ზედა ეშელონში აღსაზევებლად საქართველოს, დანიის, ფინეთის, ლატვიის, ჩერნოგორიის, ნორვეგიის, სამხრეთ აფრიკისა და თურქეთის ჩოგბურთელი ქალები იასპარეზებენ. გვესაუბრება საქართველოს ნაკრების კაპიტანი ლალი ზერეკიძე.
- თბილისიდან ეგვიპტეში 16 აპრილს მე და ანა ტატიშვილი გავემგზავრებით. სტამბულის აეროპორტში შემოგვიერთდება სოფიო ქვაცაბაია, რომელიც ამჟამად იტალიის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს.
სოფიო შაფათავა ამერიკის 25-ათასიან ტურნირში თამაშობს და ორშაბათს ქაიროში დაგვხვდება. 17 აპრილს დელეგაციების ოფიციალური რეგისტრაცია და წილისყრა გაიმართება.
რვა ქვეყნის ნაკრებები ორ ჯგუფში გადანაწილდება. იქ
ჩვენს გუნდში პირველ ნომრად, ცხადია, საქართველოს ქალთა ჩოგბურთის ლიდერი ანა ტატიშვილი ითამაშებს. ვინ იქნება მეორე, ამას ადგილზე გადავწყვეტთ. სოფიო შაფათავამ წლევანდელი სეზონი სუსტად დაიწყო, მაგრამ, აი, ახლა ამერიკის 25-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და ძირითად ბადეში მოხვდა. ეტყობა, ნელ-ნელა შედის ფორმაში.
ქვაცაბაიამ კი, მართალია, 10-ათასიანები, მაგრამ ზედიზედ სამი შეჯიბრება მოიგო. ასე რომ, ანგარიშგასაწევი გუნდი გვყავს, თუმცა წინასწარ რამის თქმა ძალიან ძნელია, რადგან მეტ-ნაკლებად რვავე გუნდს აქვს ზედა ეშელონის საგზურების მოპოვების შანსი.
მართალია, დანიას ვოზნიაცკი არ ეყოლება, მაგრამ პირველ ლიგაში თამაშის გამოცდილება გააჩნია; თურქეთი წყვილებში თამაშობს ძლიერად; არც ფინეთი და ლატვიაა ხელწამოსაკრავი. თანაც, დაძაბული გრაფიკი გვექნება: ყოველდღიურად სამ-სამ ორთაბრძოლას გავმართავთ.
კორტებზე ჯერ მეორე ნომრები გავლენ, შემდეგ - ლიდერები; ბოლოს კი, 2:0-ის მიუხედავადაც, წყვილები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. თანაბარი ქულების შემთხვევაში სწორედ სეტები გადაწყვეტს ნახევარფინალისტთა ვინაობას.
- გუნდში მხოლოდ სამი ჩოგბურთელი გვეყოლება?
- ძალიან გვინდოდა, მაკა ჩახნაშვილსაც ეთამაშა, რომელსაც საქართველოს ნაკრების წარმატებებში ლეილა მესხთან, ნინო ლუარსაბიშვილსა და სალომე დევიძესთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის. სწორედ ამ ჩოგბურთელების დამსახურებაა, რომ 1994 წლიდან "ფედერაციის თასის" გათამაშებაში რვაჯერ ვიყავით პირველ ზონაში.
მაკა გამოცდილი სპორტსმენია და ჩვენთვის დიდი ძალა იქნებოდა. ველაპარაკეთ კიდეც. სამწუხაროდ, საერთაშორისო ფედერაციიდან შეჯიბრების ჩატარების ზუსტი თარიღი გვიან მივიღეთ, მაშინ, როცა ჩახნაშვილს საფრანგეთის ერთ-ერთ კლუბთან ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული.
მართალია, სამი ჩოგბურთელით ვითამაშებთ, მაგრამ წარმატებისთვის არაფერს დავიშურებთ. შარშანაც ახლოს ვიყავით მიზანთან, თუმცა ნახევარფინალში პორტუგალიის დასამარცხებლად ერთი ბურთი არ გვეყო. თანაც, მაშინ საპატიო მიზეზით ანა ტატიშვილი არ გვყავდა. წლეულს ჩვენი გუნდი ბევრად უფრო ძლიერია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"