მათ შორისაა ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიანტი, თბილისელი ანა ტატიშვილი (73-ე). შეჯიბრების სტარტზე მან რეიტინგში 131-ე ადგილზე მყოფ ვალერია სავინიხს (რუსეთი) სამ სეტში მოუგო - 3:6, 6:3, 6:3.
მეორე წრეში ჩვენებური იტალიელ მარია-ელენა კამერინის მძლეველ (7:6, 6:4) ჩეხს - ევა ბირნეროვას (106-ე) დაუპირისპირდება. ისინი წლეულს პირველად აკაპულკოში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ტატიშვილმა 3 სეტში აჯობა (6:4, 4:6, 6:3) მეტოქეს.
პირველი წრის გადალახვით ანამ მონაგარს
საგულისხმოა ისიც, რომ ტატიშვილი წყვილებშიც მოსინჯავს ძალებს სერბეთის სახელით მოთამაშე ვესნა დოლონცთან ერთად.
ბიელას ტურნირში შარშან მაკა ჩახნაშვილმა იასპარეზა და ნახევარფინალს უწია. ამჟამად ლონდონის ოლიმპიადის კიდევ ერთი ლიცენზიანტი გერმანიაში ვერსმორლდის 50-ათასიან ტურნირში სცდის ძალებს.
პირველ წრეში იგი არგენტინელ მარია ისიგოენთან გაარკვევს ურთიერთობას.
ფრანგული დენაინის 25-ათასიან ტურნირში ჩაება სოფიო შაფათავა, რომელმაც სტარტზე მანონ არკანგიოლი (საფრანგეთი) დაამარცხა - 6:2, 6:4. მეორე წრეში ფრანგი ბერგოტის დამჯაბნელ (6:2, 6:1, 7:6) ხორვატს - ანა ვარლიჩს შეხვდება.
სოფიომ წყვილებშიც იზეიმა პირველი გამარჯვება - რუს ანგელინა გაბიევასთან ერთად მარინა კაჩარისა (სერბეთი) და გრაცია რადოვანოვიჩი (საფრანგეთი) ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 2:6, 10:5. მეოთხედფინალში ჩვენებურს პირველ ნომრად განთესილი ქრისტინა-ანდრეა მიტუსა (რუმინეთი) და პეგრა ოზგენის (თურქეთი) წყვილი ელოდება.
პოლონური ტორუნის საერთაშორისო ტურნირის (25 000$) ძირითად ბადეში საკვალიფიკაციოდან მოხვდნენ სოფიო ქვაცაბაია და ეკა გორგოძე.
ქვაცაბაიამ წინასწარ ეტაპზე პოლონელ ალექსანდრა ზავადსკას (6:0, 6:1) და უკრაინელ გალინა როზნიჩენკოს (6:2, 2:6, 6:2) მოუგო, ხოლო გორგოძემ პოლონელი სილვია მიკოლაიჩუკი (6:0, 6:2) და უკრაინელი ნადია კოლბი (6:3, 6:2) დაჯაბნა.
ძირითადი ბადის პირველ წრეში ისინი, შესაბამისად, ზუზანა ზლოჩოვასა (სლოვაკეთი) და ნადია კიჩენოვს (უკრაინა) გაუწევენ მეტოქეობას.
სტამბულის 10 000-იანი საერთაშორისო ტურნირის საკვალიფიკაციოდან აიღეს სტარტი ნათია გეგიამ და თამარ ჭალაგანიძემ.
ამ უკანასკნელმა პირველ წრეში რუსი იანა მოგილნიტსკაია დაამარცხა - 6:3, 3:6, 6:2, მაგრამ მეორეში გეგიასთან წააგო - 4:6, 0:6. ძირითად ბადეში ვერც ნათიამ იყოჩაღა - პირველივე პაექრობა შვედ სანდრა რომასთან დათმო - 3:6, 6:2, 4:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"