გასულ უქმეებზე ასპარეზობა დაასრულეს მოხმალავე და რაპირით მოფარიკავე ვაჟებმა.
რიოს ოლიმპიადის მონაწილე და ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი სანდრო ბაზაძე საკვალიფიკაციო ორთაბრძოლებიდან თავისუფალი იყო, როგორც მსოფლიოს საუკეთესო რეიტინგით პირველ 16-ეულში მყოფი.
დანარჩენმა სამმა მოხმალავემ პლეი ოფში გააღწია. იქ საბა სულამანიძე ამერიკელ ჯეფ სპირთან დამარცხდა - 3:15 და შეჯიბრებას გამოეთიშა, ბექა ბაზაძემ და მიხეილ მარდალეიშვილმა თითო მეტოქე ჩამოიშორეს გზიდან: მარდალეიშვილმა ჩინელ იან ლიუს მოუგო - 15:10, ბექა ბაზაძემ კი კონისორნ
სამწუხაროდ, ჩვენმა ორეულმა მომდევნო ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა - მიხეილ მარდალეიშვილმა მეორე წრეში დაძაბული პაექრობა დათმო პოლად აპიტისთან (საფრანგეთი) - 14:15, ხოლო ბექა ბაზაძემ გუნდურში ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორთან, მსოფლიოს ჩემპიონატების თითო ოქრო-ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელთან, პირადში ევროპის 2013 წლის ჩემპიონსა და 2013-2015 წლების ბრინჯაოს პრიზიორ ტიბერიუ დოლნიჩეანუსთან (რუმინეთი) წააგო - 11:15.
ძმის მარცხისთვის რევანში აიღო სანდრო ბაზაძემ, რომელმაც ჯერ ჩინელი ძიან ჟანი ჩამოაშორა ჩემპიონატს - 15:7, შემდეგ მის გზას დოლნიჩეანუც გაუყენა - 15:11, აი, მერვედფინალში კი გუნდურში ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონთან, მსოფლიოს ჩემპიონატების სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს, აზიური თამაშების სამი ოქროს და ერთი ვერცხლის, ხოლო აზიური ჩემპიონატების ცხრა ოქროს და ოთხი ვერცხლის მედლის მფლობელ ბონგილ გუსთან (კორეა) ვერაფერს გახდა - 13:15 დამარცხდა და საბოლოოდ მე-12 ადგილი დაიკავა.
მარდალეიშვილს - 44-ე, ბექა ბაზაძეს 47-ე ადგილი ხვდა, ხოლო სულამანიძე 90-ე ადგილით დაკმაყოფილდა. მსოფლიოს ჩემპიონობა უნგრელმა ანდრაშ ზატმარმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში ბონგილ გუს აჯობა - 15:11, ბრინჯაოს მედლები კამილ იბრაგიმოვსა (რუსეთი) და ვინსენტ ანსტეტს (საფრანგეთი) ერგოთ.
მოხმალავე ვაჟები დღეს გუნდურ შეჯიბრებაში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მედლებისთვის 29 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოლებენ.
მას შემდეგ, რაც რაპირით მოფარიკავე ლუკა ღაღანიძემ, რომელმაც წლეულს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა, ლაიფციგში ჯგუფური ტურნირი წარმატებით დაძლია და პლეი ოფშიც ორი მეტოქე დაამარცხა - კევინ ჩანი (სინგაპური, 15:12) და იასერ მოჰამადი (საერთაშორისო ფედერაცია, 15:9), გუშინ ტიტულოვან რუს მოფარიკავე ტიმურ საფინთან (გუნდურში რიოს ოლიმპიადის ჩემპიონი და პირადში ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატებზე ორ-ორი ოქროს და ვერცხლის მფლობელი) წააგო - 8:15 და საბოლოოდ 152 მონაწილეს შორის 61-ე ადგილზე გავიდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"