სოფიო შაფათავა ასტანაში ფავორიტებს არ ინდობს

AutoSharing Option
ასტანაში დასასრულს უახლოვდება ჩოგბურთელ ქალთა 100 000-იანი საერთაშორისო ტურნირი. ერთეულთა თანრიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება შეჯიბრებაში სოფიო შაფათავა, რომელმაც ზედიზედ სძლია რუს საბინა ყურბანოვას (6:2, 6:2), იაპონელ მაკოტო ნინომიას (6:2, 7:6), უკრაინელ ნადია კიჩენოკს (5:7, 6:1, 6:4) და ძირითად ბადეში გავიდა.

იქ ჯერ მე-5 ნომრად განთესილ იაპონელ კურუმი ნარას აჯობა (7:5, 6:2), მეორე წრეში ნადია კიჩენოკის დას - ლუდმილას სძლია - 6:3, 6:4, მეოთხედფინალში მე-4 ნომრად გერმანელს - დინაჰ პრიზენმაიერს დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:4, 7:5 და ნახევარფინალში გავიდა (რისთვისაც 70 სარეიტინგო
ქულა დაიმსახურა), სადაც ტურნირის მე-8 ნომერი, რუსი მარტა სიროტკინა ელოდება.

ეს უკანასკნელი წყვილებში თბილისელ ოქსანა კალაშნიკოვასთან ერთად სცდის ძალებს და უკვე ფინალშია.

პირველი წრე: კალაშნიკოვა, სიროტკინა - ეკატერინა კლუევა, ანასტასია ეპიშინა (ყაზახეთი) - 6:2, 6:1. მეოთხედფინალი: კალაშნიკოვა, სიროტკინა - ანა დანილინა, ზალინა ხაირუდინოვა (ყაზახეთი) - 6:1, 6:2. ნახევარფინალი: კალაშნიკოვა, სიროტკინა - კატრინ ვოერლი (გერმანია), სტეფანი ფორეზ გაკონი (საფრანგეთი) - 3:6, 6:3, 10:7.

გადამწყვეტ შეხვედრაში კალაშნიკოვა და სიროტკინა პირველ ნომრად განთესილი დების - ლუდმილა და ნადია კიჩენოკების დუეტს დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება კალაშნიკოვას ერთეულთა თანრიგში გამოსვლას, თბილისელმა ჩოგბურთელმა პირველივე ორთაბრძოლა კაგლა ბუიუკაკჩაისთან (თურქეთი) დათმო - 4:6, 4:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული