27 აგვისტოს მან წარმატებით აიღო სტარტი აშშ-ს ღია პირველობაზე. მისი მეტოქე იყო რეიტინგით 86-ე ადგილზე მყოფი 31 წლის ფრანგი სტეფანი ფორეც გაკონი, რომელმაც ჩვენებურს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 2:6, 0:6 დამარცხდა.
ამ წარმატებისთვის ტატიშვილმა 100 ქულა დაიმსახურა. მეორე წრეში იგი მე-16 ნომრად განთესილ გერმანელ საბინ ლისიცკისა (23) და რუმინელ სორანა კირსტეას (38) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ანას სავარაუდო მეტოქეთა პაექრობაში პირველი სეტი ლისიცკიმ 6:4 მოიგო, მეორეში რუმინელმა რევანში
წინა კვირას ჰოლანდიური ენსხუდეს ქალთა 10 000-იან ტურნირში წარმატებით ითამაშეს ეკატერინე გორგოძემ და სოფიო ქვაცაბაიამ. წყვილთა პაექრობის ფინალში ჩვენებურებმა, რომლებიც მე-2 ნომრად იყვნენ განთესილები, პირველ ნომერ მასპინძლებს - კიმ კილსდონკსა და ნიკოლე ვან უიტერტს აჯობეს - 6:4, 1:6, 10:6.
ქართველი ჩოგბურთელები ერთეულებშიც ცდიდნენ ძალებს. ქვაცაბაიამ ზედიზედ სძლია ფრანგ კამილე ჩელის (6:0, 6:0), ჰოლანდიელ ლისან ვან რიეტსა (6:2, 6:1) და მის თანამემამულე ნიკოლე ვან უიტერტს (6:4, 6:1), რომელმაც პირველ წრეში გორგოძეს აჯობა - 6:4, 3:6, 6:1. ნახევარფინალში ქვაცაბაია მე-7 ნომრად განთესილ ბელგიელს - ელინ ბოიკენსს დანებდა - 6:4, 5:7, 2:6.
ქვაცაბაია და გორგოძე ტიტების ქვეყანაშივე დარჩნენ და როტერდამის 10 000-იან ტურნირში ჩაებმებიან. ქვაცაბაია აქაც მე-3 ნომრადაა განთესილი და პირველი წრის მეტოქეს საკვალიფიკაციო ბადიდან ელის, გორგოძე კი ასპარეზობის სტარტზე მასპინძელ ლისან ვან რიეტთან გაარკვევს ურთიერთობას.
ჩვენებურთა დუეტი წყვილთა პაექრობაში აქაც მეორე ნომერია და პირველ წრეში ბეატრის კედერმარკს და მატილდა ჰამლინს (შვედეთი) შეხვდება.
თურქული გაზიანთეფის 10 000-იან ტურნირში გამოცდის ძალებს თამარ ჭალაგანიძე. პირველ წრეში მას მეტოქეობას გაუწევს ჩეხი ნიკოლა ჰორაკოვა. ქართველი ჩოგბურთელი წყვილებში ინდოელ ანუშკა ბშარგავასთან ერთად დიდ ბრიტანელებთან - ლაურა დეიგმანსა და ფრანჩესკე სტერჰენსონთან გაარკვევს ურთიერთობას.
იტალიაში 10 000-იან ტურნირზე გამოდის მაკა ჩახნაშვილი. იგი მე-5 ნომერია და ასპარეზობის სტარტზე კოლუმბიელ იულიანა ლიზარაზის შეხვდება.
რუმინული 25 000-იანი ტურნირი შეარჩია საასპარეზოდ სოფიო შაფათავამ, რომელსაც პირველ წრეში ძირითად ბადეში კვალიფიკაციიდან მოხვედრილი მასპინძელი ალექსანდრა დამაშინი გაუწევს მეტოქეობას.
წყვილებში, უკრაინელ ტატიანა არეფიევასთან ერთად, შეჯიბრებაზე ველური ბარათით მოხვედრილ მასპინძლებს ჟასმინე მარია კოტეანუსა და ადელინა გეორგიანა ლირანს ეთამაშება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"