 11)-მანარინო (საფ)/ჯოკოვიჩი (სერ, 2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული