ანა ტატიშვილმა უიმბლდონზე კამილა ჯორჯის ვერ აჯობა

AutoSharing Option
უკვე გაუწყეთ, რომ ქართველი ჩოგბურთელები - ანა ტატიშვილი და მარგარიტა ჩახნაშვილი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზებენ.

ორივემ ჩვენებურმა საერთაშორისო ტურნირებზე მორიგი შეხვედრები გამართა. ჩახნაშვილი რომის 25-ათასიან შეჯიბრებაში სცდის ძალებს. იგი მე-6 ნომრადაა განთესილი. პირველ წრეში მაკამ ბერძენი მარია საკარი დაამარცხა - 7:5, 6:2.

მეორეში ტურნირზე "ველური ბარათით" დაშვებულ მასპინძელს - ანგელიკა მორატელის დააყრევინა ფარ-ხმალი 6:4, 6:3. მეოთხედფინალში იგი ისევ აპენინელს - მე-3 ნომრად განთესილ ნასტასია ბურნეტს დაუპირისპირდება, რომელმაც თანამემამულე ანასტასია გრიმალსკას აჯობა - 2:6, 7:5, 6:3.

უიმბლდონის ტურნირზე პირველი
წრე წარმატებით გადალახა ტატიშვილმა - ტაილანდელ ტამარინე ტანასგურანს მოუგო - 6:4, 6:2 და სარეიტინგი 100 ქულაც დაიცვა.

27 ივნისს იტალიელ ფლავია პენეტას მძლეველ კამილა ჯორჯის (იტალია) შეხვდა. ეს უკანასკნელი ქალთა საერთაშორისო საჩოგბურთო ასოციაციის რეიტინგში 145-ე ადგილზეა, ტატიშვილი - 73-ზე. 72 საფეხურით დაბლა დგომამ ხელი ვერ შეუშალა ჯორჯის, წარმატებისთვის მიეღწია - ტატიშვილი მან ორ სეტში დაამარცხა - 6:3, 6:1.

საფრანგეთის 25-ათასიან საერთაშორისო ტურნირში თამაშობს სოფიო შაფათავა. პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი ბულგარელ ალექსანდრინა ნაიდენოვას დანებდა - 2:6, 3:6, სამაგიეროდ, წყვილებში აიღო რევანში: სოფიომ ბელარუს პოლინა პეხოვასთან ერთად ნაიდენოვას და არგენტინელ ვანესა ფურლანეტოს დუეტს 7:6, 6:3 აჯობა, მეოთხედფინალში კი მარია ანდრეა გარდენასი (ვენესუელა) და ევა ფერნანდესი (ესპანეთი) დაჯაბნა - 6:3, 6:1. ნახევარფინალში შაფათავა და პეხოვა აგენტინელებთან - მაილენ აუროუსთან და მარია ირიგოენთან გაარკვევენ ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული