ჩვენებურები უცხოეთის კორტებზე

AutoSharing Option
რამდენიმე დღის შემდეგ ლონდონში უიმბლდონის მთავარი საჩოგბურთო ტურნირი დაიწყება.

ძირითად ბადეში ქართველი ანა ტატიშვილიც ითამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთადერთმა ჩვენებურმა - მაკა ჩახნაშვილმა მოსინჯა ძალები.

სამწუხაროდ, უიღბლოდ - სტარტზევე სამხრეთაფრიკელ ჩანელ სიმონდსთან დამარცხდა - 4:6, 0:6. დიდი ბრიტანეთის გარდა, ქალთა საერთაშორისო ტურნირები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს.

შვეიცარიული ლენცერჰეიდე 25-ათასიან შეჯიბრებას მასპინძლობს. აქ ორი ჩვენებური ჩაება. სოფიო ქვაცაბაიამ საკვალიფიკაციო ეტაპზე პაულა ნატალია ორლინი კამპოსი (იტალია, 6:3, 6:0) და იულია შილერი (ავსტრია, 7:6, 6:3)
დაამარცხა, ხოლო ეკატერინე გორგოძემ სოფია დმიტრიევას (რუსეთი, 6:1, 6:2) და კატინკა ვონ დიჩმანს (ლიხტენშტეინი, 6:4, 6:4) სძლია.

ქვაცაბაიამ ძირითად ბადეშიც ორჯერ იზეიმა გამარჯვება: ჯერ მე-5 ნომრად განთესილ პემრა ოზგენს (თურქეთი) დააყრევინა ფარ-ხმალი - 7:6, 6:1, მეორეში კი ჩეხი ტერეზა სმიტკოვას დასამარცხებლად სამი სეტი დასჭირდა: 4:6, 6:0, 6:3.

რაც შეეხება გორგოძეს, მან პირველი ხელი მოუგო სლოვენიელ მაშა ზეჩ-პესკირიჩს 6:3, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორი დათმო - 3:6, 1:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა. ქართველმა ჩოგბურთელებმა წყვილებშიც მოსინჯეს ძალები. ჩვენებურთა დუეტმა პირველ წრეში ბრაზილიელებს - კარლა ფორტეს და ლაურა როგოსს აჯობა: 3:6, 6:1, 12:10, მეოთხედფინალი კი ოზგენ-ზეჩ-პესკირიჩთან დათმო - 6:3, 3:6, 1:6.

ფრანგულ მონპელიეში სოფიო შაფათავამ 25-ათასიანი ტურნირის პირველივე ბარიერთან წაიფორხილა - მასპინძელ ალიზ ლიმისთან წააგო - 4:6, 2:6. წყვილთა პაექრობაში ბელარუს პოლინა პეხოვასთან ერთად ჩაება.

მართალია, ინტერნაციონალურმა დუეტმა პირველ წრეში იოლად დაძლია ფრანგების - ამანდინ ჰესისა და ალიზ ლიმის წინააღმდეგობა (6:3, 6:3), მაგრამ შემდეგ ასევე მასპინძლების წყვილს (სევერინ ბელტრამი, ლაურა ტორპე) ვერ გასცდა - 2:6, 6:7.

შვედეთის 25-ათასიან ტურნირში წარუმატებლად ითამაშა ოქსანა კალაშნიკოვამ - მერვედფინალში ბელარუს ილონა კრემენთან წააგო - 1:6, 6:7.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული