შარაპოვა: ჩოგბურთიც, ქალაქიც, კაბაც და საყურეც

AutoSharing Option
მარია შარაპოვამ სეზონის დასკვნითი სადიდსლემო ტურნირის, US Open-გან თავისი მოლოდინის შესახებ ისაუბრა. ირკვევა, რომ ნიუ იორკი და "ფლაშინგ მიდოუს" საჩოგბურთო სტადიონი მაშას უსაყვარლესი ადგილებია, თუმცა რუსმა ლამაზმანმა ამერიკის ღია ჩემპიონატის ოფიციალურ საიტს არამხოლოდ წმინდა სპორტულ მიზნებზე, არამედ თავის ჩაცმულობაზეც უამბო.

"აღელვებული ვარ. ზუსტად ერთი წლის წინათ, US Open-ის სტარტამდე მძიმე ტრავმის შემდეგ კონდიციებს ვიმაღლებდი, ახლა კი ვგრძნობ, რომ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვარ. წარმატებული ზაფხული მქონდა და საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. თანაც, არანაირი ტრავმა არ მაწუხებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.

როცა უფრო
ახალგაზრდა ვიყავი, ნიუ იორკი მეტისმეტად ხმაურიან ქალაქად მეჩვენებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ენერგეტიკა შემიყვარდა კიდეც. აქ ჩამოსვლა ყოველთვის მსიამოვნებს. ბოლო დროს ზაფხულისა და შემოდგომის მიჯნა სეზონის ყველაზე საყვარელ მონაკვეთად მექცა. აქაურ გულშემატკივრებს, ტურნირის ატმოსფეროსა და საყოველთაო მღელვარებას ვერაფერი შეედრება. ნიუ იორკში უდიდესი საჩოგბურთო სტადიონია და არასოდეს დავივიწყებ 2006 წლის ჩემპიონატს. მაშინ US Open-ის ჩემპიონი გავხდი და სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა ფეხზე წამომიდგა.

სერენა უილიამსის და ჟუსტინ ანენის არყოფნის მიუხედავად, ტურნირის მონაწილეთა შემადგენლობა მაინც საოცრად ძლიერია და ჩემპიონობის მოპოვება მხოლოდ მრავალი ძლიერი მეტოქის დამარცხების გზით შეიძლება.

ამ ტურნირისთვის კლასიკური ჩაცმულობა შევარჩიე. მისი ძირითადი დეტალი ძველმოდური საყელოა, რომელიც ოდნავი კორექციის წყალობით საკმაოდ თანამედროვედ გამოიყურება. საღამოს კოსტიუმი ღრმა იისფერშია გადაწყვეტილი, დღის კაბა – ღია მწვანეა. კიდევ ლამაზი საყურეები მეკეთება, წვეთის ფორმის ყვითელი ბრილიანტებით", - უამბო მარია შარაპოვამ US Open-ის ოფიციალურ საიტს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული