შოკი უიმბლდონზე: ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ენდი მარეიმ გზა გაუნთავისუფლეს როჯერ ფედერერს

AutoSharing Option
უიმბლდონის მეცხრე დღე მამაკაცების მეოთხედფინალებს დაეთმო და გუშინ, მაყურებელი ბევრი დრამატული მომენტის მოწმე გახდა. ბრიტანულ პუბლიკას იმედგაცრუება ელოდა.

მას იმედი ჰქონდა, რომ იოჰანა კონტას შემდეგ, ნახევარფინალში მეორე წარმომადგენელი ეყოლებოდა ენდი მარეის სახით, მით უმეტეს, რომ მსოფლიოს პირველ ნომერსა და მოქმედ ჩემპიონს შედარებით იოლი მეტოქე ელოდა ამერიკელი სემ კუერის სახით.

ენდისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა იქამდე, სანამ ბარძაყის ტრავმა არ მიიღო. მარეიმ მოიგო პირველი სეტი, იგებდა მეორეს ბრეიკით, მაგრამ 3:4-დან ზედიზედ სამი გეიმი დათმო. მასპინძელმა მესამე პარტია ბრეიკით დაიწყო და თითქოს საქმე
ბოლომდე მიიყვანა, თუმცა, 5:4-ზე სეტზე ვერ ჩააწოდა - კუერიმ შეძლო საპასუხო ბრეიკის შესრულება.

ტაი-ბრეიკზე ბრიტანელი უკეთ გამოიყურებოდა და ისევ წინ გავიდა სეტებში, მაგრამ დაცემისას მიღებულმა ბარძაყის ტრავმამ ყველაფერი გააფუჭა. ენდიმ კოჭლობა დაიწყო და ამის შემდეგ ცალმხრივი თამაში წავიდა. რეიტინგის ლიდერს უჭირდა გადაადგილება და მეოთხე და მეხუთე სეტებში განადგურება ელოდა - მხოლოდ ორი გეიმის აღება შეძლო. 2 საათი და 42 წუთი ბრძოლის შემდეგ, კუერიმ 3:6, 6:4, 6:7(4), 6:1, 6:1 მოიგო და 42-ე ცდიდან პირველად გავიდა "დიდი სლემის" ნახევარფინალში.

ამერიკელისთვის ეს იყო ზედიზედ მესამე ხუთსეტიანი შეხვედრა. სხვათა შორის, მან ზედიზედ მეორე უიმბლდონზე შეძლო "დიდი ოთხეულის" წევრის დამარცხება - შარშან, ნოვაკ ჯოკოვიჩს სძლია.

* * *
ასევე პირველად ითამაშებს უიმბლდონის ნახევარფინალში ხორვატი მარინ ჩილიჩი - სემ კუერის მომდევნო მეტოქე. ჩილიჩი ისე მივიდა მეოთხედფინალამდე, რომ სეტი არ ჰქონდა წაგებული, მაგრამ დათმო პირველივე პარტია რაფაელ ნადალის მძლეველ ჟილ მიულერთან. ხორვატი დიდი ხანი ვერ ახერხებდა არა თუ ბრეიკამდე მისვლას, ბრეიკ-პოინტის მოპოვებას.

პირველად მან ეს მესამე სეტის მე-12 გეიმში შეძლო და შანსი გამოიყენა, მანამდე კი მეორე სეტი ტაი-ბრეიკზე აიღო. ნადალთან მარათონული მატჩის შემდეგ (15:13 მეხუთე სეტი), მიულერს დაღლა უნდა დატყობოდა და მართლაც, მეოთხე სეტში მან ოთხი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა მეტოქეს, მაგრამ ჩილიჩმა ეს ვერ გამოიყენა, რასაც მე-11 გეიმში მიულერის ბრეიკი მოჰყვა და სეტებში ანგარიში გათანაბრდა. თუმცა, ვეტერან ლუქსემბურგელს მეხუთე სეტისთვის ძალა აღარ შერჩა - ჩილიჩმა ორი ბრეიკი შეასრულა და პირველივე მატჩბოლი გამოიყენა - 3:6, 7:6(6), 7:5, 5:7, 6:1.

ჩილიჩს ოთხიდან ოთხი მატჩი აქვს მოგებული კუერისთვის.

* * *
დღის მეორე სენსაცია იყო ნოვაკ ჯოკოვიჩის მარცხი. სერბმა ნახევარფინალში გაუშვა ჩოგბურთელი, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 25:3-ს უგებდა და მისთვის ზედიზედ 14 სეტი ჰქონდა მოგებული. სხვათა შორის, ამ სამი მოგებიდან ორი ტომაშ ბერდიხს უიმბლდონზე ჰქონდა.

პირველ პარტიაში ორივე მეტოქეს კარგად ეჭირა საკუთარი მოწოდება, მათ ვერც ერთხელ ვერ მიაღწიეს ბრეიკ-პოინტამდე, ტაი-ბრეიკზე კი დომინირებდა ჩეხი. მეორე პარტიაში ნოვაკმა მაშინვე დათმო საკუთარი მოწოდება, კორტზე ექიმი იხმო და დარწმუნდა, რომ ყველაფერი ცუდად იყო - სერბის უარით ნახევარფინალში ბერდიხი გავიდა.

* * *
როჯერ ფედერერს რევანში ჰქონდა ასაღები მილოშ რაონიჩისთვის შარშანდელ ნახევარფინალში განცდილი მარცხის გამო. ერთი წლის წინ, შვეიცარიელმა ძალიან მძლავრად დაიწყო, მაგრამ თანდათან კარგავდა სისწრაფესა და დარტყმების ძალას და მეხუთე სეტი ჩააგდო. იმ მატჩის როჯერმა მუხლის ტრავმა მიიღო და ნახევარი წელი მკურნალობდა.

ამჯერადაც, მატჩი იგივე სცენარით წარიმართა. პირველ ორ სეტში ფედერერი ანადგურებდა მეტოქეს, მაგრამ ძალიან მოუკლო მესამეში - შვეიცარიელს გაუმართლა, რომ მილოშმა ვერ გამოიყენა ხუთიდან ვერც ერთი ბრეიკ-პოინტი. ტაი-ბრეიკზე როჯერმა ხასიათი აჩვენა: ის 0:3-ს აგებდა, მაგრამ ამოქაჩა და ძალები შემოინახა ბერდიხთან ნახევარფინალისთვის. საერთო ჯამში, როჯერმა ფანტასტიკური სტატისტიკა დააფიქსირა - 46 "ვინერსი" და მხოლოდ 9 უნებლიე შეცდომა.

ეს იყო ფედერერის მე-100 მატჩი უიმბლდონზე და 89-ე მოგება. ლეგენდა მეთორმეტედ გავიდა ამ ტურნირის ნახევარფინალში, რაც ახალი რეკორდია.

როჯერი ბერდიხს 18:6-ს უგებს პირად შეხვედრებში, ბოლო შვიდი მატჩი ზედიზედ მოუგო, მათ შორის ორი წელს - ავსტრალიის ღიაზე და მაიამის "მასტერსზე".

1/4 ფინალი
კუერი (აშშ, 24)-მარეი (ბრიტ, 1) 3:6, 6:4, 6:7(4), 6:1, 6:1
ჩილიჩი (ხორ, 7)-მიულერი (ლუქ, 16) 3:6, 7:6(6), 7:5, 5:7, 6:1
ფედერერი (შვეიც, 3)-რაონიჩი (კან, 6) 6:4, 6:2, 7:6(4)
ბერდიხი (ჩეხ, 11)-ჯოკოვიჩი (სერ, 2) 7:6(2), 2:0 უარი

1/2 ფინალი
ჩილიჩი (ხორ, 7)-კუერი (აშშ, 24)
ფედერერი (შვეიც, 3)-ბერდიხი (ჩეხ, 11)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ივანიშევიჩის შემდეგ ალბათ ჩილიჩი გაისვრის თავის მთავარ შედეგს კარიერაში. რაღაც ძალიან მარტივად მიუშვეს ფედერერი მთავარ ნადავლთან. სიურპრიზები ალბათ ბოლომდე იქნება ამ უიმბლდონზე. ბრიტანელებს კი ქალი გაუჩემპიონდებათ და ამიტომაც მარეის დროზე ადრე ახვევა მეტნაკლებად პროგნოზირებადი იყო. ფინალი ბერდიხი-ჩილიჩი იქნება სავარაუდოდ.
................
10:54 13-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული