გასულ კვირას ტატიშვილმა ტორონტოს საერთაშორისო ტურნირის ( Western&Southern Open 2 050 000 დოლარი) საკვალიფიკაციოში ტაივანელი კაი-ჩენ ჩანი დაამარცხა - 6:3, 6:3, მეორე წრეში კი თავად წააგო 37-ე ადგილზე მყოფ ესპანელ მარია მარტინეს სანჩესთან - 4:6, 2:6, თუმცა იმ ერთი გამარჯვებით 12 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, რომელიც მომავალი ორშაბათისთვის დაერიცხება. 13 აგვისტოდან
კლასიფიკაციაში 275 ქულით 201-დან 211-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც კარგა ხანია, ტურნირებში არ გამოჩენილა. 273 ქულით 4 საფეხურით (211-დან 215-მდე) ჩაინაცვლა მარგალიტა ჩახნაშვილმა. უფრო დიდი დანაკარგი აქვთ 294-ე ადგილზე მყოფ სოფიო შაფათავას (185 ქულა, 248-ე ადგილიდან) და თათია მიქაძეს (477-ე ადგილი, - 62, 75 ქულა).
რეიტინგში 9 საფეხური დაკარგა 80-ქულიანმა ეკატერინე გორგოძემ (456-ე), იმის მიუხედავად, რომ გერმანული პეჩინგენის ტურნირის საკვალიფიკაციოში ორი შეხვედრა მოიგო - ჩეხ ვერონიკა ზავოდსკასთან (6:4, 6:0) და ჩილელ დანიელა სეგულთან (6:1, 6:0), თუმცა ძირითადი ბადის სტარტზევე ფრანგ ოდრი ბერგოტთან დამარცხდა (6:2, 1:6, 2:6). გორგოძე ამჟამადაც გერმანიაში, ვერსმოლდის 25-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციოში მან ბრიტანელ ელეანორ დინს სძლია - 1:6, 6:3, 6:1. მისი მომდევნო მეტოქეა პოლონელი ანა კორჟენიაკი.
80 ქულით სოფიო ქვაცაბაიამ 466-დან 457-ე ადგილამდე აინაცვლა. წინა კვირას მან სტამბოლის 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზა მე-2 ნომრად, ორი მეტოქეც დაამარცხა - იანინა კოლეტა (სლოვენია, 6:2, 6:1) და ნურია პარისას-დიასი (ესპანეთი, 6:4, 6:0) მესამე წრეში კი კრისტინა შაკოვეცთან (გერმანია, 7:6, 2:6, 4:6) წააგო. ამ უკანასკნელმა მომდევნო ორ მეტოქესაც სძლია და მთავარი პრიზი დაისაკუთრა.
ქვაცაბაია სტამბოლშივე დარჩა და იქვე ისევ 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდა. სტარტზე ამჯერადაც სლოვენიელ ჩოგბურთელს დაუპირისპირდება, ანია პრისლანს. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ჩვენებურს შაკოვეცთან რევანშის შანსი მიეცემა, ცხადია, თუ გერმანელიც სამ ბარიერს გადალახავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"