ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიანტი ანა ტატიშვილი 11 საფეხურით ჩამოქვეითდა და დღეს 84-ე (იყო 73-ე) პოზიციაზეა, რასაც, ცხადია, კატასტროფა არ ეთქმის, მაგრამ მოახლოებული თამაშების წინ მთლად სასურველი მაინც ვერ არის, რადგან "ლონდონი 2012"-ის წილისყრისას (26 ივლისს) განთესვა 23 ივლისის კლასიფიკაციით მოხდება.
როგორც აღვნიშნეთ, ანა 792 ქულით 84-ეა. პოზიციები დათმო მეორე ლიცენზიანტმა მარგალიტა ჩახნაშვილმაც - 240
ეს კვირაც საინტერესო შეჯიბრებებით იქნება დატვირთული. ბაქოს 220 000-იან ტურნირში (დირექტორი - საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხი) ვერ ითამაშებს ანა ტატიშვილი, რადგან იგი ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. აზერბაიჯანის დედაქალაქში "ველური ბარათითაა" დაშვებული ეკატერინე გორგოძე.
ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა 100 000-იან ტურნირს მასპინძლობს. იქ საკვალიფიკაციოდან აიღო სტარტი სოფიო შაფათავამ, რომელიც მე-6 ნომრად იყო განთესილი.
პირველ წრეში რუს საბინა კურბანოვას სძლია - 6:2, 6:2, შემდეგ იაპონელი მაკოტო ნინომია ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:0, ფინალში კი მე-3 ნომრად განთესილ ნადია კიჩენოკის დასამარცხებლად სამი სეტი დასჭირდა - 5:7, 6:1, 6:4. ძირითად ბადეში იგი მე-5 ნომრად განთესილ კურუმი ნარას (იაპონია) დაუპირისპირდება.
პირდაპირ ძირითად ბადეში დაუშვეს თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა. იგი I წრეში თურქ კაგლა ბუიუკაკჩაის გაუწევს მეტოქეობას. წყვილთა შეჯიბრებაში ოქსანა რუს მარტა სიროტკინასთან ერთად ჩაება და პირველ წრეში ეკატერინა კლუევას და ანასტასია ეპიშინას (ორივე - ყაზახეთი) დუეტს აჯობა - 6:2, 6:1. ოქსანასა და მარტას მეოთხედფინალშიც ანა დანილინას და ზალინა ხაირუტდინოვას ყაზახური წყვილი ელოდება.
იზმირის (თურქეთი) 10 000-იანი ტურნირის კვალიფიკაციაში ჩაება თამარ ჭალაგანიძე, რომელმაც პირველ წრეში მასპინძელი ისილ ილერი დაამარცხა - 6:1. 6:2, მეორეშიც თურქ სენა ლარა ნურალის სძლია - 6:0, 6:1 და ძირითად ბადეში მოხვდა, სადაც ბელგიელ კატერინა ჩანტრაისთან გაარკვევს ურთიერთობას. ნათია გეგია კი მე-8 ნომრად განთესილ იტალიელ ლინდა მაირს შეხვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"