ანა ტატიშვილმა ცინცინატში მეწყვილეს ვერ აჯობა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ცინცინატის (აშშ) ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 168 400 დოლარი) ძირითად ბადეში სერბი ანა ივანოვიჩის ავადმყოფობის გამო იღბლიანი წაგებულის სტატუსით მოხვდა. ამის მიუხედავად, ჩვენებურმა ასპარეზობის სტარტზე მსოფლიო რეიტინგით 31-ე ადგილზე მყოფი ჩეხი კლარა ზაკოპალოვა ჩამოიშორა გზიდან. მეორე წრეში იგი ნადია პეტროვას მძლეველ ეკატერინა მაკაროვას (რუსეთი) დაუპირისპირდა.

საინტერესო ის არის, რომ მაკაროვა ტატიშვილის მეწყვილეა. მათმა დუეტმა პირველ წრეში ბეტანი მატეკ-სანდსსა (აშშ) და სანია მირზას (ინდოეთი) სამ სეტში სძლია - 2:6, 6:1, 10:8 და მეორე წრეში გავიდა,
სადაც სლოვენიელ კატერინა სრებოტნიკისა და ჩინელი ცზიე ჟენგის წყვილს გაუწევს მეტოქეობას.

ტატიშვილს სრებოტნიკთან ლონდონის ოლიმპიურ ტურნირზე (მაკა ჩახნაშვილთან ერთად) მარცხისთვის რევანში აქვს ასაღები.

ახლა ანას და მისი მეწყვილის გუშინდელ პაექრობას დავუბრუნდეთ: მაკაროვამ პირველი სეტი ძალების დაუძაბავად მოიგო 6:1. მეორეში ქართველმა ჩოგბურთელმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა. 2:2-ზე ანა თავისი მოწოდებისას 40:15-ს იგებდა, მაგრამ მაინც დათმო ის გეიმი. მერეც ვეღარ იყოჩაღა და მეორე ხელი 2:6 დათმო.

მარცხის მიუხედავად, ტატიშვილმა ცინცინატში 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა: 20 - საკვალიფიკაციო ეტაპზე, 70-იც ძირითადი ბადის მე-2 წრეში გასვლისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული