ევროპის პირველობის მესამე წრეში მხოლოდ ორმა ქართველმა ჩოგბურთელმა გააღწია

AutoSharing Option
ახალგაზრდა ჩოგბურთელთა ევროპის პირველობები 1976 წლიდან იღებს სათავეს. სხვადასხვა დროს აქ მედლებისთვის უბრძოლიათ შემდგომში ისეთ სახელოვან სპორტსმენებს, როგორებიც იყვნენ შტეფი გრაფი, მარტინა ჰინგისი, მონიკა სელეში, მანუელა მალეევა, ივან ლენდლი, ევგენი კაფელნიკოვი და სხვები.

ქართველებსაც არაერთხელ მოუსინჯავთ ძალები და წარმატებითაც. 1982 წელს ბუდაპეშტში 14-წლიანების ერთეულთა ფინალში გერმანელმა გრაფმა ჩეხოსლოვაკიელ ნიკოლოვას სამ სეტში სძლია - 1:6, 6:2, 11:9.

სამაგიეროდ, ნიკოლოვა-ნოვოტინას დუეტმა წყვილთა პაექრობაში ასტაფიევა და ლეილა მესხი დაამარცხა - 6:4, 6:1. იმავე წელს ჰოლანდიელებმა - კოევარგანსმა და ვისერსმა ფინალში გაბრიჭიძე-კროჩკოს (სსრკ) წყვილს
აჯობეს - 6:4, 6:1.

ორი წლის შემდეგ ბელგიაში 16-წლიანთა შორის გაბრიჭიძე-კროჩკოს წყვილმა კვლავ იმავე ანგარიშით წააგო გადამწყვეტი ორთაბრძოლა ბალდონი-კამპორესეს (იტალია) დუეტთან და მეორე ადგილს დასჯერდა.

ასევე, 16-წლიანებში, ოღონდ 1985 წელს, საფრანგეთში კაჭარავამ და ჩერკასოვმა (სსრკ) ფინალში ჰენრიქსონი და ვენბერგი (შვედეთი) დაამარცხეს - 3:6, 6:1, 6:4 და პირველი ადგილი დაიკავეს. 18-წლიანებში მეორე ადგილს დასჯერდა ლეილა მესხი, რომელმაც ფინალური პაექრობა დათმო ჩეხოსლოვაკიელ პოლიკოვასთან.

მესხმა მომდევნო წელსაც წააგო ერთეულთა თანრიგი ლისაბონში, ისევ ჩეხოსლოვაკიელ ზრუბაკოვასთან - 1:6, 6:4, 2:6. სამაგიეროდ, ქართველმა ჩოგბურთელმა მანიუკოვასთან ერთად წყვილებში აიღო რევანში - ფინალურ შეხვედრაში ზრუბაკოვა-რაიჩრტოვას დუეტს სძლია - 6:3, 6:4.

მესხის შედეგი 2007 წელს ავსტრიაში თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ გაიმეორა: ერთეულთა თანრიგში შვეიცარიელ ფოგელთან ფინალი 4:6, 2:6 დათმო, წყვილებში კი ლიხტენშტეინელ ფოგთთან ერთად ფოგელსა და რაინერს უგებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პირველ სეტში ანგარიში გახდა 4:1, შვეიცარიელებმა ბრძოლა შეწყვიტეს და ოქსანამ მეწყვილესთან ერთად ჩემპიონობა მოიპოვა. 2001 წელს სან-რემოში (იტალია) 14-წლიანების პირველობაზე ყავლაშვილმა და მიქაძემ წყვილთა ფინალური ორთაბრძოლა გაიდაშოვა-იურიკოვას (სლოვაკეთი) დუეტთან წააგეს და მეორე ადგილს დასჯერდნენ.

წლევანდელ ევროპის პირველობებში 6-6 ქართველი გოგონა და ვაჟი მონაწილეობს. 14-წლიანებს ჩეხური პლზენი მასპინძლობს.

ვაჟებში ირაკლი მეტრეველმა პირველი შეხვედრა კონსტანტინოს ხრისტოფორუს (კვიპროსი) მოუგო 6:2, 0:6, 6:4, მეორეში კი უნგრელ აკოშ კოტორმანთან დამარცხდა - 2:6, 6:4, 2:6. პირველივე ორთაბრძოლა დათმო ზურაბ ტყემალაძემ გერმანელ ტიმ რულთან - 2:6, 1:6.

ამავე ასაკის გოგონებში წარმატებით აიღო სტარტი მარიამ ბოლქვაძემ: ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი ესტონელი ვალერია გოლატსი დაჯაბნა - 6:3, 6:2. მესამეში მე-5 ნომრად განთესილ ვიქტორია კუზმოვას (სლოვაკეთი) დაუპირისპირდება. ანა ახალკაცმა სტარტზევე ჩეხ მარია ბოჟკოვასთან წააგო - 2:6, 1:6.

16-წლიანებმა მოსკოვში მოიყარეს თავი. ვაჟებში ალექსანდრე ბაკში პირველსავე წრეში დანებდა ჰოლანდიელ ლარს დე ბოერს - 6:1, 2:6, 2:6. შოთა მეფარიძემ მხოლოდ ერთი წრე გაიარა ბერძენ დიმიტრიოს სკალიდაკისის ძლევით - 6:4, 6:4, ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი შვედი ელის იმერის წინააღმდეგობა ვერ დაძლია და წაგებულმა დატოვა კორტი - 3:6, 1:6.

გოგონებში თამარ კუტუბიძემ ვერაფერი მოუხერხა დარტა-ელიზაბეტ ემულინას (ლატვია) 1:6, 2:6. ასევე, პირველივე შეხვედრა წააგო ეკატერინე ლასარეიშვილმა პოლონელ მარტა კოვალსკასთან - 3:6, 5:7.

18-წლიანები შვეიცარიაში ასპარეზობენ. მიხეილ ხმიადაშვილი პირველსავე წრეში იოლად დანებდა ორ რამ-ჰარელს - 1:6, 0:6. გიორგი ჯავახიშვილმა პირველ წრეში ხორვატ ტინ ოსტიჩს მოუგო - 7:6, 6:3, მაგრამ მეორეში ბელგიელმა იერონ ვანესტემ აჯობა - 6:2, 6:2. ანი გოგვაძე პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი სლოვენიელ ევა ზაგორაცთან დამარცხდა - 0:6, 2:6.

აი, ბარბარე ერისთავმა კი ლიტველი აგნე კეპელიტე დაამარცხა 2:6, 6:4, 6:2 და მესამე წრეში მე-7 ნომრად განთესილ ოლგა დოროშინას (რუსეთი) დაუპირისპირდება.

ფაქტია, რომ 14-16-18-წლამდელთა ევროპის პირველობის ერთეულთა თანრიგში 10 ქართველი ჩოგბურთელი სცდიდა ძალებს და მესამე წრეში მხოლოდ ბოლქვაძე და ერისთავი ითამაშებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული