განსაკუთრებით გულდასაწყვეტი ის არის, რომ პალერმოში, 220 000-იან ტურნირზე, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელს, ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიანტ ანა ტატიშვილს წყვილებში ასპარეზობის წინ მოთელვისას მარჯვენა ფეხის კუნთი დაეჭიმა და ასპარეზობა ვერ შეძლო.
ოღონდ რამდენად სერიოზულია ეს ტრავმა, ამ დღეებში გამოჩნდება. ჩვენებურს ესპანელ ესტრელა კაბესა კანდელასთან ერთად მარია კონდრატიევას (რუსეთი) და სოფი ლეფევრის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა.
საღამოს ანა ერთეულთა თანრიგში მაინც გავიდა კორტზე მე-5 ნომრად განთესილ კარლა სუარეს ნავაროსთან (ესპანეთი) საპაექროდ.
პალერმოს ტურნირს წყვილებში შემორჩა თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელმაც ბელარუს ეკატერინა ძანელევიჩთან ერთად პირველ წრეში სანდრა კლემენშიტცისა (ავსტრია) და ვალერია სავინიხის (რუსეთი) დუეტს აჯობა.
მეორე წრეში ისინი ელენა ბოვინას (რუსეთი) და ალიზ კორნეტს (საფრანგეთი) დაუპირისპირდებიან.
სტამბულში, 10 000-იანი ტურნირის ერთეულთა თანრიგში, ანი გოგვაძემ ბულგარელ ჯულია სტამატოვასთან წააგო - 2:6, 5:7.
ნათია გეგიამ სტარტზე ავსტრალიელი ები მიერსი დაჯაბნა - 6:0, 5:7, 6:1, მეორეში კი თავად დანებდა ესპანელ ოლგა ლარას - 3:, 4:6. წყვილებში მასპინძელმა კემრე ანილიმ და ანი გოგვაძემ აზერბაიჯანელ კამილა ფარხადსა და ნათია გეგიას აჯობეს - 6:0, 1:6, 11:9, მეორეში მათ ნიკოლა ჰორაკოვას (ჩეხეთი) და იულია სტამატოვას (ბულგარეთი) წინააღმდეგობა ვერ დაძლიეს -3:6, 3:6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"