ანა ტატიშვილი შვედეთში მხოლოდ წყვილებს შემორჩა

AutoSharing Option
შვედურ ბასტადში ჩოგბურთელ ქალთა 220 000-იან ტურნირზე ანა ტატიშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო მსოფლიო რეიტინგში 63-ე ადგილზე მყოფ სილვია სოლერ ესპინოსასთან (ესპანეთი).

მართალია, ჩვენებურმა მეორეში 6:3 სძლია მეტოქეს, მაგრამ პირველი და მესამე სეტები, შესაბამისად, 4:6, 0:6 დათმო და ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა (საგულისხმოა, რომ ანა შარშანაც პირველ წრეში დამარცხდა სლოვენიელ პოლინა ჰერცოგთან. ამდენად, შვედეთში ქულები არ ჰქონდა დასაცავი, თუმცა არც რეიტინგისთვის შეუმატებია რაიმე).

22 წლის ტატიშვილმა წყვილებში რუს ვალერია სოლოვიევასთან ერთად იყოჩაღა - ტურნირზე მესამე ნომრად განთესილ დარია ჯურაკსა (ხორვატია) და კატალინ
მაროშის (უნგრეთი) დუეტს სამ სეტში სძლია - 5:7, 6:2, 10:4. ანა და ვალერია მეოთხედფინალში სანდრა კოიმენტსა (ავსტრია) და ტატიანა მალეკს (გერმანია) დაუპირისპირდებიან.

უკრაინის ქალაქ დონეცკში 50 000-იანი ტურნირის სტარტზე სოფიო ქვაცაბაია მასპინძელ კატერინა კოზლოვასთან დამარცხდა - 1:6, 2:6. სოფიომ ვერც წყვილებში იყოჩაღა - ოლგა იანჩუკთან (უკრაინა) ერთად პირველი წრის შეხვედრა ანასტასია კირილოვას (უკრაინა) და ესტერ მასურის (ისრაელი) დუეტთან წააგო - 6:7, 6:4, 9:11.

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანის 25 000-იან ტურნირში სამი ჩვენებური ჩაება. სოფიო შაფათავა ძირითად ბადეში დაუშვეს. სტარტზე მან რუს საბინა კურბანოვას აჯობა - 6:4, 7:5. მე-2 წრეში პირველ ნომრად განთესილი იაპონელის - კურუმი ნარის მძლეველ კსენია მილევსკაიასთან (ბელარუსი) გაარკვევს ურთიერთობას.

ასტანაშივე ეკა გორგოძემ კვალიფიკაციაში ყაზახი ალექსანდრა გრინჩიშინა იოლად დაჯაბნა - 6:1, 6:1 და მთავარ ბადეში მოხვდა, მაგრამ იქ პირველივე პაექრობა უზბეკ ნიგინა აბდურაიმოვასთან სამ სეტში დათმო - 3:6, 6:4, 1:6.

აი, წყვილებში კი სამივე ჩვენებური გავიდა მეორე წრეში: მე-4 ნომრად განთესილმა შაფათავა-გორგოძის დუეტმა სტარტზე ბელარუსები - კსენია მილევსკაია და სვიატლანა პირეჟენკა ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:2. მე-2 წრეში ჩვენებს ვერონიკა კაპშაი (უკრაინა) და ეკატერინა იაშინა (რუსეთი) ელით.

ოქსანა კალაშნიკოვა რუს მარტა სიროტკინასთან (ისინი მე-3 ნომრად არიან განთესილნი) ერთად გავიდა კორტზე და ზალინა ხაირუდინოვას (ყაზახეთი) და ანასტასია მუხამეტოვას (რუსეთი) დუეტი დაამარცხა - 6:2, 6:2. მე-2 წრეში ეკატერინა ბიჩკოვას (რუსეთი) და კსენია პალკინას (ყირგიზეთი) წყვილს დაუპირისპირდება.

იტალიური იმოლას 25 000-იან ტურნირში პირველ ნომრად განთესეს ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიანტი მარგალიტა ჩახნაშვილი. ასპარეზობის სტარტზე მან პირველი სეტი 7:5 მოუგო მასპინძელ იულია მეირს, მეორე ხელი კი 5:7 დათმო. მესამეში, როცა იტალიელი 4:1-ს იგებდა, ქართველმა ჩოგბურთელმა ტრავმის გამო შეჯიბრების გაგრძელება ვერ შეძლო.

სტამბულის 10 000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამარ ჭალაგანიძემ ავსტრალიელ სკაი ჰოფერს კი მოუგო (6:4, 6:2), მაგრამ იაპონელ კანა დანიელთან ვერას გახდა - 1:6, 1:6. ძირითად ბადეში ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენელ იურინა კოშინოსთან დამარცხდა ნათია გეგია - 6:2, 3:6, 4:6.

სამაგიეროდ, ნათიამ იაპონელ იოშიმი კავასაკისთან ერთად დაძლია პირველი ბარიერი - ოლგა პერესისა (ესპანეთი) და დიანა სტომლეგას (რუმინეთი) წყვილს სძლია - 6:2, 7:5. მეორე წრეში მე-2 ნომრად განთესილ იაპონელებს - აკარი ინოესა და კაორი ონიშის შეხვდება.

ჭალაგანიძე-ზეინერ სარიკამის (თურქეთი) წყვილი ბასაკ ერაიდინთან (თურქეთი) და იანა სიზიკოვასთან (თურქეთი) დამარცხდა - 2:6, 1:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული