ეს ის ფედერერი აღარ არის

AutoSharing Option

დღე არ გავა უიმბლდონზე ხმაურიანი სენსაცია რომ არ დაფიქსირდეს. ორი დღის წინ ქალების მეოთხედფინალში ვენუს უილიამსისა და კიმ კლაისტერსის გავარდნის შემდეგ, გუშინ მამაკაცთა ტურნირი მოქმედი ჩემპიონის - როჯერ ფედერერის გარეშე დარჩა.
შვეიცარიელი ჩოგბურთელი ნელნელა თმობს თავის პოზიციებს და თანდათანობით წყდება მისი სარეკორდო სერიები. როლან გაროსზე როჯერმა ვერ შეძლო "დიდი სლემის" ტურნირებზე ზედიზედ 24-ედ ნახევარფინალში გასვლა. ახლა კი მისი კიდევ ერთი ბრწყინვალე სერია შეწყდა: 2002 წელს პირველ წრეში წაგების შემდეგ, როჯერი ზედიზედ შვიდჯერ გავიდა უიმბლდონის ფინალში და აქედან ექვსი ტიტული მოიგო.
გუშინ ფედერერის შეჩერება მე-12 ნომრად განთესილმა ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა შეძლო, თანაც ეს მეტად დამაჯერებლად გააკეთა - 6:4, 3:6, 6:1, 6:4.

იმავე 2002 წლიდან მოყოლებული, ფედერერს ბალახზე 77-დან 76 მატჩი ჰქონდა მოგებული, მაგრამ ცუდი ნიშანი იყო ივნისში, გერმანიის ჰალეში ლეიტონ ჰიუიტთან წაგებული შეხვედრა. გუშინდელმა მატჩმა დაადასტურა, რომ ჩვენ, შესაძლოა, ძველი ფედერერი ვეღარ ვიხილოთ.

ფედერერი და ბერდიხი აქამდე ათჯერ შეხვედროდნენ ერთმანეთს და ჩეხს მხოლოდ ორი მატჩი ჰქონდა მოგებული. პირველად მან ეს 2004 წელს ათენის ოლიმპიადაზე შეძლო, მეორედ - წელს მაიამის მასტერსზე. ტომაშს კარგად ესმოდა, რომ შვეიცარიელს მხოლოდ შემტევი ჩოგბურთით თუ დაამარცხებდა. ბერდიხს მთელი მატჩის განმავლობაში ტემპი არ დაუგდია და ჯამში აქტიური მოქმედებით 55 ქულა აიღო, რასაც 12 ეისი მიაყოლა.

ბერდიხმა განსაკუთრებით კარგად მოწოდებაზე ითამაშა - ფედერერმა მთელი მატჩის განმავლობაში ერთადერთი ბრეიკი გააკეთა. ეს მეორე სეტში მოხდა, რომელიც შვეიცარიელმა თავის სასარგებლოდ დაასრულა.
პირველ პარტიაში ფედერერს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია, ბერდიხს კი ასეთი შანსი ერთადერთხელ მიეცა და გამოიყენა კიდეც. მეორე სეტზე უკვე ვთქვით, მესამეში კი ბერდიხს სრული უპირატესობა ჰქონდა, რაზეც ანგარიში მეტყველებს - 6:1.

მთავარი მოვლენები მეოთხე სეტში განვითარდა, რომელშიც როჯერს წარმატების მიღწევის რეალური შანსი ჰქონდა. 3:2-ზე მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სამმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ბერდიხმა ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ ფედერერმა მეოთხე ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ეს შანსიც ვერ გამოიყენა, მომდევნო გეიმში კი თავად წააგო საკუთარი მოწოდება, რაც პრაქტიკულად წაგების ტოლფასი იყო. 5:4-ზე ბერდიხმა მეორე მატჩბოლიდან კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია.

"არ მგონია, რომ დღეს ცუდად ვითამაშე, უბრალოდ ბერდიხმა თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა. აქამდე მასთან ათჯერ მქონდა ნათამაშები და ტომაშმა დღეს აჩვენა რა შეუძლია სინამდვილეში. წელს ის უფრო სტაბილურად თამაშობს, ვიდრე გასულ წელს. დღეს ჩემი ერთადერთი პრობლემა დაცვაში თამაში იყო. ვერ ვაჩვენე ყველაფერი, რაც შემიძლია. რა თქმა უნდა, ამის გამო იმედგაცრუებული ვარ, - განაცხადა როჯერმა.

აღსანიშნავია, რომ ამ წაგების შემდეგ ფედერერი მომავალი ორშაბათიდან მესამე ადგილამდე დაქვეითდება AთP-ის რეიტინგში, რაც 2003 წლის 10 ნოემბერის შემდეგ არ მომხდარა. როჯერი ნოვაკ ჯოკოვიჩს გაუშვებს წინ.

ჯოკოვიჩმა გუშინ ყველაზე იოლ გამარჯვებას მიაღწია და სწორედ ის შეხვდება ნახევარფინალში ბერდიხს. უიმბლდონის სამგზის ფინალისტის ენდი როდიკის დამარცხების შემდეგ, ტაივანელ იენ-ჰსუნ ლუს კიდევ ერთი სენსაციისთვის არც ძალა აღმოაჩნდა და არც კლასი. თანაც ჯოკოვიჩი აშკარად კარგ ფორმაში შეხვდა უიმბლდონის გადამწყვეტ მატჩებს.

სერბს ორი საათიც არ დასჭირდა აზიელი ჩოგბურთელის დასამარცხებლად. ლუს მეტოქის გეიმებზე პრაქტიკულად შანსი არ ჰქონია. ჯოკოვიჩის მოწოდებაზე სულ 13 გეიმი გათამაშდა და ნოვაკმა მხოლოდ 12 ქულა დაუთმო, პირველი მოწოდებით კი 28-დან 26 ქულა აიღო, აქედან 15 ზედიზედ. საკმარისია აღინიშნოს, რომ ტაივანელს მთელი მატჩის განმავლობაში ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია.
ჯოკოვიჩმა გაიმეორა 2007 წლის შედეგი - ნოვაკი მაშინაც ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ რაფაელ ნადალთან ტრავმის გამო მესამე სეტში შეწყვიტა ბრძოლა.

"ჯოკერს" თავადაც მოსწონს უიმბლდონზე საკუთარი თამაში: "ასეთი გამარჯვება ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. მთელი კარიერის განმავლობაში ხან პროგრესის პერიოდი მქონდა, ხან - ჩავარდნის, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ ყველაფერი დალაგდა. მომწონს ის ჩოგბურთი, რომელსაც ამ უიმბლდონზე ვაჩვენებ.

ფედერერისა და ბერდიხის მატჩის რამდენიმე გეიმი ვნახე და უნდა ვთქვა, რომ ტომაში ძალიან კარგად თამაშობდა. ვფიქრობ, თუ ისევე კარგად ვითამაშებ ნახევარფინალში, როგორც ეს დღეს გავაკეთე, ფინალში გასვლის შესანიშნავი შანსი მექნება".
დანარჩენ ორ მეოთხედფინალშიც ფავორიტებმა იმარჯვეს, თუმცა ორივე შეხვედრა მეტად დამაინტრიგებლად დაიწყო. შვედმა რობინ სიოდერლინგმა რაფაელ ნადალთან პირველ სეტში 5:0 წაიყვანა ანგარიში. მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა გონს ესპანელი ჩოგბურთელი და ზედიზედ სამი გეიმი აიღო, თუმცა პირველი სეტის გადარჩენა ვეღარ მოასწრო. სამაგიეროდ, დარჩენილ სეტებში რაფაელმა სერიოზულად მოჰკიდა საქმეს ხელი. ნადალმა შეცდომებს უკლო და დარჩენილი სამი სეტი ძალიან სტაბილურად გამოიყურებოდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ ესპანელმა მხოლოდ 12 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

ასევე წააგო პირველი სეტი მასპინძელი ფანების კერპმა ენდი მიურეიმ - ფრანგმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ პარტია ტაი-ბრეიკზე მოიგო, მაგრამ საერთო ჯამში ბრიტანელმაც დამაჯერებელი თამაში აჩვენა. ენდის ანგარიშზე 14 ეისი, აქტიურად მოგებული 46 ქულა და მხოლოდ 14 უნებლიე შეცდომა მოდიოდა.

* * *
სენსაციები გუშინ წყვილთა თანრიგშიც ვიხილეთ - კაცებშიც და ქალებშიც მთავარი ფავორიტები გამოეთიშნენ ბრძოლას.
დებმა უილიამსებმა ავსტრალიის ღიასა და როლან გაროსის მოგების შემდეგ ვერ შეძლეს უიმბლდონზე გამარჯვება. მეოთხედფინალში სერენასა და ვენუსის დამარცხება ელენა ვესნინასა და ვერა ზვონარევას რუსულმა დუეტმა შეძლო - 3:6, 6:3, 6:4.

ამერიკელებმა პირველი სეტის მოგების შემდეგ მეორე და მესამე პარტიებში უამრავი ბრეიკ-პოინტი გაანიავეს და მოგება აჩუქეს რუსებს. არადა, უილიამსები "დიდი სლემის" მე-13 და უიმბლდონის მეხუთე ტიტულს უმიზნებდნენ.
წააგო მეორე ოჯახურმა წყვილმა. ბობ და მაიკ ბრაიანებმა ასევე მეოთხედფინალში დათმეს შეხვედრა ინტერნაციონალურ დუეტთან 39 წლის ბელგიელი დიკ ნორმანისა და სამხრეთაფრიკელი უესლი მუდის შემადგენლობით - 6:7(4), 6:7(5), 7:6(3), 5:7.

ამერიკელთა დუეტს 2006 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული უიმბლდონი. სხვათა შორის, აქ გამარჯვებით მათ კაცების წყვილთა თანრიგში ყველა დროის რეკორდის დამხობა შეეძლოთ. ბრაიანებს პროფესიულ ტურში 61 ტიტული აქვთ მოგებული, რითაც უთანაბრდებიან ავსტრალიელების - მარკ ვუდფორდისა და ტოდ ვუდბრიჯის ლეგენდარულ დუეტს, მაგრამ ძმებმა დროებით გადადეს რეკორდის დამყარება.

კაცები
1/4 ფინალი
ტომას ბერდიხი (ჩეხ. 12)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 1) 6:4, 3:6, 6:1, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 3)-იენ ჰსუნ ლუ (ტაივ) 6:3, 6:2, 6:2; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 10) 6:7(5), 7:6(5), 6:2, 6:2; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-რობინ სიოდერლინგი (შვედ, 6) 3:6, 6:3, 7:6(4), 6:1.

1/2 ფინალი
ბერდიხი (12)-ჯოკოვიჩი (3); მიურეი (4)-ნადალი (2).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული