ქართული ჩოგბურთი კვლავ ოლიმპიურ სარბიელზეა

AutoSharing Option
ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ლეილა მესხი, სპორტის ამ სახეობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ერთადერთი გახლავთ, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში ორჯერ მიიღო მონაწილეობა.

1989 წელს სეულში მან პირველი წრე გადალახა, ხოლო ოთხი წლის შემდეგ ბარსელონაში რუს ნატალია ზვერევასთან ერთად წყვილებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2004 წელს ათენის ოლიმპიადაზე უნდა ეასპარეზა ირაკლი ლაბაძეს, მაგრამ ხელის ტრავმის გამო მან ეს ვერ შეძლო.

"ლელოს" მკითხველებმა იციან, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე ერთბაშად ორი ქართველი ჩოგბურთელი იასპარეზებს. ესენი არიან ანა ტატიშვილი, რომელიც დღევანდელი მსოფლიოს რეიტინგით 73-ეა, და მარგარიტა ჩახნაშვილი.

ორივე ჩოგბურთელი
ამჟამად უცხოურ ტურნირებში სცდის ძალებს. ამიტომ თბილისში 21 ივლისამდე ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.

5 ივლისს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა და ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლეილა მესხმა პრესკონფერენცია გამართეს.

გია ნაცვლიშვილი: "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ ლონდონის ოლიმპიადის ორი საგზური მოიპოვა.

სეოკ-სა და ფედერაციას შორის თანამშრომლობა ოთხი წლის წინათ დაიწყო. მსოფლიოში იშვიათი შემთხვევაა, რომ ოლიმპიური კომიტეტი პროფესიონალ ჩოგბურთელებს აფინანსებს, რადგან ისინი უმთავრესად სპონსორების ხარჯზ
ე გადიან ფონს.

ჩვენი მიზანი იყო, ლონდონში წარმომადგენელი გვყოლოდა ისეთ პრესტიჟულ და ელიტარულ სპორტის სახეობაში, როგორიც ჩოგბურთია. ამიტომ ჯერ სამ, მერე ორ სპორტსმენს ვეხმარებოდით. ბოლოს ანა ტატიშვილზე შევჩერდით, რადგან ლონდონში მოხვედრის ყველაზე მეტი შანსი მას გააჩნდა. მართლაც, ანამ კარგი შედეგი აჩვენა.

იგი დღეს მსოფლიო რეიტინგში 73-ეა, ხოლო ოლიმპიურში სამოცეულის ზღვართანაა. სწორედ ამის გამო მოგვცა საერთაშორისო ფედერაციამ ორი საგზური. თუმცა ამ საქმეში ეროვნული ფედერაციისა და პირადად მისი ხელმძღვანელის - ქალბატონ ლეილა მესხის წვლილიც მნიშვნელოვანია.

ის, რომ საქართველოს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ოლიმპიურ თამაშებში ორი წარმომადგენელი ეყოლება ჩოგბურთში, მომავალი თაობისთვის სტიმული იქნება. უფრო მეტი მოზარდი მიაშურებს კორტებს და სამომავლოდ უკეთესი სპორტსმენებიც გვეყოლება"
.

ლეილა მესხი: "ანა ტატიშვილს წლების განმავლობაში უსახსრობის გამო პირადი მწვრთნელი არ ჰყავდა.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით, მან ეს პრობლემა მოაგვარა, რაც შედეგებსაც დაეტყო. დიდი მადლობა სეოკ-ს ამ თანადგომისთვის.

რაც შეეხება საგზურების მოპოვებას, საერთაშორისო ფედერაცია დიდ ყურადღებას აქცევს სპორტსმენის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში დევისის ან ფედერაციის თასზე გამოსვლას.

ვისაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყნის ნაკრებში არ უთამაშია, ის ოლიმპიურ თამაშებში ვერ იასპარეზებს.

მოგეხსენებათ, ჩოგბურთი ინდივიდუალური სპორტია და პროფესიონალები ნაკრებში თამაშს გაურბიან, რასაც ქართველ ჩოგბურთელებზე ვერ ვიტყვით. პირიქით, ანა ტატიშვილმა წლეულს ჩვენს ქალთა გუნდს დიდი სამსახური გაუწია - ფედერაციის თასზე, ექვსი წლის შემდეგ, ევროაფრიკული ზონის პირველ ჯგუფში გადავედით.

მართალია, ვაჟთა ჩოგბურთში დიდი შეფერხება გვაქვს, მაგრამ მოდიან ახალგაზრდები, რომლებიც საერთაშორისო სარბიელზე მალე გვასახელებენ.

ჩვენი ფედერაცია ყველაფერს აკეთებს სპორტის ამ სახეობის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის.

ამიტომაც საერთაშორისო ფედერაციამ გარჯა დაგვიფასა და ლონდონის ოლიმპიადის ორი საგზური გამოგვიყო.

ანა ტატიშვილთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, რომ წყვილებში მასთან ერთად ჩაჩხნაშვილს ეთამაშა. მაკასაც დიდი წვლილი მიუძღვის ბოლო წლებში ქართული ჩოგბურთის განვითარებაში და ღირსია, ოლიმპიადაზე გამოსვლის შანსი მიეცეს.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი გოგონები ბრიტანეთის დედაქალაქის ოლიმპიურ კორტზე თავს არ შეირცხვენენ"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქართველები ლონდონის ოლიმპიადაზე: ძველი მაჩვენებლით ახალ თამაშებზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტურისტებად მიდიან
mirage
11:30 06-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული