ანა ტატიშვილი: მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები

AutoSharing Option
მომავალ კვირას საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრები კაიროში "ფედერაციის თასის" გათამაშებაში ჩაებმება ევროაფრიკული ჯგუფის მეორე ზონაში.

ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას სხვებთან ერთად დაიცავს მსოფლიო კლასიფიკაციით 85-ე და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება და ეგვიპტეში გამგზავრებამდე ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე ვარჯიშობს. ჩვენი საუბარიც იქ შედგა.

- ინდივიდუალური ტურნირებისგან განსხვავებით, გუნდური შეჯიბრება მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს, რადგან შენ, ფაქტობრივად, საკუთარ თავს არ ეკუთვნი. - ქვეყნის სპორტულ პრესტიჟთან ერთად თანაგუნდელების ინტრესებსაც იცავ, - გვითხრა ანამ. - კაიროში, როგორც ვიცი,
თანაბარი ძალის ნაკრებები მოიყრიან თავს.

მეტოქეების ვინაობას მხოლოდ სამშაბათს შევიტყობთ. ნებისმიერ შაემთხვევაში ბრძოლა იოლი არ იქნება, მაგრამ გუნდის წევრები კაპიტანთან ერთად დიდი შემართებით ვართ და პირველ ლიგაში გადასასვლელად არაფერს დავიშურებთ...

- ანა, კარგა ხანია, თბილისში არ ყოფილხარ. ამ კორტებზე ვარჯიშმა ბავშვობა ხომ არ გაგახსენა?
- აბა, სხვაგვარად როგორ იქნება. ცნობილი მწვრთნელის ვიქტორ ბაქშის ხელმძღვანელობით მე ხომ აქედან გავიკაფე გზა დიდი ჩოგბურთისკენ. ორი დღეა, ვარჯიშებზე ისევ ბატონი ვიქტორი მიწევს კონსულტაციებს. დიდ სპორტში ჩემი დამკვალიანებელი კი მამაჩემია.

უფროსი და თამთა რომ მიიყვანეს ჩოგბურთზე, მეც დავყვებოდი ვარჯიშებზე. ერთ დღეს მშობლებს ვუთხარი - მეც მიყიდეთ ჩოგანი და კორტებზე მატარეთ-მეთქი, რაც განსაკუთრებით მამას გაუხარდა. მაშინ ოთხი წლის ვიყავი, იქიდან მოყოლებული, 18 წელიწადია, კორტებს არ მოვშორებივარ.

მამასთან ერთად 10 წლისა მაიამიში გავემგზავრე და თანატოლთა შორის სერიოზულ საერთაშორისო ტურნირში ვიასპარეზე - "ორანჯბოლის" პირველობაში. მხოლოდ ორი შეხვედრა მოვიგე, მომდევნო წელს მეხუთე ადგილზე გავედი, 2002 წელს კი თორმეტწლიანებში მესამე ვიყავი.

მაშინ გადაწყვიტეს მშობლებმა, ამერიკაში წავეყვანეთ სავარჯიშოდ. 2003 წლის შემოდგომაზე ფლორიდაში ჩავედით და სახელოვანი ჩოგბურთელის - კრის ევერტის აკადემიაში დავიწყე მეცადინეობა ენდი ბრენდის ხელმძღვანელობით.

- როგორც ვიცი, ძალიან მალეც დაწინაურდი...
- თხუთმეტი წლისა 18-წლიანთა ოცეულში შევდიოდი. სამი წელიწადი კიდევ შემეძლო თანატოლებში გამოსვლა, მაგრამ მამისა და მწვრთნელის რჩევით პროფესიონალებში გადავინაცვლე.

- და იყო პირველი ხმაურიანი გამარჯვებაც.
- იმ დღეს რა დამავიწყებს: ველური ბარათით მაიამის სამმილიონიანი ტურნირის ძირითად ბადეში დამიშვეს. სტარტზე მეტოქედ მაშინდელი მსოფლიოს კლასიფიკაციით, მგონი, 30-ე ადგილზე მყოფი ინდოელი სანია მირზა მერგო.

წარმოიდგინეთ: 16 წლის ჯერ კიდევ გამოუცდელი გოგონა, დიდ არენაზე, მაყურებლებით სავსე ტრიბუნების წინ, საქვეყნოდ ცნობილი პროფესიონალის პირისპირ. თავი ზღაპარში მეგონა. დღემდე არ ვიცი, როგორ მოვთოკე ემოციები; ის კი მახსოვს, ორთაბრძოლა სამსაათ-ნახევარს გაგრძელდა. მესამე სეტში 7:6 ვძლიე მირზას. დაღლილობისა და სიხარულისგან ფეხზე ძლივს ვიდექი.

- პროფესიული კარიერის განმავლობაში ერთეულთა შორის ექვსი და წყვილებში ოთხი ტურნირი მოიგე. ყველაზე მეტად, რომელი შეჯიბრება დაგამახსოვრდა?
- შარშანდელი 100-ათასიანი ასპარეზობა, რომელიც იტალიურ კუნეოში გაიმართა. ფინალური პაექრობა ჰოლანდიელ არანტა რუსს მოვუგე და არა მარტო მთავარი პრიზი მოვიპოვე, არამედ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელ ქალთა ასეულში შევედი პირველად. უდიდესი სიხარული ვიგრძენი.

- ფიქრობ, რომ მიზანს მიაღწიე?
- მე ეს არ მითქვამს. მართალია, 100-ათასიან ტურნირში გამარჯვება დიდი ბედნიერებაა, მაგრამ მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები. მაქსიმუმამდე ჯერ კიდევ შორია. ჩემი ოცნებაა უიმბლდონის მოგება. მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ.

შარშან პირველ ასეულში შესვლა მქონდა დაგეგმილი და პირობა შევასრულე. წლეულს სეზონის ბოლომდე 50 საუკეთესოში უნდა მოვხვდე. მანამდე კი ლონდონის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებლად ვიბრძოლებ. საამისოდ ქულების დაგროვებაა საჭირო. ივნისის შუა რიცხვებამდე 6 დიდ ტურნირში მოვსინჯავ ძალებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლან გაროსია, რომელიც 27 მაისს იწყება.

სწორედ საფრანგეთის ღია ჩემპიონატის შემდეგ დაითვლება იმ ჩოგბურთელთა რეიტინგი, რომლებსაც 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში გამოსვლის უფლება მიეცემა. საამისოდ კი დღევანდელი პოზიციიდან სულ მცირე 20 საფეხურით მაინც უნდა წავიწიო წინ.

- პარიზთან უსიამოვნო მოგონებები ხომ არ გაკავშირებს?
- შარშან პირველად ვიასპარეზე საფრანგეთის ღია პირველობაზე. სტარტზე წილისყრამ მასპინძელ მარიონ ბარტოლს შემახვედრა. რომ გავიგე, ცენტრალურ კორტზე როჯერ ფედერერის შემდეგ მიწევდა თამაში, ჩემი დამემართა.

მოჭარბებული ემოციების მიუხედავად, პირველ სეტში მოვახერხე გამოცდილი მეტოქისთვის ჩემი თამაში მომეხვია თავს და ის ხელი 6:1 მოვიგე. მომდევნო სეტებში ჩემი შანსი ვერ გამოვიყენე და 2:6, 1:6 დავმარცხდი. ვეცდები, წლეულს უფრო თამამად ვითამაშო და ბოლომდე ვირწმუნო, რომ ყველა მოწინააღმდეგის დამარცხება შეიძლება.

- საამისოდ კარგი ფსიქოლოგი მწვრთნელიც გჭირდება. ახლა ვისთან ვარჯიშობ?
- როგორც გითხარით, კრის ევერტის აკადემიაში 16 წლამდე ენდი ბრენდი მამეცადინებდა. ის რომ წავიდა, ორი წელიწადი ხან ვისთან ვიყავი, ხან - ვისთან. ახლა, როცა ფლორიდაში ჩავდივარ, გაკვეთილებს იენ მეირისგან ვიღებ, რომელიც მეხუთე წელიწადია მავარჯიშებს. შეჯიბრებებზე კი მამა დამყვება. მე ხომ უფრო ხშირად ტურნირებზე ვარ და გვერდით ერთგული ადამიანი მჭირდება.

ფლორიდაში საწვრთნელად ისევ კრის ევერტის აკადემიის კორტებს ვიყენებ, ორიოდე წუთის სავალზეა ჩემი სახლიდან, თანაც ევერტთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს.

- ფლორიდაში მამასთან ერთად ცხოვრობ?
- არა, დედაც და ჩემი დაც იქ არიან. ასე რომ, ოჯახური სითბო არ მაკლია.

- ალბათ, არც ქართული კერძები გენატრება.
- ნამდვილად არა, როცა ერთად ვართ, დედა ჩვენებური კერძებით გვანებივრებს.

- მახსოვს, ათი წლის ანა ტატიშვილს რომ ვკითხე, ვის ქომაგობ-მეთქი, დაუფიქრებლად მიპასუხა - შუმახერსო. დიდი ანაც "ფორმულა-1"-ის გულშემატკივარია?
- დრონი იცვალნენ. დღეს ჩემი კერპია როჯერ ფედერერი. ტურნირებზე ხშირად ვხვდები ხოლმე. რამდენად დიდი ტალანტი და სახელოვანია, იმდენად თავმდაბალი პიროვნებაა. ყველას მოკრძალებითა და პატივისცემით ეპყრობა. არა მგნია, არსებობდეს ადამიანი, ვისაც როჯერი არ უყვარს.

- ჩოგბურთის გარდა, რა გიტაცებს?
- ფეხბურთი, კალათბურთი, თუმცა ტელევიზორში თუ ვუყურუბ ხოლმე, ისიც იშვიათად. ბოლო დროს ხშირად მიწევს ერთი ქალაქიდან მეორეში გადაფრენა, დაძაბული ვარ. ძალების აღსადგენად სიმყუდროვე მჭირდება. როცა თავისუფალი დრო მაქვს, უფრო წიგნებს ვკითხულობ, ვუსმენ, მუსიკას, ძალიან მიყვარს დედასთან და დასთან ერთად ყოფნა ხშირად მენატრება თბილისი, ნათესავები, მეგობრები. მათ მოსანახულებლად, სამწუხაროდ დრო ცოტა მრჩება.

- გუშინ კორტებიდან ცნობილ კალათბურთელ ნოდარ ქორქიასთან ერთად გახვედი.
- ბატონი ნოდარი ჩემი ნათლიაა. ტაძარში ვიყავით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სრულიად საქართველოს ხვალინდელი დღე - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო. ქრისტე აღდგა!

- ჭეშმარიტად!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ანა სიტყვა და პირობა არ დაგავიწყდეს 50 ქალ ჩოგბურთელსი უნდა გიხილოთ.გისურვებ წარმატებებს
cisko
09:35 17-04-2012
0

სიახლეები პოპულარული