ქართველი ჩოგბურთელები პირველ ზონაში მეცხრედ აღზევდნენ

AutoSharing Option
ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა "ფედერაციის თასის" გათამაშება ევროაფრიკული ზონის II ჯგუფის გუნდებისთვის, რომლებიც პირველ ზონაში გადასასვლელი ორი საგზურისთვის იბრძოდნენ.

საქართველოს ნაკრებმა (ანა ტატიშვილი, სოფიო შაფათავა, სოფიო ქვაცაბაია, კაპიტანი ლალი ზერეკიძე) თავის ქვეჯგუფში სამივე მეტოქეს (ნორვეგიას - 3:0, ლატვიას 2:1, თურქეთს - 3:0) სძლია და პლეი ოფში გავიდა, სადაც შაბათს A ჯგუფის მეორეადგილოსან ჩერნოგორიას დაუპირისპირდა.

ჩვენმა გოგონებმა ეს შეხვედრაც, ასე ვთქვათ, ერთი ამოსუნთქვით მოიგეს - 3:0: სოფიო შაფათავა - ვლადიცა ბაბიჩი 6:2, 6:3, ანა ტატიშვილი - დანკა კოვინიჩი
6:2, 6:2, სოფიო ქვაცაბაია, სოფიო შაფათავა - ვლადიცა ბაბიჩი, მილიცა სლიუკიჩი 6:3, 6:4.

ამ გამარჯვებით ზერეკიძის შეგირდებმა პირველი ზონაში გამოსვლის უფლება მეცხრედ დაიმსახურეს. გაისად მათთან ერთად იასპარეზებს თურქეთის გუნდიც, რომელმაც, ასევე, იოლად დაამარცხა სამხრეთ აფრიკა - 3:0: პემრა ოზგენი - ილზე ჰატინგი 6:4, 6:2, კაგლა ბუიუკაკჩაი - ნატალი გრანდინი 2:6, 6:2, 6:4, პემრა ოზგენი, მელის სეზერი - ლინ კირო, მადრი ლე როუქსი 6:4, 6:2.

შაბათსვე გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც მესამე ზონაში ჩამოქვეითდებიან. ესენი არიან ნორვეგია და დანია, რომლებმაც ერთნაირი ანგარიშით (0:3) წააგეს ფინეთთან და ლატვიასთან. მათ ადგილებს, შესაბამისად, მაროკოს და ირლანდიის მძლეველი ლიტვა და ტუნისი დაიკავებენ.

პირველი ზონა ჯერ კიდევ თებერვალში ესტონეთმა და საბერძნეთმა დატოვეს. გადამწყვეტი მატჩი ბალტიისპირელებმა ჰოლანდიელებთან დათმეს (1:2), ელინელებს კი ასეთივე ანგარიშით ლუქსემბურგელებმა აჯობეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული